შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 06.05.2020
საქმის ნომერი
2კ-869აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.05.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №869აპ-19 თბილისი

ბ-ი კ., 869აპ-19 6 მაისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას,პროკურორ - ქეთევან გურაშვილის,ადვოკატ - რ-ს,მსჯავრდებულ - კ. ბ-ის

მონაწილეობით დისტანციურად განიხილა მსჯავრდებულ კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბრალდებების შესახებ დადგენილებების თანახმად, კ. ბ-ს ბრალი დაედო:

§ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;

§ პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენასა და შენახვაში, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;

§ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევი კ. ბ-ი 2017 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში, თ-ში, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: 0,000125 გრამ „ამფეტამინსა“ და 0,000034 გრამ „მეტამფეტამინს“;

ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევი კ. ბ-ი 2017 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში, თ-ში, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ მცირე ოდენობით - 0,000055 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“;

ü კ. ბ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც უკანონოდ ატარებდა, კერძოდ: 2017 წლის 14 ნოემბერს თ-ის მიმდებარედ, კ. ბ-ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ 9 მმ კალიბრიან, ქარხნული წესით დამზადებულ, „ბერეტა-MOD.8000-ის“ მოდელის პისტოლეტსა და 11 ვაზნას. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი №-- იარაღი წარმოადგენს 9 მმ კალიბრიან, ქარხნული წესით დამზადებულ, „ბერეტა-MOD.8000-ის“ მოდელის პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 11 ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ კალიბრიანი „პარაბელუმის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნას და განკუთვნილია ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინებისა და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის (მათ შორის ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი №- პისტოლეტისთვის). აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განაჩენით:

· კ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში;

· კ. ბ-ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებული სასჯელიდან დაემატა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - სრულად შთანთქა და დანაშაულთა ერთობლიობით კ. ბ-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ბ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2019 წლის 7 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 17 თებერვლიდან იმავე წლის 27 თებერვლისა და 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით;

· კ. ბ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

4. განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

ü კ. ბ-ი 2017 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში, თ-ში, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: 0,000125 გრამ „ამფეტამინსა“ და 0,000034 გრამ „მეტამფეტამინს“;

ü კ. ბ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც უკანონოდ ატარებდა, კერძოდ: 2017 წლის 14 ნოემბერს თ-ის მიმდებარედ, კ. ბ-ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ 9 მმ კალიბრიან, ქარხნული წესით დამზადებულ, „ბერეტა-MOD.8000-ის“ მოდელის პისტოლეტსა და 11 ვაზნას. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი №- იარაღი წარმოადგენს 9 მმ კალიბრიან, ქარხნული წესით დამზადებულ, „ბერეტა-MOD.8000-ის“ მოდელის პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 11 ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ კალიბრიანი „პარაბელუმის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნას და განკუთვნილია ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინებისა და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის (მათ შორის ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი №- პისტოლეტისთვის). აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ბ-ის ადვოკატმა ი. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კ. ბ-ის სრულად გამართლება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

· კ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში;

· კ. ბ-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით კ. ბ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ბ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2019 წლის 7 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 17 თებერვლიდან იმავე წლის 27 თებერვლისა და 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ბ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და სრულად გამართლებას.

8. აღნიშნული განაჩენი ასევე გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და კ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით.

9. 2020 წლის 22 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა მომართა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით, რომლითაც ითხოვს მასა და მსჯავრდებულ კ. ბ-ს შორის 2020 წლის 10 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შემდეგი პირობით: კ. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 40000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით კ. ბ-ს განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 40000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით მისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 10 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ბ-ს მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 40000 ლარი.

10. წარმოდგენილი შუამდგომლობით პროკურორი ასევე ითხოვს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი კ. ბ-ის მიმართ უცვლელად დარჩეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებების გამართლების ნაწილში.

11. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობისა და საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე ოქმის თანახმად, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა მხედველობაში მიიღო: ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, ასევე ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა კ. ბ-მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა ბრალის აღიარებით, სასჯელზე შეთანხმებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ და 2020 წლის 10 აპრილს, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მასა და მსჯავრდებულ კ. ბ-ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მაისის სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა, მსჯავრდებულმა კ. ბ-მა და მისმა ადვოკატმა რ-მ.

14. ამასთან, პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა თავის საკასაციო საჩივართან მიმართებით დააზუსტა მოთხოვნა და იშუამდგომლა, რომ არ იქნეს განხილული საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე კ. ბ-ის მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საპროცესო შეთანხმება პროკურორ ქეთევან გურაშვილსა და მსჯავრდებულ კ. ბ-ს შორის უნდა დამტკიცდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: კ. ბ-ის დაკავების, პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, ექსპერტიზების დასკვნებით, მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დადასტურებულია კ. ბ-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ კ. ბ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. საკასაციო პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული კ. ბ-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

4. მსჯავრდებულისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

6. ამდენად, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის შუამდგომლობა მასა და მსჯავრდებულ კ. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. რაც შეეხება თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის უარს თავის საკასაციო საჩივარზე, რომლითაც ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და კ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი; ამდენად, პროკურორ ქეთევან გურაშვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით, 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის შუამდგომლობა;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

· დამტკიცდეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილსა და მსჯავრდებულ კ. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

· კ. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) და მიესაჯოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· კ. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) და მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 40000 ლარი;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით კ. ბ-ს განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 40000 ლარი.

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით კ. ბ-ისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ბ-ს მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, - 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 40000 ლარი;

· კ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 7 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 17 თებერვლიდან იმავე წლის 27 თებერვლისა და 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენის გაუქმებისა და კ. ბ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით დამნაშავედ ცნობის შესახებ არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი