საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.03.2021
საქმის ნომერი
2კ-753აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100115001122363

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№753აპ-20 ქ. თბილისი

ბ. მ., 753აპ-20 22 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით ჭარბაძისა და მსჯავრდებულ მ. ბ-ს ადვოკატ - პ. ბ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დავით ჭარბაძემ და მსჯავრდებულ მ. ბ.ს ადვოკატმა პ. ბ-მ.

2. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და მ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი სასჯელის შეფარდებას; კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედება სამართლებრივად არასწორად შეაფასა, რადგან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ დგინდებოდა მ. ბ-ს მიერ ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

3. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა; სასამართლომ არ გამოიკვლია მოწმე ფ. ტ-ს გამოკითხვის ოქმი, სადაც იგი ამხელდა ფინანსურ პოლიციას ზეწოლაში; ასევე კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერი, რომელიც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს; ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ დანაშაულის პროვოკაციასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მაგრამ ფ. ტ-მ, რომელიც ესწრებოდა მ. ბ-ს, გ. ლ-სა და გ. ლ-ს შეხვედრებს, სასამართლოს მისცა ამომწურავი ჩვენება, რითაც გამორიცხა ქრთამის აღების ფაქტი.

4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ბ-ს ბრალად დაედო ქრთამის აღება, ესე იგი მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მიღება თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2012 წლის 1 აგვისტოს №... (...) ბრძანებით მ. ბ. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლისა და ა-ს ა/რ-ის მთავრობის 20... წლის 7 დეკემბრის №... დადგენილებით დამტკიცებული „ა-ს სატყეო სააგენტოს დებულების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, დაინიშნა ა.-ს სატყეო სააგენტოს შ-ს სატყეო ადმინისტრაციაში ჭ-ს სატყეოს უფროსის თანამდებობაზე და ითვლებოდა საჯარო მოხელედ. 2015 წლის 7 სექტემბერს ჭ-ს სატყეოს უფროსი მ. ბ. შეხვდა თავის ნაცნობებს - გ. ლ-სა და გ. ლ-ს. საუბარში მ. ბ-მ აუხსნა მათ, რომ იგი არის შ-ს სატყეო ადმინისტრაციის ჭ-ს სატყეო უბნის უფროსი და დაკავებული თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მის სამსახურებრივ ფუნქციას წარმოადგენს შ-ს მუნიციპალიტეტში, ჭ-ს ხეობის ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყის ფონდის დაცვა და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირება. მიუხედავად აღნიშნულისა, მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ ქრთამის სახით ფულის გადახდის შემთხვევაში, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე (შ-ს მუნიციპალიტეტში, ჭ-ს ხეობაში) მისი ნდობით აღჭურვილ პირებს დაამზადებინებდა დიდი რაოდენობით ხე-ტყის მასალას და აღნიშნული სამართალდარღვევისათვის არ მიიღებდა სათანადო ზომებს, ხოლო უკანონოდ გაჩეხილ ხე-ტყის მასალას გადაამუშავებდა და დახერხილ ხე-ტყის ფიცარს გადასცემდა ... ტერიტორიაზე გ. ლ-სა და გ. ლ-ს. ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვისა და ტრანსპორტირებისას, გზაზე მფარველობისათვის, მ. ბ-მ, დახერხილი ხე-ტყის ფიცრის ღირებულების გარდა, ქრთამის სახით დამატებით მოითხოვა ყოველ კუბურ მეტრზე მისთვის 20 ლარის გადაცემა. 2015 წლის 9 სექტემბერს ... ქუჩაზე, წინასწარ შეთანხმებისამებრ, მ. ბ. შეხვდა გ. ლ-სა და გ. ლ-ს. შეხვედრისას წინასწარი მოთხოვნის თანახმად, მ. ბ-მ ქრთამის სახით უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყის მასალის გადამუშავებისა და ტრანსპორტირების სანაცვლოდ გ. ლ-ს გამოართვა - 500 ლარი.

5. მ. ბ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით მ. ბ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა ჯარიმა - 5000 ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი. მასვე 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-მ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

- მ. ბ. იყო ა-ს სატყეო სააგენტოს შ-ს სატყეო ადმინისტრაციაში ჭ-ს სატყეოს უფროსი. ა-ს სატყეო სააგენტო დაყოფილია ტერიტორიულ ადმინისტრაციებად, მათ შორის, არის შ-ს ადმინისტრაცია, რომელშიც შედის ჭ-ს სატყეო. თითოეული სატყეო ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია „ა-ს სატყეო სააგენტოს დებულების“ დანართი №..-ით. მ. ბ-ს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში შეეძლო ეკონტროლებინა ხე-ტყის ჭრა და ამ მიზნისათვის განკუთვნილი საბუთების კანონიერების შემოწმება. მან გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და შეუთანხმდა გ. ლ-სა და გ. ლ-ს, რომ მოიძიებდა სოციალური ჭრებისათვის მოსახლეობაზე გაცემული საბუთიანი ხე-ტყის მასალას და მისსავე სამოქმედო ტერიტორიაზე (ჭ-ს სატყეო) დაახლოებით 30 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალას დაამზადებდა, რაშიც დამზადებული მასალის საფასურთან ერთად, მოსახლეობაში ხე-ტყის მასალის მოძიებისათვის, დამატებით მიიღებდა 20 ლარს თითო კუბურ მეტრზე.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დავით ჭარბაძემ და მსჯავრდებულ მ. ბ-ს ადვოკატმა პ. ბ-მ.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

12. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ, რომლის ქმედებაში სარწმუნოდ არ დასტურდებოდა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის - ქრთამის აღების - შემადგენლობა, ხოლო, მეორე მხრივ, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოტივაციას მ. ბ-ს უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან საპირისპირო მტკიცდება საქმეში არსებული სამხილების ერთობლიობით, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით ჭარბაძისა და მსჯავრდებულ მ. ბ-ს ადვოკატ პ. ბ-ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი