ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119002879314
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №816აპ-20 ქ. თბილისი
ბ–ი რ., 816აპ-20 2 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენით რ. ბ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. ბ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 1 მარტიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, რ. ბ–ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 10 წლით - საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ რ. ბ–მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 8.9495 გრამს, რაც ამოიღეს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანაშრომლებმა 2019 წლის 1 მარტს, კერძოდ, 18:55 საათზე რ. ბ–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ქ. ............ში, რ.............ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით 8.1941 გრამი, ხოლო 19:55 საათზე მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მდებარე ქ. ..........ში, რ...........ის ქუჩა N.., ბინა ..-ში, ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით 0.7554 გრამი.
რ. ბ–ს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილებით ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკულ საშუალების (ოპიუმის ჯგუფი) მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე დაედო ადმინისტრაციული სახდელი. იყო რა ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული, რ. ბ–მ კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება და 2019 წლის 1 მარტს ჩატარებული შემოწმებითა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების (ოპიუმის ჯგუფი) მოხმარების ფაქტი.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და რ. ბ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზაზა ცქვიტარია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. ბ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. კასატორი - პროკურორი ზაზა ცქვიტარია განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულ რ. ბ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილში და ითხოვს მის დამძიმებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, კერძოდ:
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
4. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ რ. ბ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
5. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული რ. ბ–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ბ–ს ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. მსჯავრდებული რ. ბ–ი ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.
4. მსჯავრდებულ რ. ბ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 1 მარტიდან;
5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე