დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.02.2021
საქმის ნომერი
2კ-40-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140141121004277738

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№401-21 19 თებერვალი, 2021 წელი

ნ–ი მ., 401-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ნ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ–ს საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით მ. ნ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა ზ. ნ–ს სახელით ყალბი დოკუმენტის შედგენისა და მისი გამოყენებით სს „ლიბერთი ბანკის“ კუთვნილი 7800 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდების ეპიზოდში; მ. ნ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ. ნ–ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად. მსაჯვრდებულ მ. ნ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 12 თებერვლიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ნ–ს ადვოკატ ნ. ც–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

4. 2021 წლის 18 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ მ. ნ–ს პირადი საქმე, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.

5. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ნ–ს მიმართ დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, არ გავრცელდა ამნისტია.

6. მსჯავრდებული მ. ნ–ი და მისი ადვოკატი ი. გ–ი საჩივრით ითხოვენ მ. ნ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას იმ მოტივით, რომ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას შეეხო მითითებული კანონით გათვალისწინებული შეღავათი, ხოლო „ა“ ქვეპუნქტს - არა, მაგრამ აღნიშნული უნდა განიმარტოს მსჯავრდებულის სასარგებლოდ, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე და მას უნდა გაუნახევრდეს შეფარდებული სასჯელი. ამასთან, დაცვის მხარეს წარმოდგენილი აქვს დაზარალებულის დადებითი წერილობითი პოზიცია ზიანის ანაზღაურებასა და ამნისტიის გავრცელებასთან მიმართებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. ნ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, რომელთაგან „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ „ბ“ ქვეპუნქტზე, მაგრამ ვინაიდან, მას სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის - ერთიანი სასჯელის სახით, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება.

4. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს: იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ მ. ნ–ს მიმართ არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ სიღრმისეულად იმსჯელოს იმ საკითხზე, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის აღსრულების წინაპირობებია - მიყენებული ზიანის ანაზღაურება და თითოეული დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე და რამდენად შესაძლოა სასამართლოში წარმოდგენილი დაზარალებულის განცხადება საფუძვლად დასდებოდა „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებას.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ნ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი