საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100120003473805
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №687აპ-20 ქ. თბილისი
ბ. ვ., 687აპ-20 2 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ვ. ბ-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებულის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი მოტივებით: ბრალდების მხარე აპელირებს მოწმე ლ. ნ-ს გამოკითხვის ოქმზე, რომლის მიხედვითაც, მან დაინახა ვ. ბ-ს მიერ ც. ლ-ს მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტი, რასაც ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ჩვენება არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. დაუშვებელია ვ. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მხოლოდ იმის გამო, რომ დაზარალებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გამართლებულის ბრალეულობას.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. ბ-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ვ. ბ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის 13 იანვარს, საღამოს საათებში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ვ. ბ-მ მეუღლეს – ც. ლ-ს, რომელთანაც იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, თავიანთი არასრულწლოვანი შვილების - ი. და გ. ბ-ს თანდასწრებით, თმაში ჩაავლო ხელი და მოქაჩა, შემდეგ ყელში წაუჭირა და ახრჩობდა. ამასთან, ერთხელ დაარტყა ხელი სახეში. აღნიშნული ძალადობის შედეგად ც. ლ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო ძალადობის შემსწრე არასრულწლოვნებმა - ი. და გ. ბ-ებმა - მორალური ზიანი.
- 2020 წლის 24 იანვარს, საღამოს საათებში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ვ. ბ-მ მეუღლეს – ც. ლ-ს, რომელთანაც იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, თავიანთი არასრულწლოვანი შვილების - ი. და გ ბ-ბის თანდასწრებით ფეხი დაარტყა მარჯვენა მუხლში, რის შემდეგ კვლავ შეეცადა მისთვის დაზიანების მიყენებას, თუმცა ადგილზე მყოფი ლ. ნ-ს ძალისხმევით განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. აღნიშნული ძალადობის შედეგად ც. ლ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო ძალადობის შემსწრე არასრულწლოვნებმა - ი. და გ. ბ-ბმა - მორალური ზიანი.
- ვ. ბ. და ც. ლ. იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2020 წლის 24 იანვარს, საღამოს საათებში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ვ. ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს – ც. ლ-ს და უთხრა, რომ მოკლავდა და აჩეხავდა დანით. ვ. ბ-ს მუქარა ც. ლ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 აპრილის განაჩენით ვ. ბ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გაქუმდა ვ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
გამართლებულ ვ. ბ-ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა ვ. ბ-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამართლებულის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ. ბ-ს ბრალეულობა ბრალად წარდგენილ ქმედებებში და მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ვ. ბ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, კერძოდ: დაზარალებულმა ც. ლ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა მეუღლის, ვ. ბ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ისევე როგორც ვ. ბ-ს შვილებმა - არასრულწლოვანმა მოწმეებმა - ი. ბ-მ და გ. ბ-მ და მამამ, ა. ბ-მ. რაც შეეხება მოწმე ლალი ნადარაიას გამოკითხვის ოქმს, რომელშიც, მართალია, იგი განმარტავს, რომ შეესწრო ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტს, მაგრამ მხოლოდ მისი ჩვენება საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, მითუფრო იმ გარემოების გათვალისიწნებით, რომ არასრულწლოვანი მოწმე - ნ. ჟ., რომელიც შემთხვევის დროს იმყოფებოდა ბებიასთან, ლ. ნ-სთან ერთად არ ადასტურებს ვ. ბ-ს მხრიდან ძალადობისა და მუქარის ფაქტს. ამასთან, საქმეზე არ არის ჩატარებული დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მუქარის ეპიზოდთან მიმართებით კი, ვინაიდან დაზარალებულმა ც. ლ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა ვ. ბ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, შეუძლებელია იმის დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების საუფძვლიანი შიში, რაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი