დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802221004494288
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№327I-21 ქ. თბილისი
მ–ი ი., 327I-21 16 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი. მ–ს მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2014 წლის 9 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს ბინაგადინის რაიონული პროკურატურის მიერ გამოცემული ი. მ–ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების თანახმად, ამ უკანასკნელს ბრალად ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 120.2.2 მუხლით (მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
იმავე დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს ბინაგადინის რაიონულმა პროკურატურამ გამოაცხადა ი. მ–ს ძებნა.
2014 წლის 3 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საბაილის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ი. მ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა.
2014 წლის 30 დეკემბრიდან ი. მ–ი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ი. მ–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2020 წლის 24 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს .............ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. მ–ი.
2020 წლის 25 სექტემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით, ი. მ–ი აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2020 წლის 18 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ი. მ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით 6 თვემდე - 2021 წლის 24 მარტამდე.
2020 წლის 22 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ი. მ–სა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
2021 წლის 19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ი. მ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2021 წლის 24 ივნისამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ი. მ–სათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 16 აგვისტოს, .............ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქ. ......ში მდებარე ღამის კლუბში, ა. ბ–სთან წარმოშობილი პირადი უთანხმოების ნიადაგზე, ი. მ–მ მას მუცლის არეში დანით მიაყენა ორი ჭრილობა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ი. მ–ს მიერ მიყენებული სხეულის დაზიანებების შედეგად ა. ბ–ი გარდაიცვალა, მიუხედავად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარებისა.
4. 2021 წლის 27 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ი. მ–ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ბინაგადინის რაიონული პროკურატურის ი. მ–ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2014 წლის 9 სექტემბრის დადგენილებაში და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 120.2.2 მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი ი. მ–ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ბინაგადინის რაიონული პროკურატურის ი. მ–ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2014 წლის 9 სექტემბრის დადგენილებაში და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 120.2.2 მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ი. მ–ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ი–ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმებას და ი. მ–ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ი. მ–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. მ–ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2020 წლის 24 სექტემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ, როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ი. მ–ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან ი. მ–ი არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ი. მ–მ საქართველოში მოითხოვა საერთაშორისო დაცვა და მითითებული საქმის განხილვა არ არის დასრულებული. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
5. ი. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედება დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 120.2.2 მუხლით (მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 14 წლიდან 20 წლამდე ან უვადოდ.
6. ი. მ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 13 წლიდან 17 წლამდე ვადით. ამრიგად, ი. მ–სათვის ბრალად წარდგენილი ზემოხსენებული ქმედება დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც ი. მ–ი ბრალდებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე.
8. ი. მ–მ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა 2014 წელს, ხოლო აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა, აგრეთვე, 2018 წელს. შესაბამისად, მოცემულ დანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით.
9. დაცვის მხარის მტკიცებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ი. მ–ს სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე. კასატორები აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანში ცხოვრობენ და იქაურ სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო ახლობლურ ურთიერთობებში იმყოფებიან ი. მ–ს მიმართ მტრულად განწყობილი პირები, რომელთა უშუალო გავლენითაც მოხდა მისთვის ცრუ ბრალდების წარდგენა. ასეთ ვითარებაში კი ი. მ–ი ვერ შეძლებს თავის სათანადოდ დაცვას და მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე.
10. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005; Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ მხოლოდ ზოგადად მიუთითა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხის თაობაზე, არ უთითებს კონკრეტულ გარემოებებზე (და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები), რაც დაადასტურებდა ი. მ–ს მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის საფრთხეს. იმავდროულად, ი. მ–ი უფლებების დარღვევის მანიშნებელი ინფორმაცია ინტერნეტის ღია წყაროებშიც არ იძებნება (საქართველოს პროკურატურამ ი. მ–ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com)).
11. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ გარანტიის თანახმად, ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ ისახავს მიზნად ი. მ–ს რაიმე ნიშნით დევნას; ექსტრადიციის შემთხვევაში იგი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით; არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლები); ისარგებლებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა აზერბაიჯანის რესპუბლიკა.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო „განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს (Zarmayev v Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v. Spain, no 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v. Slovakia, no 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის მასალებით, არ დგინდება რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა, ხოლო კასატორებს არ წარმოუდგენიათ რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა.
14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს (იხ. მაგ. განჩინება №2I-20 , 29/01/2020წ), რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, მართლაც წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ. Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84, ECtHR; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Janousek v. France and Spain, §110, ECtHR, 26/06/1992), რომ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება ( იხ. Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012) და არა მარტივი პროცედურული ხარვეზები.
15. ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no8139/09, § 261, ECtHR, 17/01/2012). ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს (მის ადვოკატს) საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწვდია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ი. მ–სათვის ბრალად შერაცხული ქმედება ითვალისწინებს აგრეთვე უვადო თავისუფლების აღკვეთას, თუმცა აღნიშნული სასჯელის გამოყენების შემთხვევაში იგი არ იქნება შეუქცევადი, ვინაიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, 25 წლის შემდგომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია უვადო პატიმრობა შეიცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით. უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვის მითითებული სტანდარტი და ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელი, ამ დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, თავსებადია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან (Čalovskis v. Latvia, no. 22205/13 §143, ECtHR, 24/07/2014).
17. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებიდან არ ჩანს, თუ რა ეტაპზეა ი. მ–ს მიმართ საქმის წარმოება, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის - ე. მ-ს 2020 წლის 30 სექტემბრის წერილიდან ირკვევა (ტ.1.ს.ფ.45), რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. მ–ს მიმართ არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
18. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. მ–ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ბინაგადინის რაიონული პროკურატურის ი. მ–ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2014 წლის 9 სექტემბრის დადგენილებაში და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 120.2.2 მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე