დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.03.2021
საქმის ნომერი
62აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
22.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142220700118629

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №62აგ-20 თბილისი

ა. ზ., 62აგ-20 22 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ა. ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ. საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ზ. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ზ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 (ოთხი) წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი.

ზ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 22 თებერვლიდან 2017 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.

ზ. ა-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენით ზ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით; სსკ-ის 111 ,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

მსჯავრდებულ ზ. ა-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 სექტემბრიდან.

3. 2020 წლის 6 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ზ. ა. ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ., რომელმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა ზ. ა. მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის განაჩენის გადასინჯვა, დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლება და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა. ამასთან, დაცვის მხარემ შუამდგომლობას თან დაურთო „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 21 ივლისის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ ერთჯერადი მოხმარებისათვის საჭირო მინიმალური თერაპიული დოზა არის 5 მგ (0.005 გრამი), ხოლო ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ - 5 მგ (0.005 გრამი).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ა. ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ. შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ზ. ა. მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენებში შევიდა ცვლილება:

მსჯავრდებული ზ. ა. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც პირობით ჰქონდა ჩათვლილი, 4 (ოთხი) წლით გამოსაცდელი ვადით; იგი ასევე გათავისუფლდა დამატებითი სასჯელის - 2 000 (ორი ათასი) ლარი ჯარიმისგან;

მსჯავრდებულ ზ. ა.ს მოსახდელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2018 წლის 20 სექტემბრიდან, რაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანის მდგომარეობით მოხდილი ჰქონდა;

მსჯავრდებული ზ. ა. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

ზ. ა. მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ------ ა--–---- ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ.. კასატორს გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებლად მიაჩნია ზ. ა-ათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების უცვლელად დატოვების ნაწილში და ითხოვს 5 წლით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის N1/19/1265,1318 განჩინების თანახმად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის.

4. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის განაჩენით ზ. ა. მსჯავრდებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის - დიდი ოდენობით, საერთო წონით - 0,00065 გრამი, ნარკოტიკული საშუალებების „მეტამფეტამინისა“ და საერთო წონით - 0,000263 გრამი „ამფეტამინის“ უკანონო შეძენა-შენახვისათვის.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 21 ივლისის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N. დასკვნის საფუძველზე ადვოკატის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მსჯავრდებული ზ. ა.- გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც პირობით ჰქონდა ჩათვლილი, 4 (ოთხი) წლით გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის - 2 000 (ორი ათასი) ლარი ჯარიმისგან.

6. დაცვის მხარის მოთხოვნას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის შესახებ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის დეკრიმინალიზაცია არ მომხდარა, რის შესაბამისადაც, მითითებულ ქმედებას არ დაუკარგავს დანაშაულებრივი ხასიათი და, ამდენად, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საფუძველი. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევის კონსტიტუციურობის საკითხს.

7. აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად: „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1822 მუხლით, 212-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული“. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად: ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, ამ კანონის საფუძველზე ავტომატურად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა), ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით: „ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს აღუდგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, თუ აღნიშნული პირი წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი“.

8. მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი უნახევრდება, მაგრამ, ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენით იგი სრულად არის გათავისუფლებული აღნიშნული მუხლით შეფარდებული სასჯელისგან, მის მიმართ აღარ არსებობს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებისა და სასჯელის განახევრების საფუძველი. რაც შეეხება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებებს, მათი აღდგენის შესაძლებლობა გათვალისწინებულია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ა. ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი