დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802221004519682
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№338I-21 ქ. თბილისი
უ–უ ო., 338I-21 26 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. უ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ე–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ო. უ–ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2017 წლის 16 მარტს თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის საქალაქო მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ო. უ–უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი ბიზნესმენთა ან კომპანიათა მმართველთა საქმიანობის სფეროში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით. 2017 წლის 3 მაისს მოცემულმა განაჩენმა გასაჩივრების გარეშე საბოლოო სახე მიიღო.
2018 წლის 11 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ო. უ–ს დაკავების შესახებ ბრძანება.
2. ო. უ–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2019 წლის 4 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ო. უ–ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2020 წლის 1 სექტემბერს ო. უ–უ, ექსტრადიციის მიზნით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
2020 წლის 2 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ო. უ–ს შეეფარდა გირაო - 5000 ლარი, ხოლო გირაოს თანხის სრულად შეტანამდე მის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა. ო. უ–მ ვერ უზრუნველყო დადგენილ ვადაში გირაოს თანხის შეტანა, რის საფუძველზეც დარჩა საექსტრადიციო პატიმრობაში.
2020 წლის 27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ო. უ–ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი - 6000 ლარით და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ო. უ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თ-ს რ-ს ქ. დ-ში ო. უ–უ, ბ. დ–ი და მ. ო–უ, რომლებიც წარმოადგენდნენ ...........ის რესპუბლიკაში მოქმედი სადაზღვევო კომპანიის ,,............... ცენტრის“ თანამშრომლებს, ამავე კომპანიის სახელით დაუკავშირდნენ დაზარალებულ ჰ. ჩ–ს და მოატყუეს, რომ მას გაუფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს მათ მიერ ფოსტით გაგზავნილ ქვითარზე მითითებულ ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადარიცხვა, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი განუმარტეს, რომ თანხის ამოღების მიზნით მიმართავდნენ სასამართლოს. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული პირები დაჰპირდნენ დაზარალებულს, რომ წლის ბოლოს სრულად დაუბრუნებდნენ გადარიცხულ თანხას. შეცდომაში შესულმა ჰ. ჩ–მ, 2015 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე დროის მონაკვეთში, სხვადასხვა დროს, ო. უ–ს და მის თანამონაწილეებს, მათი მოთხოვნით, ჯამურად გადაურიცხა 2 340 თურქული ლირა და მიადგა ამავე ოდენობით მატერიალური ზიანი. ამასთან, ჰ. ჩ–ს, მის მიერ გადახდილი თანხის სანაცვლოდ, არ მიუღია რაიმე სახის მომსახურება და დამნაშავეებმა მას არც გადახდილი თანხა დაუბრუნეს.
4. 2021 წლის 5 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა, ო. უ–ს (O. U.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის საქალაქო მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი ბიზნესმენთა ან კომპანიათა მმართველთა საქმიანობის სფეროში).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის - დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ო. უ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის საქალაქო მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი ბიზნესმენთა ან კომპანიათა მმართველთა საქმიანობის სფეროში).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. უ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ე–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ო. უ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯონჯოლიამ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ო. უ–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ო. უ–უ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2020 წლის 1 სექტემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ, როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ო. უ–უ არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, პირი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან ო. უ–უ არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამავე დეპარტამენტის 2020 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. უ–ს უარი ეთქვა საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ამასთან, მოცემული დროისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება ო. უ–ს არ ჩაჰბარებია და ამდენად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურის განხილვა არ არის დასრულებული. ხსენებულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მიმდინარე საერთაშორისო დაცვის პროცესი არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე. თუმცა არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იუსტიციის მინისტრი ექსტრადიციაზე ვერ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ვიდრე საერთაშორისო დაცვის პროცესი სრულად არ დასრულდება.
6. დანაშაულებრივ ქმედებას, რომლის ჩადენაშიც ო. უ–უ მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
7. საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.
8. თურქეთის რესპუბლიკაში ო. უ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2017 წლის 16 მარტს, ხოლო 2018 წლის 11 აპრილიდან თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ო. უ–ს დაკავების შესახებ ბრძანება. შესაბამისად, მოცემულ განაჩენთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
9. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ო. უ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 10 წლით და იგი გასული არ არის.
10. ო. უ–ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.
11. კასატორის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ო. უ–ს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები მიუთითებენ არასათანადო მოპყრობის, წამების ფაქტების ზრდაზე, იმ ფონზე, როცა უფლებადამცველი ორგანიზაციები თავიანთ ანგარიშებში წარუმატებელი სამხედრო გადატრიაელების მცდელობის შემდგომ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ პოლიტიკური პატიმრების უფლებების დარღვევის, დევნისა და შევიწროების კუთხით.
12. ადვოკატი ასევე უთითებს, რომ ო. უ–ს აქვს სახელმწიფოს წინაშე დავალიანება და ამდენად, თურქეთის რესპუბლიკაში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლოა იგი გახდეს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის პოზიცია სახელმწიფოს წინაშე არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით ექსტრადიციის კონტექსტში სამართლებრივად რელევანტურ გარემოებას არ წარმოადგენს; საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ დასტურდება, რომ სახელმწიფოს წინაშე დავალიანების მქონე პატიმრების მიმართ ხდება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
14. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ დასტურდება ის გარემოება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს - ო. უ–ს აქვს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი.სასამართლო ითვალისწინებს, რომ რომ ო. უს ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან დღემდე, დაცვის მხარეს არცერთი მტკიცებულება ან კონკრეტული ინფორმაცია არ წარმოუდგენია თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ო. უ–ს უფლებების დარღვევის რისკის არსებობასთან დაკავშირებით.
15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005; Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხის თაობაზე.
16. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, ... შესაძლოა დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, no 69235/11, § 66, ECtHR, 23/05/2011; Zarmaev v Belgium, no 35/10, ECtHR, 27/02/2014). გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, ECtHR, 28/06/2011), რომელთა არსებობა მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს (იხ. მაგ. განჩინება №2I-20 , 29/01/2020წ), რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია მართლაც წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ. Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84, ECtHR; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Janousek v. France and Spain, §110, ECtHR, 26/06/1992), რომ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება ( იხ. Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012) და არა მარტივი პროცედურული ხარვეზები.
18. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no8139/09, § 261, ECtHR, 17/01/2012). ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს (მის ადვოკატს) არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია, რაც ო. უ–ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში ო. უ–უ ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა. გარდა ზემოაღნიშნული გარანტიისა, ვინაიდან საექსტრადიციო მასალების შესაბამისად, 2017 წლის 16 მარტის განაჩენი გამოტანილია ო. უ–ს დაუსწრებლად, „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის შესაბამისად, 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან მიიღო გარანტია, რომ ო. უ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.
21. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ო. უ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის საქალაქო მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი ბიზნესმენთა ან კომპანიათა მმართველთა საქმიანობის სფეროში) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. უ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ე–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე