დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.04.2021
საქმის ნომერი
2კ-314-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.04.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080141121004284443

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №314I -21 თბილისი

ს–ე შ., 314I -21 6 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ს–ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქმის მასალების მიხედვით: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განაჩენით შ. ს–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შეკრებით მიესაჯა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 20 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2006 წლის 13 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2003 წლის 6 ივლისიდან 2003 წლის 9 ივლისამდე.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ს–ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2006 წლის 13 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2003 წლის 6 ივლისიდან 2003 წლის 9 ივლისამდე.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განაჩენით ცვლილება შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განაჩენში და შ. ს–ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2006 წლის 13 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2003 წლის 6 ივლისიდან 2003 წლის 9 ივლისამდე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განაჩენით შ. ს–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-8 ნაწილითა და 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ერთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში; შ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 1000 ლარი; 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი, რამაც სრულად შთანთქა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 8 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი; შ. ს–ეს სასჯელი აეთვალა 2014 წლის 11 სექტემბრიდან.

3. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულებიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ შ. ს–ს პირადი საქმე.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ს–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ. ს–მ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შ. ს–ე ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 20 მაისის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებზეც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება.

3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე - უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.

4. საკასაციო სასამართლო მიუთითებს: მართალია, შ. ს–ე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ქმედების - ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც შეესაბამება დღეს მოქმედი რედაქციის 126-ე მუხლის პირველ ნაწილს), მაგრამ ამ დანაშაულისათვის მას სასჯელად განსაზღვრული აქვს ჯარიმა, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს: შ. ს–ე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ქმედების - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის - რაც შეესაბამება დღეს მოქმედი რედაქციის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებს) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, მაგრამ, ერთი მხრივ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული ქმედებები „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით არ არის გათვალისწინებული, ხოლო, მეორე მხრივ, შ. ს–ე ამ დანაშაულების ჩადენის დროს იყო ნასამართლევი, რისი მხედველობაში მიღებითაც, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი მართებულად არ გავრცელდა.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ შ. ს–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი