დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№40I-20 ქ. თბილისი
გ. ბ., 40I-20 2 ოქტომბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. გ. (B. G.) და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ.-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:
2006 წლის 9 ნოემბერს თ.-ს რესპუბლიკის დენიზლის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ბ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თ.-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დაგეგმვით, მშობლის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ბ. გ. სრულად ესწრებოდა მის წინააღმდეგ საქმის სასამართლოში განხილვას.
2. 2008 წლის 20 მაისს თ.-ს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პირველი სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.
3. 2018 წლის 19 იანვარს თ.-ს რესპუბლიკის დენიზლის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ბრძანება ბ. გ.-ს დაკავების შესახებ.
4. 2019 წლის 22 ოქტომბერს გამოცხადდა ბ. გ.-ს ძებნა წითელი ცირკულარით.
5. ამასთან, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, ზემოაღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით ბ. გ. 2005 წლის 15 ივლისიდან მოთავსებული იყო თ.-ს რესპუბლიკის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, საიდანაც იგი გაიქცა 2018 წლის 19 იანვარს (აღნიშნული დანაშაულისათვის ექსტრადიცია არ იქნა მოთხოვნილი). ამავე შუამდგომლობის თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის №5275 კანონის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, თ.-ს რესპუბლიკის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მას მოსახდელად დარჩა 11 წლითა და 172 დღით თავისუფლების აღკვეთა, რის შემდეგაც მოიპოვებს პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებას.
6. თ.-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ბ. გ.-ს მიერ თ.-ს რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მ. გ.-ს სიკვდილი მატერიალურად ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა მისი შვილის – ბ. გ.-ს და მეუღლის – ა. გ.-ს, რასთან დაკავშირებითაც მოცემული პირები დაუკავშირდნენ დ. ჩ.-ს და მ. გ.-ს მკვლელობის სანაცვლოდ, შესთავაზეს გარკვეული რაოდენობის თანხა და უძრავი ქონება, რასაც დ. ჩ. დასთანხმდა. აღნიშნულის შემდეგ ბ. გ.-მ, ა. გ.-მ და დ. ჩ.-მ არაერთი კომუნიკაციის შედეგად შეიმუშავეს მ. გ.-ს მკვლელობის გეგმა და შეთანხმდნენ, რომ მ. გ. თავისი სახლიდან მოტყუებით ისეთ ტერიტორიაზე გაეყვანათ, სადაც თავისუფლად განახორციელებდნენ ჩანაფიქრს. ამ მიზნით დ. ჩ., მ. გ.-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თითქოსდა შესყიდვის მიზნით, შეხვდებოდა მ. გ.-ს და მას ავტომანქანით წაიყვანდა ბ.-ს რაიონში, მითითებული უძრავი ქონების დასათვალიერებლად და ფასზე მოსალაპარაკებლად.
შემთხვევის დღეს, 2005 წლის 21 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მ. გ., ა. გ., დ. ჩ. და გამოძიებით დაუდგენელი პირი – ვინმე ჰ. ს., დ. ჩ.-ს ავტომანქანით გაემგზავრნენ ბ.-ს რაიონში. ავტომანქანით გადაადგილებისას დ. ჩ.-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით მ. გ.-ს ერთხელ ესროლა თავის არეში და დაჭრა, რის შემდეგაც გააჩერა ავტომანქანა, გადმოიყვანა დაჭრილი მ. გ. და დამატებით რამდენჯერმე ესროლა. აღნიშნულის შემდეგ ხსენებულმა პირებმა ცხედარი დატოვეს ბ.-ს რაიონში მდებარე ქ.-ს სოფლის ტერიტორიაზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
7. აღწერილი ქმედება დასჯადია თ.-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დაგეგმვით, მშობლის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, მოცემული დანაშაულისათვის ბ. გ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
8. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 25-ე,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (შეკვეთით ჩადენილი განზრახ მკვლელობის წაქეზება), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
9. 2020 წლის 23 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ექსტრადიციის მიზნით დააკავეს ბ. გ.
10. 2020 წლის 26 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ბ. გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
11. 2020 წლის 26 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ბ. გ.-ს ექსტრადიციის თაობაზე თ.-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
12. 2020 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბ. გ.-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2020 წლის 23 აგვისტომდე.
13. 2020 წლის 13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბ. გ.-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2020 წლის 23 ნოემბრამდე.
14. ამჟამად ბ. გ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.
15. 2020 წლის 14 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ბ. გ.-ს თ.-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თ.-ს რესპუბლიკის დენიზლის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის განაჩენში და დასჯადია თ.-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დაგეგმვით, მშობლის მიმართ).
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით დასაშვებად ცნო ბ. გ.-ს თ.-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თ.-ს რესპუბლიკის დანიზლის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის განაჩენში და დასჯადია თ.-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დაგეგმვით, მშობლის მიმართ).
17. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ბ. გ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ბ. საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და თ.-ს რესპუბლიკაში ბ. გ.-ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას იმ მოტივით, რომ თ.-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მას დაემუქრება წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიკვდილის საშიშროება; 5 წლის წინ მოკლეს მისი დედა – ა. გ.; თ.-ს სახელმწიფოსათვის მისი გადაცემა სიკვდილით დასჯის ტოლფასი იქნება.
18. პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და ითხოვა ბ. გ.-ს თ.-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ბ. გ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2020 წლის 23 თებერვალს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ბ. გ.-ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თ.-ს რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ თ.-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ბ. გ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ან მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბ. გ. ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით 2005-2018 წლებში, 12 წელზე მეტი დროის განმავლობაში, პატიმრობაში იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში. ბ. გ.-ს ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია მის მიმართ საპატიმრო დაწესებულებაში ძალადობის ან/და არასათანადო მოპყრობის რაიმე ინციდენტის თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის თ.-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შესახებ.
6. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).
7. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბ. გ.-ს სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენებაც არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო, ვინაიდან მას სასჯელისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მიეცემა 11 წლისა და 172 დღის მოხდის შემდეგ. ამდენად, მის მიმართ გამოყენებული უვადო სასჯელი არ არის გადაჭარბებულად არაპროპორციული, უპირობო და ექვემდებარება გონივრულ დროში გადასინჯვას. ასეთ პირობებში კი უვადო თავისუფლების აღკვეთა არ წარმოშობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამობის საკითხს.
8. მხედველობაშია მისაღები თ.-ს რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თ.-ს რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თ.-ს რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
9. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ბ. გ.-ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ.-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა მისი ცალკეული უფლებები, მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმეშია თ.-ს რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ბ. გ. ისარგებლებს თ.-ს რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თ.-ს რესპუბლიკა.
10. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ბ. გ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ.-ს რესპუბლიკის მოქალაქე.
11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 7 მაისს ბ. გ.-ს კომპეტენტური ორგანოს მიერ უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე განცხადების განხილვაზე, რაც განპირობებული იყო აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. აღნიშნული გადაწყვეტილება ბ. გ.-ს არ გაუსაჩივრებია. ამდენად, იგი არ სარგებლობს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და მას საქართველოში თავშესაფარი არ გააჩნია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
12. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თ.-ს რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ბ. გ.-ს ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბ. გ.-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.
13. გარდა ამისა, დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც ბ. გ. მსჯავრდებულია თ.-ს რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. თ.-ს რესპუბლიკაში ბ. გ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა 2006 წლის 9 ნოემბერს. ამასთან, ზემოაღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით ბ. გ. 2005 წლის 15 ივლისიდან მოთავსებული იყო თ.-ს რესპუბლიკის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, საიდანაც იგი გაიქცა 2018 წლის 19 იანვარს. იმავე დღეს თ.-ს რესპუბლიკის დენიზლის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ბ. გ.-ს დაკავების ბრძანება. შესაბამისად, მოცემულ განაჩენთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. თ.-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული საექსტრადიციო მასალებისა და თ.-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბ. გ.-ს მიმართ გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 30 წლით და იგი გასული არ არის.
14. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ბ. გ.-მ 2020 წლის 7 აგვისტოს გასაუბრებისას განმარტა, თ.-ში ცხოვრობს მისი ორი ძმა, ხოლო საქართველოში – მისი პარტნიორი ქალი, რომელიც ჯერ „ა. გ.“ მოიხსენია, შემდეგ – „მ-ად“. როგორც ადვოკატმა განმარტა, მისთვის ცნობილია, რომ ბ. გ.-ს პარტნიორი ქალის გვარია „ვ“; ბ. გ.-ს თქმით, პარტნიორთან არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში, მაგრამ დაახლოებით წელიწად-ნახევარია, ერთად ცხოვრობენ თბილისში; მათ არ ჰყავთ შვილი, თუმცა პარტნიორ ქალს ჰყავს 22 წლის შვილი „--“, რომელიც დაოჯახებულია და ცალკე ცხოვრობს. ბ. გ.-ს განმარტებით, მის პარტნიორს აქვს თ.-ს რესპუბლიკაში ცხოვრების გამოცდილება, მაგრამ ვერ დაასახელა დროის კონკრეტული მონაკვეთები, როდესაც იგი ცხოვრობდა ამ სახელმწიფოში. ამასთან, ბ. გ.-მ ვერ გაიხსენა პარტნიორის საკონტაქტო მონაცემები.
15. ბ. გ.-ს მიერ პარტნიორი ქალისა და მისი შვილის შესახებ მითითებული დემოგრაფიული მონაცემებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზებში შესაბამისი პირები ვერ მოიძებნა.
16. გასათვალისწინებელია, რომ ბ. გ. საქართველოში იმყოფება 2018 წლის 19 იანვრიდან, მანამდე ის საქართველოში ნამყოფი არ იყო. მას არ აქვს საქართველოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრების გამოცდილება. თ.-ს რესპუბლიკაში ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები. ასეთ ვითარებაში ბ. გ.-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. გ.-ს თ.-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თ.-ს რესპუბლიკის დანიზლის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის განაჩენში და დასჯადია თ.-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დაგეგმვით, მშობლის მიმართ), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. გ.-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ.-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე