ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002992315
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№752აპ-20 25 თებერვალი, 2021 წელი
გ–ი გ., 752აპ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში; კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით - დაზარალებულ მ. ა–ის ჩვენებით, ამოცნობის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებით უტყუარად დგინდება მსჯავრდებულების მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა; დაზარალებულმა მ. ა–მ დაადასტურა მასზე ყაჩაღური თავდასხმისა და კუთვნილი ,,მარიხუანისა“ და სხვა ნივთების გატაცება; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობა; მოწმე თ. ი–მ ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს და არ დაადასტურა გამოძიებაში, გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია, მაგრამ სასამართლოს შეეძლო გამამტყუნებელი განაჩენისთვის საფუძვლად დაედო თ. ი–ს მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობა, რომლის კანონიერება საეჭვოდ არ გამხდარა; ასევე იცრუა სასამართლოში მოწმე ე. ი–მ, რომელმაც უარყო გამოძიებისათვის მიცემული განმარტებები; გ. გ–ის და რ. კ–ის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“, ხოლო რ. ა–ს ავტომანქანის ჩხრეკისას - დანა, რომელზეც აღმოჩენილია დაზარალებულ მ. ა–ის სისხლი; ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზით ირკვევა, რომ დაზარალებულისა და მსჯავრდებულების ტანისამოსის ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარეობითი კუთვნილება.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, გ. გ–ს, რ. ა–ესა და რ. კ–ს ბრალად დაედოთ: ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, რ. ა–ე, რ. კ–ე და გ. გ–ი წინასწარი შეთანხმებით, დანით შეიარაღებულები მივიდნენ ........ის მუნიციპალიტეტის სოფელ .......ში მდებარე მ. ა–ის საცხოვრებელ სახლში, რომლის მეორე სართულზე არსებულ მისაღებ ოთახში წააქციეს მ. ა–ე და დანის გამოყენებით მიაყენეს დაზიანებები, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს დაზარალებულის მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალება -„მარიხუანა“.
- 2019 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, რ. ა–ე, გ. გ–ი და რ. კ–ე .......ის მუნიციპალიტეტის სოფელ .....ში მდებარე მ. ა–ის საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით თავს დაესხნენ მ. ა–ეს, წააქციეს იგი იატაკზე და დანის გამოყენებით მიაყენეს დაზიანებები, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ 80 ლარს, ოქროს ძეწკვს, „აიფონ იქს მაქსის“, „სამსუნგ ალფა 5-ისა“ და „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონებსა და ერთ შეკვრა სიგარეტ „პარლამენტს“.
3. გ. გ–ს, რ. ა–ესა და რ. კ–ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:
- რ. ა–ე, - დაბადებული 1... წლის 21 აგვისტოს, - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; რ. ა–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 3 აპრილიდან;
- რ. კ–ე, - დაბადებული 1... წლის 26 ივლისს, - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; რ. კ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა - 6000 ლარი და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 6000 ლარი. რ. კ–ს სასჯელი აეთვალა - 2019 წლის 3 აპრილიდან;
- გ. გ–ი, - დაბადებული 1997 წლის 11 მარტს, - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; გ. გ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 3 აპრილიდან.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ–მა, რ. ა–ემ და რ. კ–ემ ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, რ. ა–ემ, გ. გ–მა და რ. კ–ემ ......ის მუნიციპალიტეტის სოფელ ......ში მდებარე მ. ა–ის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას მ. ა–ეს ჯგუფურად სცემეს, მიაყენეს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა, მსჯავრდებულების - რ. კ–ისა და რ. ა–ს ადვოკატმა - დ. ჯ–მ და მსჯავრდებულ გ. გ–ის ადვოკატმა მერი ცინარიძემ.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულ მ. ა–ისა და მოწმე თ. ი–ს ჩვენებები, სამედიცინო და ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ. გ–მა, რ. ა–ემ და რ. კ–ემ ნამდვილად ჩაიდინეს გასაჩივრებული განაჩენით მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად.
3. ბრალდების მხარე სადავოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გ. გ–ი, რ. ა–ე და რ. კ–ე, ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ, ხოლო, მეორე მხრივ, მათი ქმედებები, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
4. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა, რომ მსჯავრდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალად წარდგენილი დანაშაული. საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ბრალდების მხარემ ცალსახად ვერ დაადასტურა გ. გ–ის, რ. ა–სა და რ. კ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ვინაიდან, ერთი მხრივ, არ არის წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა პირთა მსჯავრდებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, ბრალდების შესახებ დადგენილებითაც კი სარწმუნოდ ვერ დგინდება დანაშაულის ობიექტური შემადგენლობისათვის სავალდებულო ელემენტის - შესაძლო მისაკუთრებული ნივთის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობა.
5. ყაჩაღობის ბრალდებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლოსთვის საყურადღებოა დაზარალებულ მ. ა–ის ჩვენება, რომელიც ამხელს მსჯავრდებულებს თავდასხმასა და სხვადასხვა ნივთის გატაცებაში. ასევე საყურადღებოა დაზარალებულის მიერ დასახელებული დანაშაულის თვითმხილველი მოწმის - თ. ი–ს ჩვენება, რომელიც შეესწრო დანაშაულს და, როგორც წესი, მთლიანად უნდა დაედასტურებინა დაზარალებულის მონათხრობი, მაგრამ მან სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა დაზარალებულზე მხოლოდ ფიზიკური ძალადობა და არაფერი უთქვამს თავდასხმასა და ნივთების გატაცებაზე. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, რისი მხედველობაში მიღებით, უნდა აღინიშნოს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს სასამართლომ უნდა გამოიყენოს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ამდენად, შეუძლებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების (ამოცნობის) ოქმი, რომლის სისწორე და კანონთან შესაბამისობა მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა. ბრალდების მხარის პოზიციებს ასევე ასუსტებს საპირწონე მტკიცებულებად წარმოდგენილი აუდიოჩანაწერი, რომლითაც საეჭვო ხდება დაზარალებულის პირვანდელი მტკიცება; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებებიდან ნაწილი ირიბია, ხოლო ნაწილი - კონკრეტულად ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არაფრისმომცემი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ გ. გ–ის, რ. ა–სა და რ. კ–ის ქმედებებში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია განსახილველ საქმეზე დაზარალებულ მ. ა–ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მსჯავრდებულების - გ. გ–ის, რ. ა–სა და რ. კ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების თაობაზე.
7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. გ–ის, რ. ა–სა და რ. კ–ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო დანიშნული სასჯელები - სამართლიანი; ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად (უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია), გ. გ–ი, რ. ა–ე და რ. კ–ე უნდა გათავისუფლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სამივე მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი აეთვალა 2019 წლის 3 აპრილიდან და დღეის მდგომარეობით მოხდილია.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. კ–ე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად უნდა თავისუფლდეს იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე), უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 6000 ლარი ჯარიმის - მოხდისაგან, რომელიც, საქმის მასალების მიხედვით, არ არის აღსრულებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულების სასარგებლოდ, კერძოდ:
3. რ. ა–ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და შეფარდებული სასჯელის - 9 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან;
4. გ. გ–ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და შეფარდებული სასჯელის - 9 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან;
5. რ. კ–ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და შეფარდებული სასჯელის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან;
6. რ. კ–ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 6000 ლარი ჯარიმის - მოხდისაგან;
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი