დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
N394I-21 ქ. თბილისი
ჩ-ი ნ 394I-21 20 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ. ჩ-ს (N. C.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. ჩ-ს მიმართ თ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2010 წლის 16 ივნისს თ.ს რესპუბლიკის ქ. კ-ს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს განაჩენით ნ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, თ-ს რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაცემა, გასაღება, ტრანსპორტირება, გადაადგილება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
1.2. 2012 წლის 24 მაისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
1.3. 2011 წლის 25 იანვარს თ-ს რესპუბლიკის ქ. კ-ს სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ნ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ს რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით.
1.4. 2015 წლის 21 აპრილს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
1.5. 2015 წლის 26 მაისს ქ. კ-ს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ნ. ჩ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 8 თვით.
1.6. 2020 წლის 29 სექტემბერს თ-ს რესპუბლიკის ქ. კ-ს რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ნ. ჩ-ს დაკავების ბრძანება.
1.7. 2020 წლის 19 ოქტომბრიდან ნ. ჩ-ი თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. 2010 წლის 16 ივნისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2009 წლის 11 მაისს ქ. კ-ი ნ. ჩ-ი შეხვდა ს. ქ-ს, რომელსაც გადასცა 1050 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. ეს ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა ს. ქ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
2.2. აღნიშნულის შემდეგ სოფელ ქ-ი, ნ. ჩ-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: ნ. ჩ-ს კუთვნილი, ორ ტომარაში დაფასოებული, ასევე, სახლში არსებულ თასში აღმოჩენილი, ჯამურად - 18 000 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნ. ჩ-ი ახდენდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას.
3. 2011 წლის 25 იანვრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2010 წლის 4 აპრილს ქ. კ-ი ნ. ჩ-ა იპოვა მ. პ-ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა. აღნიშნულის შემდგომ, ვინაიდან ნ. ჩ-ს ცნობილი იყო, რომ იგი იძებნებოდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ზემოაღნიშნულ პირადობის მოწმობაში ჩააკრა საკუთარი ფოტოსურათი და ამ გზით გააყალბა ოფიციალური დოკუმენტი.
4. ნ. ჩ-ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
4.1. 2020 წლის 30 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ნ. ჩ-ს ექსტრადიციის თაობაზე თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალა.
4.2. 2021 წლის 15 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ნ. ჩ-ი.
4.3. 2021 წლის 17 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ნ. ჩ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
4.4. 2021 წლის 14 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ს რესპუბლიკიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ნ. ჩ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
4.5. 2021 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ნ. ჩ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2021 წლის 15 სექტემბრამდე.
5. 2021 წლის 5 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი ნ. ჩ-ს (N. C.) თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია:
5.1. თ-ს რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაცემა, გასაღება, ტრანსპორტირება, გადაადგილება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თ-ს რესპუბლიკის ქ. კ-ს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს მიერ 2010 წლის 16 ივნისს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით;
5.2. თ-ს რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თ-ს რესპუბლიკის ქ. კ-ს სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2011 წლის 25 იანვარს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატი ო. ჭ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება.
6.1. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ინტერნეტის საძიებო სისტემაში თითქოს, მოიძია და ვერ მოიპოვა ინფორმაცია ნ. ჩ-ს უფლებათა დარღვევისა და დევნის ფაქტზე. ამასთან, ნ. ჩ-ა გაასაჩივრა თავშესაფრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო ადმინისტრაციული სარჩელი, მაგრამ ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოტანილი არ არის.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ნ. ჩ-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ ნ. ჩ-ი თავშესაფრის მაძიებელ პირად რომც ითვლებოდეს, აღნიშნული გარემოება არ აბრკოლებს სასამართლოს, მიიღოს გადაწყვეტილება ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე ექსტრადიცია, „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის კონვენციით ნაგულისხმევი ვალდებულებებიდან გამომდინარე, არ უნდა აღსრულდეს. ამასთან, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია და საექსტრადიციო მასალებშიც არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა, მიუთითებდეს თ-ს რესპუბლიკაში ნ. ჩ-ს მიმართ უფლებათა დარღვევის ფაქტზე. პოზიციაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ნ. ჩ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 და მე-8 მუხლებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობის, ლტოლვილის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა მოთხოვნა.
3. თ-ს რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ნ. ჩ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 15 მარტს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. მოცემულ შემთხვევაში, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ნ. ჩ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებიც დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თ-ს კანონმდებლობით და ამავდროულად, სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენებით ნ. ჩ-ს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ხნით. საკასაციო პალატა უთითებს, რომ თ-ს რესპუბლიკაში ნ.ჩ-ს ქმედებები დასჯადია ხსენებული ქვეყნის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაცემა, გასაღება, ტრანსპორტირება, გადაადგილება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. ჩ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენებით დადგენილ ქმედებათა საქართველოს იურისდიქციაში ჩადენის შემთხვევაში, იგი დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რისთვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და იმავე კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნაც, კერძოდ, ის დანაშაულები, რომელთა ჩადენისათვის ნ. ჩ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციაა მოთხოვნილი, შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კანონმდებლობით სასჯელის სახით სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ-ს რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიის შესაბამისად, დანაშაულები, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ნ. ჩ-ს გადაცემა არ განეკუთნება პოლიტიკურ ან სამხედრო დანაშაულს. ამავე გარანტიის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებები დაცული იქნება საერთაშორისო კონვენციებისა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
7. ამასთან, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, აკრძალულია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, ნ. ჩ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ.
8. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით განსაზღვრული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადებიც. ამასთან, თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით, განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული თ-ს რესპუბლიკის კანონმდებლობითაც.
9. ნ. ჩ-ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არც მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,Non bis in idem“ პრინციპის დარღვევა („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლები). ამასთან, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაცულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესი (ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ამნისტია).
10. თ-ს რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებიდან გამომდინარე, არ იკვეთება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლების) დარღვევის საფრთხეც. საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და არსებითი პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ-ს რესპუბლიკაში ნ. ჩ-ს მიმართ არ იყო დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ან ექსტრადიციის შემთხვევაში იარსებებს მისი დარღვევის საფრთხე. აღსანიშნავია, რომ ნ. ჩ-ი თავად ესწრებოდა ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენების გამოტანას და იგი უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით.
11. საკასაციო საჩივარში ადვოკატი მხოლოდ ზოგადი ფორმით აღნიშნავს, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თითქოს, ინტერნეტის საძიებო სისტემაში მოიძია და ვერ მოიპოვა რაიმე სახის ცნობა ნ. ჩ-ს უფლებათა დარღვევისა და დევნის ფაქტზე. პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უთითებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში) ექსტრადიციის შემთხვევაში რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352).
11.1. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს საჩივარში არ მიუთითებია თ-ს რესპუბლიკაში ნ. ჩ-ს მიმართ ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის კონკრეტული საფრთხის თაობაზე. ამასთან, ნ. ჩ-ს ექსტრადიციის საქმეზე წარმოდგენილი ბრალდების მხარის პოზიციის თანახმად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ვერ მოიპოვა რაიმე იმგვარი სახის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც დადგინდებოდა, რომ ნ. ჩ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებათა სხვაგვარი დარღვევის საფრთხე იარსებებს.
12. რაც შეეხება კასატორის აპელირებას, რომ ნ. ჩ-ი ამჟამად თავშესაფრის მაძიებელი პირია, როგორც საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, ნ. ჩ-ს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს N4656170 პასუხის თანახმად, 2021 წლის მარტიდან 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, ნ. ჩ-ი მოსარჩელე მხარედ არ იძებნება. თავის მხრივ, საკასაციო საჩივარში ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაცვის მხარემ თავშესაფრის მიღებაზე უარი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
12.1. საკასაციო პალატა უთითებს, რომ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშომლობის შესახებ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ფაქტი, რომ პირი თავშესაფრის მაძიებელია, სასამართლოსათვის არ წარმოადგენს ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას; მაგრამ საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს: N7I-16, N21I-20, N304I-21 გადაწყვეტილებები).
13. რაც შეეხება პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვას, საკასაციო პალატა ამ ნაწილში აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში გახდეს; ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (,,King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29). მოცემულ შემთხვევაში, ნ. ჩ-ნ გასაუბრების ოქმის (ექსტრადიციის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობის შესახებ) თანახმად, მას საქართველოში ოჯახის წევრი არ ჰყავს. მისი ძმა, დედა და მეუღლე კი თ-ს რესპუბლიკაში ცხოვრობენ.
14. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ნ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე