დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 25.03.2021
საქმის ნომერი
64აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
25.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №64აგ-20 თბილისი

ო-ა რ-ზ, 64აგ-20 25 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ო-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით:

· რ. ო-ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

· რ. ო-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

· რ. ო-ა, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2018 წლის 26 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.

2. ამავე განაჩენით მსჯავრდებულები არიან: მ. კ-ი, ლ. ი-ი და ბი. ჯ-ე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულთა ადვოკატებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.

5. 2020 წლის 3 სექტემბრს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ. ო-ამ, რომელმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ო-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ო-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია, შეუძლია, გაასაჩივროს სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან მაგისტრატი მოსამართლის განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარს განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

3. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

4. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, მაგრამ ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვას ექვემდებარება საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი მხოლოდ ისეთი განაჩენი, რომელიც ერთდროულად არის კანონიერ ძალაში შესულიც და შემაჯამებელიც (საბოლოო - რომელიც აღარ საჩივრდება). ამდენად, დაუშვებელია ისეთი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, მაგრამ არ არის შემაჯამებელი (საბოლოო).

5. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით გაირკვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულთა ადვოკატებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მათი სააპელაციო საჩივრები დასაშვებად არის ცნობილი და საქმეზე მიმდინარეობს არსებითი განხილვა.

6. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მსჯავრდებულ რ. ო-ას საქმეზე შემაჯამაბელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული და სამართალწარმოება არ დასრულებულა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი არ წარმოადგენს შემაჯამებელ (საბოლოო) გადაწყვეტილებას, რის გამოც დაუშვებელია ამ განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა.

7. გარდა ამისა, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და იმსჯელოს მსჯავრდებულ რ. ო-ას საკასაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ რ. ო-ას შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ო-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ რ. ო-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე