დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.02.2021
საქმის ნომერი
2კ-96-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141221004286024

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№961-21 26 თებერვალი, 2021 წელი

მ–ი ე., 961-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. მ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ე. მ–ი, - დაბადებული 2... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 15 იანვრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ე. მ–ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 18 იანვრიდან.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

2. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ე. მ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ე. მ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ე. მ–ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 50-ე მუხლის საფუძველზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 18 იანვრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე. მ–მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

5. მსჯავრდებულმა ე. მ–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ ე. მ–ს მოთხოვნა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენებით მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ ე. მ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი არ უნდა გაევრცელებინა, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.

5. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განაჩენით ე. მ–ს საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის განესაზღვრა ერთიანი სასჯელი - 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებლის მიერ დანაშაულთა შემადგენლობების განსაზღვრა განხორციელდა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით და კანონით მკაფიოდ და ამომწურავად განისაზღვრა იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. შესაბამისად, ვინაიდან ქმედება მოიცავს ერთდროულად სისხლის სამართლის კოდექსის იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ( სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ)“ქვეპუნქტი) და ე. მ–ს განესაზღვრა ერთიანი სასჯელი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამნისტიის აქტის მოქმედება გაავრცელოს იმ შემთხვევებზე, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული(მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21).

6. იმავდროულად, გაუგებარია სასამართლოს დიფერენცირებული მიდგომა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა)“ და „ბ)“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის დანიშნული სასჯელების მიმართ, როდესაც განჩინებით ერთ შემთხვევაში მოხდა დანიშნული სასჯელის ¼-ით შემცირება ( რისი საფუძველიც არ არსებობდა, ვინაიდან კანონით არ არის გათვალისწინებული სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ)“ ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელის შემცირება), ხოლო მეორე შემთხვევაში - არა და უცვლელად იქნა დატოვებული დანიშნული სასჯელი - 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

7. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით მსჯავრდებულ ე. მ–ს მიმართ არასწორადაა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებას მსჯავრდებულ ე. მ–ს მიმართ საუარესოდ ვერ შეაბრუნებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ე. მ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე