საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№7აპ-19 ქ. თბილისი
მ-ი ნ, 7აპ-19 19 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განაჩენით ნ. მ-ი, , ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2010 წლის 16 ივლისის რედაქცია) – ჯარიმა 1500 ლარი, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონების საფუძველზე, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) – ჯარიმა 4000 ლარი, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: ნ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2010 წლის 16 ივლისის რედაქცია) განესაზღვრა ჯარიმა – 1500 ლარი, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონების საფუძველზე; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) – ჯარიმა 4000 ლარი, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით ნ. მ-ს ჩამოერთვა დაბა თ-ში, -ის ქ. №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 73 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი – ----), როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება და უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.
3. ნ. მ-ს მსჯავრად დაედო: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება.
4. ნ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2012 წლის აგვისტოში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ნ. მ-მა და ნ. თ-მა განიზრახეს, მოტყუებით და, შესაბამისად, თაღლითურად დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ, დაბა თ-ში, -ის ქ. №-ში არსებული საერთო საცხოვრებლის მიმდებარე მიწის ნაკვეთს, სადაც შემდგომში ნ. მ-ს სამუშაო ოფისი უნდა აეშენებინა. ნ. მ-მა და ნ. თ-მა წინასწარ იცოდნენ, რომ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის საჭირო იყო თ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული, შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საგადასახადო სიებით პიროვნებაზე რიცხული მიწის ნაკვეთის ფართის რაოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაცია და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ვინაიდან პირადად მათ დაბა თ-ის ტერიტორიული ორგანოს საგადასახადო სიებით რიცხული მიწის ნაკვეთის ფართები საჯარო რეესტრში უკვე ჰქონდათ დარეგისტრირებული და ამ მიზეზით ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებდა მიწის ნაკვეთის დამატებითი ფართის საკუთარ სახელზე კანონიერად დარეგისტრირებას, 2012 წლის აგვისტოშივე, ზუსტი დრო დაუდგენელია, ნ. მ-თან წინასწარი შეთანხმებით, ნ. თ-მა ნახა დაბა თ-იში მეზობლად მცხოვრები ე. ხ-ე, რომელსაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ ჰქონდა დაბა თ-ის ტერიტორიული ორგანოს საგადასახადო სიებით თავის სახელზე რიცხული 2.800 მ2 მიწის ფართი. ნ. თ-მა ნ. მ-თან წინასწარი შეთანხმებით მოატყუა და დაარწმუნა ე. ხ-ე, რომ ის და ნ. მ-ი ყველანაირ დოკუმენტაციას თითქოსდა კანონიერად მოაწესრიგებდნენ, რის შემდეგაც ე. ხ-ის სახელზე კანონიერად დარეგისტრირდებოდა მიწის ნაკვეთი, რომელსაც შემდეგ მისგან გადაიფორმებდა ნ. მ-ი. თუმცა ე. ხ-ისაგან თანხმობის მიღების შემდეგ ნ. თ-მა, შემდგომი გამოყენების მიზნით, გააყალბა ოფიციალური დოკუმენტი – დაბა თ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე ე. ხ-ის 2012 წლის 5 სექტემბრით დათარიღებული განცხადება, რომელშიც განმცხადებლის გრაფაში ე. ხ-ის მაგივრად და მისი სახელით ნ. თ-მა მოაწერა ხელი, ხოლო ნ. მ-მა შემდგომი გამოყენების მიზნით ასევე გააყალბა ოფიციალური დოკუმენტი – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც გრაფაში „საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი“ ინდმეწარმე თ. ხ-ის სახელით და მის მაგივრად ნ. მ-მა მოაწერა ხელი, რის შემდეგაც წინასწარი შეცნობით გაყალბებული დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად ე. ხ-ის მეშვეობით, რომლისთვისაც არ იყო ცნობილი მათი დანაშაულებრივი განზრახვისა და ჩადენილი სიყალბის შესახებ, ნ. მ-მა და ნ. თ-მა თავდაპირველად წარადგინეს და, შესაბამისად, გამოიყენეს თ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულ შ. (ე.) მ-თან, რომლის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაზე ნებართვის მიცემის დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერისა და ბეჭდის დასმის შემდეგ – უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით 2012 წლის 20 სექტემბერს წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თ-ის სარეგისტრაციო სამსახურში, სადაც იმავე დღეს მიწის ნაკვეთი, მდებარე დაბა თ-ში, -ის ქ. №–ის მიმდებარედ, 73.00 მ2 (საკადასტრო კოდი – ----) მოტყუებით, ხსენებული გაყალბებული ოფიციალური დოკუმენტების – განცხადებისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის გამოყენებით დარეგისტრირდა ე. ხ-ის სახელზე, ხოლო 2012 წლის 19 ოქტომბერს აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ე. ხ-ესთან წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, რომელიც ნ. თ-მა და ნ. მ-მა მოატყუეს, რომ, თითქოსდა, მიწის ნაკვეთის კანონიერად დარეგისტრირდა მის სახელზე, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, თითქოსდა 200 ლარის გადახდის საფასურად, თავის სახელზე დაირეგისტრირა ნ. მ-მა. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით დაზარალებულს – სახელმწიფოს ნ. მ-მა ნ. თ-თან ერთად მიაყენა 2410 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ნ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
6. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ჯემალ ნათელაშვილი შესაგებლით ითხოვს ადვოკატ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
10. საკასაციო პალატის აზრით, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება მსჯავრდებულთა უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: მოწმეების – ნ. თ-ის, თ. ხ-ის, შ. (ე.) მ-ის, ს. ო-ის, გ. კ-ის, თ. ბ-ისა და სხვათა ჩვენებებით, ე. ხ-ის გამოძიებაში მიცემული და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენებით, ნ. მ-ისა და ნ. თ-ის მიერ გამოყენებული დოკუმენტაციით, სასაქონლო ექსპერტიზის №---, გრაფიკული ექსპერტიზის №--/გრ დასკვნებით (რომელთა სისწორე დაადასტურეს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა), საჯარო რეესტრის 2012 წლის 9 ოქტომბრისა და 25 ოქტომბრის ამონაწერებით, უძრავი ნივთის ნასყიდობის 2012 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულებითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2010 წლის 16 ივლისის რედაქცია) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ.ი ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი