საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №210აპ-20 ქ. თბილისი
ს-ი ნ-ზ, 210აპ-20 15 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ანა კალანდაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ს-ს, –ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ნ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
· 2018 წლის 12 ნოემბერს, დილის საათებში, ქ. თ-ში, ზ. ბ-ის ქ. №--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, უმნიშვნელო მიზეზით, მეუღლის მიმართ ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ნ. ს-მა 11 წლის არასრულწლოვან შვილს – მ. ს-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმავდროულად ხელი ჰკრა, ძირს დააგდო და სამჯერ ძლიერად დაარტყა თავში ხელი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენით ნ. ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. ზემოაღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის პროკურატურის პროკურორი ანა კალანდაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ნ. ს-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
7. არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მარინა საროიანმა და მოწმე შორენა მჭედლიშვილმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი, ხოლო მოწმეები – რ. გ., გ. ტ., ო. კ. და გ. გ. არ არიან ფაქტის შემსწრეები და მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება. რაც შეეხება მოწმეებს – მ. ს-სა და პ. მ-ს, მათ თავიანთი ჩვენებებით არ დაადასტურეს მამის მხრიდან არასრულწლოვან მარინა საროიანისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. ამდენად, უტყუარად არ დასტურდება ნ. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
8. სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ, ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №766აპ-19).
9. ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით – არასრულწლოვნებზე. ამიტომ სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ როდესაც საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი ოჯახის წევრი, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა მისი დასაბუთება არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე და 50-ე მუხლებით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და დაცულ იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების, ნორმალურ გარემოში ცხოვრებისა და განვითარების უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №628აპ-19).
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის, რომ ბრალდებულის ბრალეულობა არ იყოს დამოკიდებული მთლიანად ან უმეტესწილად დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრი მოწმეების მამხილებელ ჩვენებებზე, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ ანა კალანდაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე