დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141221004293497
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№3361-21 29 აპრილი, 2021 წელი
ვ–ე ზ., 3361-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ვ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ზ. ვ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
ზ. ვ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 3 ოქტომბრიდან - 2018 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით და გათავისუფლდა პატიმრობიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით ზ. ვ–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად - 2000 ლარი ჯარიმა.
საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა - 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ. ვ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ჯარიმა - 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 10 თვით და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა და ზ. ვ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე, 673-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 2000 ლარი.
3. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ზ. ვ–ს პირადი საქმე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით:
მსჯავრდებული ზ. ვ–ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაითვალა პირობით.
ზ. ვ–ეს საბოლოოდ მოსახდელი დარჩა 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელი ჯარიმა - 2000 ლარი, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული დამატებითი სასჯელი, ჯარიმა - 2000 ლარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა(რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ვ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. მსჯავრდებულმა ზ. ვ–ემ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა და დაკისრებული ჯარიმის - 2000 ლარის გაუქმება.
7. მსჯავრდებულ ზ. ვ–ს მიმართ გამოთხოვილი პირადი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 27 აპრილს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“, „ი“ ან „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. მოცემულ შემთხვევაში ზ. ვ–ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არ ეხება ამნისტია), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით(ეხება ამნისტია) და საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით(ეხება ამნისტია) გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ზ. ვ–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამნისტიის აქტი განავრცოს და გამოიყენოს.
5. ზ. ვ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახით განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ჯარიმა - 2000 ლარი. 2021 წლის 12 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა დაზარალებულ ვ. ა–ს განცხადება, რომლითაც თანხმობას აცხადებს, ზ. ვ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე. შესაბამისად, ზ. ვ–ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით სწორად გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“.
7. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე ზ. ვ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 2000 ლარი დარჩება უცვლელად. ასევე ამნისტია არ გავრცელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით ზ. ვ–სთვის საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე - ჯარიმა - 2000 ლარი.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ. ვ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე