საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.03.2021
საქმის ნომერი
2კ-366აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე N366აპ-19. ქ. თბილისი

დ-ე დ-თ, 366აპ–19. 30 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიასა და დაზარალებულების – ს. გ-ისა და ფ. გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენზე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დ. დ-ე, –– გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; იგი დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე; 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 3 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დ. დ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენით შეიცვალა: დ. დ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე. დ. დ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დ. დ-ეს ბრალად დაედო: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხებით ჯგუფის მიერ და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; გამოძალვა, ე.ი. სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით; საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; დეზერტირობა, ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· უფროსი ლეიტენანტი დ. დ-ე 1999 წლის 5 თებერვლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საავიაციო ბაზის -- სამხედრო ნაწილში დაცვის ასეულის მეთაურად. 2002 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, გამოძიებით დაუდგენელ დროს, თავისი ძმის – გ. დ-ის მეშვეობით მას დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მარნეულის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ი. ჯ., რომელმაც შესთავაზა თავისი თანამშრომლის, უფროსი ლეიტენანტის – ფ. ს. ო. გ-ის გატაცება, შემდგომში მისი მამის – ს. გ-ისაგან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით.

· 2002 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, სუს-ის ოპერატიული თანამშრომელი ფ. გ-ი თავისი ავტომანქანით მიემართებოდა სახლისაკენ, რა დროსაც მას იძულებით ჩაუსხდნენ დ. დ-ე და გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელი პირი. დ. დ-ემ ფ. გ-ს მიადო დანა და აიძულა, ავტომანქანა წაეყვანა მის მიერ მითითებული გზით. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ გამტაცებლებმა ფ. გ-ს შეუკრეს ხელები, თვალებზე ჩამოაფარეს ქუდი და გადაიყვანეს ა/მანქანის უკანა სავარძელზე. გადაყვანის დროს ფ. გ-მა სცადა წინააღმდეგობის გაწევა, რა დროსაც დ. დ-ემ მას რამდენჯერმე განზრახ დაარტყა დანა. ავტომანქანაში ხელების შეკვრის დროს დ. დ-ემ ფ. გ-ს ჯიბეებიდან, მისაკუთრების მიზნით, ამოაცალა „სამსუნგის“ ფირმის, 600 მოდელის მობილური ტელეფონი და 40 ლარი, რითიც ჩაიდინა ძარცვა.

· გამტაცებლებმა ფ. გ-ი მიიყვანეს მარნეულში დისლოცირებული -- სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ქალაქში №-, სახლი №-, ბინა №-ში, სადაც 2003 წლის 6 იანვრამდე, 11 დღის განმავლობაში, მას უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი თავისუფლება. დ. დ-ე გატაცებულ ფ. გ-ის მამასთან – ს. გ-თან ფ. გ-ის ტელეფონით წარმართავდა მოლაპარაკებას თანხის გამოძალვის მიზნით. მან ს. გ-ს მოსთხოვა 80000 აშშ დოლარის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა შვილის მოკვლით.

· 2003 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ს. გ-მა გამტაცებლების მიერ მითითებულ ადგილზე – მ-ის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე ყოფილი ავტობაზრობის შესასვლელთან დატოვა 80000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც, 6 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ფ. გ-ი გაათავისუფლეს.

· დანაშაულის ჩადენის შემდეგ დ. დ-ე აღარ გამოცხადებულა სამხედრო ნაწილში, რითიც ჩაიდინა დეზერტირობა.

· საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა 2003 წლის 15 იანვარს დ. დ-ის საცხოვრებელ სახლში – მ-ის რაიონის სოფელ ო-ში და 16 იანვარს – მისავე საცხოვრებელ ბინაში, მისამართზე: სამხედრო ქალაქი №-, სახლი №-, ბინა №--ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც დ. დ-ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა და დაზარალებულებმა. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, დ. დ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება; ასევე – დ. დ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით – 5 წლითა და 3 თვით, ხოლო 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დ. დ-ისათვის სასჯელის საბოლოო ზომად 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

3. დაზარალებულები – ფ. გ-ი და ს. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ დ. დ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

5. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. დ-ის უდანაშაულობის შესახებ და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა დ. დ-ის მონაწილეობა ფ. გ-ისათვის თავისუფლების აღკვეთასა და გამოძალვაში. ვერცერთმა დაზარალებულმა ვერ დაადასტურა დ. დ-ის კავშირი მითითებულ დანაშაულებთან. ასევე, გამოძიებამ უტყუარად ვერ დაადგინა, თუ ვის ეკუთვნოდა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებული საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერებები.

7. საკასაციო სასამართლოს აზრით, ასევე დაუსაბუთებელია დაზარალებულების – ფ. და ს. გ-ების საკასაციო საჩივარი, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა დ. დ-ის ბრალეულობა მისთვის ინკრიმინირებულ დანაშაულთა ჩადენაში.

8. ასეთ მოცემულობაში, თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი – „in dubio pro reo“ ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №570აპ-16).

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ზაზა ცქვიტარიას, ასევე დაზარალებულების – ფ. გ-ისა და ს. გ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს 1998 წლის რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ზაზა ცქვიტარიას, ასევე დაზარალებულების – ფ. გ-ისა და ს. გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი