შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100120003660660
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №990აპ-20 ქ. თბილისი
ტ–ი ი. 990აპ-20 28 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განაჩენით ი. ტ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით(2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) - 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით(2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ი. ტ–ს საბოლოოდ განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი. ტ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან, კერძოდ 2020 წლის 17 მარტის 07:13 საათიდან.
2. 2020 წლის 29 ივნისის განაჩენით ი. ტ–ს მსჯავრი დაედო:
- ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 23 დეკემბერს, საღამოს საათებში ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .....ში მცხოვრებ ი. ტ–ს საცხოვრებელ სახლში კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან თ. მ–სთან და მიაყენა მას როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც თ. მ–ე წამოვიდა მეუღლის სახლიდან და მივიდა მეზობლად მცხოვრებ ბებიასთან ი. მ–სთან, სადაც მას 2019 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, მიაკითხა ი. ტ–მ, რომელსაც თ. მ–ს საკითხზე საუბრისას კონფლიქტი მოუვიდა ი. მ–სთან, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ხელებით ცემა იგი, ამასთან წვდა თმებში და ძლიერად დაქაჩა. ი. ტ–ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად ი. მ–ს განუვითარდა სისხლნაჟღენთები მარცხენა ლოყის, მარცხენა ყვრიმალის და მარჯვენა ქუთუთოს არეში, რომლებიც ერთობლიობაში და ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია, მაგრამ ი. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:
ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .........ში მცხოვრებმა ი. ტ–მ 2015 წელს ცოლად შეირთო თ. მ–ე, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2017 წლის 3 ივლისამდე, რის შემდეგაც ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. 2018 წლის გაზაფხულზე კი კვლავ გააგრძელეს ერთად თანაცხოვრება. 2018 წლის ზაფხულში ი. ტ–მ მეუღლის თ. მ–ს მიმართ დაიწყო ძალადობა, კერძოდ იგი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, 2020 წლის 06 მარტამდე დროის პერიოდში, არ აძლევდა მას უფლებას, რომ სურვილისამებრ ესაუბრა მობილური ტელეფონით, ესარგებლა სოციალური ქსელით და მასთან შეთანხმების გარეშე ურთიერთობა ჰქონოდა ახლო ნათესავებთან, ამასთან ხშირ შემთხვევაში ეჭვიანობის, აგრეთვე საოჯახო საქმიანობით უკმაყოფილო სისტემატურად შეურაცხყოფდა, ამცირებდა და აშანტაჟებდა თ. მ–ს, აგინებდა დედისა და ნათესავების მისამართით, რითაც თ. მ–ე განიცდიდა სულიერი ტანჯვას;
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ......ში მცხოვრებმა ი. ტ–მ 2015 წელს ცოლად შეირთო თ. მ–ე, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2017 წლის 3 ივლისამდე, რის შემდეგაც ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. 2018 წლის გაზაფხულზე კი კვლავ გააგრძელეს ერთად თანაცხოვრება. 2018 წლის ზაფხულში ი. ტ–მ მეუღლის თ. მ–ს მიმართ დაიწყო ძალადობა, კერძოდ იგი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, არ აძლევდა მას უფლებას, რომ სურვილისამებრ ესაუბრა მობილური ტელეფონით, ესარგებლა სოციალური ქსელით და მასთან შეთანხმების გარეშე ურთიერთობა ჰქონოდა ახლო ნათესავებთან, ამასთან, ხშირ შემთხვევაში ეჭვიანობის, აგრეთვე საოჯახო საქმიანობით უკმაყოფილო სისტემატურად, თვეში სამ-ოთხჯერ ხელებით სცემდა თ. მ–ეს, რაც ასევე განახორციელა 2020 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში, ბოლოს კი ფიზიკურად გაუსწორდა 2020 წლის 2 მარტს, კერძოდ თ. მ–ემ დედას სოციალური ქსელის საშუალებით, მეუღლისაგან ფარულად (ვინაიდან იგი უკრძალავდა სოციალური ქსელით სარგებლობასა და ოჯახის წევრებთან კონტაქტს), მიულოცა დაბადების დღე, რაც ნანახი იქნა ი. ტ–ის მიერ და მეუღლის ქმედებით განაწყენებული, სწვდა თმებში და ხელებით სახეში სცემა თ. მ–ე, აგინა დედისა და ნათესავების მისამართით, ი. ტ–ის მიერ განხორციელებული სისტემატური ცემის შედეგად თ. მ–ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ტ–მ, რომელმაც ითხოვა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და წარდგენილ მსჯავრდებაში გამართლება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 სექტემბრის განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ი. ტ–ის სააპელაციო საჩივარი. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება:
ი. ტ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 111- 126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ი. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ი. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ი. ტ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2020 წლის 17 მარტის 07:13 საათიდან.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას, კერძოდ: ი. ტ–ის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, ნასამართლობის გათვალისწინებით, კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეფარდებას.
6. მსჯავრდებული ი. ტ–ი საკასაციო საჩივრის შესაგებელში უთითებს, რომ პროკურორ შოთა ჩხაიძის საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. კასატორი - პროკურორი შოთა ჩხაიძე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ი. ტ–ის მიერ სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს იმაში, რომ მსჯავრდებულმა ი. ტ–მ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული. სააპელაციო სასამართლომ სწორად არ შეაფასა საქმეში წარდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები. მის მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. კასატორი ითხოვს ი. ტ–ის სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობას, დანაშაულთა ერთობლიობით კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნას, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, კერძოდ:
3. სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად: „ამ კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
შესაბამისად, ყოფილი მეუღლის ბებია არ ითვლება ოჯახის წევრად და მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება ვერ ჩაითვლება ოჯახურ დანაშაულად.
4. მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულების თ. მ–ს და ი. მ–ს, მოწმეების - ნ. მ–ს, მ. დ–ს ჩვენებები, მხარეების მიერ უდაოდ ცნობილი გ. ხ–ს, დ. ქ–ს და გ. ნ–ს ჩვენებები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 25 მაისის ექსპერტიზის №.... დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 7 თებერვლის ექსპერტიზის №.... დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი. ტ–მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებები - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია).
5. ბრალდების მხარე სადავოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ი. ტ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასწორად შეაფასა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა ი. ტ–ის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ სისტემატური ცემის ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან ნ. მ–ს, მ. დ–ს, გ. ხ–ს, დ. ქ–ს და გ. ნ–ს ჩვენებები ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად/უარსაყოფად ირელევანტურია; დაზარალებულ თ. მ–ს ჩვენების გარდა სხვა მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ, უშუალოდ დაადასტურებდა დაზარალებულის სისტემატური ცემის ფაქტს საქმეში არ არის.
6. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სისტემატური ცემის შემადგენლობა გულისხმობს, რომ იგი ჩადენილი უნდა იქნეს სულ მცირე სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით, ცემის სისტემატიური ხასიათი უნდა განსაზღვრავდეს დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას და თითოეული ცემის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს პირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მოცემულ შემთხვევაში დადგენილი არ არის, ხოლო რაც შეეხება ამ ნაწილში ბრალდების დასადასტურებლად მითითებულ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული დაზარალებულს არ აძლევდა უფლებას სურვილისამებრ ესაუბრა მობილური ტელეფონით, ესარგებლა სოციალური ქსელით და მასთან შეთანხმების გარეშე ურთიერთობა ჰქონოდა ახლო ნათესავებთან, მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული აღნიშნული ქმედებები სრულად მოიცვა მის მიმართ, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილმა ბრალდებამ.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი. ტ–ის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების შემადგენლობისათვის სავალდებულო ელემენტების არსებობას.
8. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“, „ი“ ან „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია".
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2021 წლის 26 თებერვალს შემოვიდა ი. ტ–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირების - თ. მ–ს და ი. მ–ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ მათ ი. ტ–ის მიმართ პრეტენზია არ აქვთ.
10. ი. ტ–ი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულია 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ეხება ამნისტია) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(არ ეხება ამნისტია). შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული ი. ტ–ი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის (1 წლით თავისუფლების აღკვეთა) მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 სექტემბრის განაჩენის თანახმად, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი. ტ–ისათვის სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, შთანთქა უფრო მკაცრმა - სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ი. ტ–ის სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან (1 წლით თავისუფლების აღკვეთა) გათავისუფლება გავლენას ვერ მოახდენს მის საბოლოო სასჯელზე, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ი. ტ–ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის (1 წლით თავისუფლების აღკვეთა) მოხდისაგან. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული საბოლოო სასჯელი 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დარჩეს უცვლელად.
4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე