დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №72აგ-20 თბილისი
გ-ი ა-ე, 72აგ-20 29 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა-ე გ-ის ადვოკატ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის განაჩენით ა-ე გ-ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების - „ოპიუმის“ ჯგუფის, „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანა“), „ამფეტამინის“, „მეტამფეტამინისა“ და „ექსტაზის“ (მდმა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებაში) და განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ა-ე გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:
· ა-ე გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით;
· ა-ე გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების - „ბუპრენორფინისა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებაში) და დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი;
· ა-ე გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული ნივთიერება „5-Fluro-ADB-ის“ უკანონო შეძენასა და შენახვაში) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ა-ე გ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მისთვის შეფარდებული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა - 2000 ლარი და საბოლოოდ ა-ე გ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი. ა-ე გ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 26 ოქტომბრიდან იმავე წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენით:
· ა-ე გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში;
· ა-ე გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალებების - „25ი-ნბომე-სა (25I-NBOME)“ და 0.000023 გრამი „ჰეროინის“ უკანონო შეძენასა და შენახვაში) და 58-ე მუხლის გათვალისწინებით, მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· ა-ე გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-ე გ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-ე გ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2018 წლის 13 აგვისტოდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა-ე გ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით) და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით ა-ე გ-ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ დადგენილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება შეიცვალა, კერძოდ: მსჯავრდებულ ა-ე გ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შეფარდებული ძირითადი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ა-ე გ-ისათვის განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ დადგენილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. 2020 წლის 7 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა-ე გ-მა, რომელმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების შესაბამისად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 12 ივნისის დასკვნის საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენის გაუქმება და სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ა-ე გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაშვებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით.
10. 2020 წლის 18 სექტემბერს მსჯავრდებულ ა-ე გ-ის ადვოკატმა ე. მ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას დამატებით წარუდგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 17 სექტემბრის დასკვნა.
11. სააპელაციო სასამართლოს სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ა-ე გ-მა და მისმა ადვოკატმა ე. მ-მა დააზუსტეს მოთხოვნა, კერძოდ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენების გადასინჯვა, მათში ცვლილებების შეტანა და ა-ე გ-ის გათავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შეფარდებული ძირითადი და დამატებითი სასჯელებისაგან, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელისაგან, ხოლო პროკურორმა მოითხოვა აღნიშნული განაჩენების უცვლელად დატოვება.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ა-ე გ-ისა და მისი ადვოკატის - ე. მ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენები დარჩა უცვლელად.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-ე გ-ის ადვოკატმა ე. მ-მა, რომელიც ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ა-ე გ-ისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული ძირითადი სასჯელებისა და დამატებითი სასჯელის - ჯარიმა - 5000 ლარისაგან გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის.
4. ამავე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 23-ე პუნქტის თანახმად, ესა თუ ის ქმედება წარმოადგენს თუ არა ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით შეძენა-შენახვას, უნდა დადგინდეს კონკრეტული საქმის გარემოების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარისა და საქმის განმხილველი სასამართლოს (სათანადო ცოდნის მქონე სპეციალისტის დახმარებით) შესაფასებელია, წარმოადგენს თუ არა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება/ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევი მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას.
5. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებისას პირის მიმართ სასჯელის სახით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ა-ე გ-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული ნივთიერება „5-Fluro-ADB-ის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, რაზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განჩინება ვერ გავრცელდება, ვინაიდან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შეძენასა და შენახვას აღნიშნული განჩინება არ ეხება, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გასცდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებს.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განჩინება ასევე ვერ გავრცელდება ა-ე გ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით ნარკოტიკული საშუალებების - „25ი-ნბომე-სა (25I-NBOME)“ და 0.000023 გრამი „ჰეროინის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის მსჯავრდებასთან მიმართებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. წარმოდგენილი ექსპერტიზის 2020 წლის 12 ივნისის დასკვნისა და სააპელაციო სასამართლოში დაკითხული ექსპერტის ჩვენების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება - 0.000023 გრამი „ჰეროინის“ ოდენობა არ შეესაბამება ერთჯერადი გამოყენებისათვის ვარგის თერაპიულ დოზას, ხოლო 0,0404 გრამ სამ თეთრ ქაღალდის ფირფიტაზე არსებული ნარკოტიკული საშუალება „25ი-ნბომე-ს (25I-NBOME)“ ზუსტი ოდენობა დაუდგენელია. ამასთან, სასამართლოში დაკითხვისას ექსპერტმა განმარტა, რომ „25ი-ნბომე (25I-NBOME)“ არის ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გამოიყენება ძალიან მცირე რაოდენობით და მისი მინიმალური თერაპიული დოზა იწყება 0,05 მგ-დან (0,00005 გრამი), შესაბამისად, „25ი-ნბომე-ს (25I-NBOME)“ შემცველი, 0,0404 გრამი (40,4 მგ.) სამი ქაღალდის ფირფიტა არის საკმაოდ დიდი რაოდენობა და მას იყენებენ სწორედ აღნიშნული ფურცლის ან ქაღალდის (რაც გაჟღენთილია მითითებული ნარკოტიკული საშუალებით) ენის ქვეშ დასადებად ან პირში, ლოყაზე დასაკრავად. ამდენად, ნარკოტიკული საშუალება „25ი-ნბომე-ს (25I-NBOME)“ შემცველი, 0,0404 გრამი სამი ქაღალდის ფირფიტა ვერ ჩაითვლება მოსახმარად გამოუსადეგარ ოდენობად.
6.2. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალება - 0.000023 გრამი „ჰეროინის“ ოდენობა არ შეესაბამება ერთჯერადი გამოყენებისათვის ვარგის თერაპიულ დოზას, ა-ე გ-ს ნარკოტიკული საშუალებების - „25ი-ნბომე-სა (25I-NBOME)“ და 0.000023 გრამი „ჰეროინის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განჩინება ა-ე გ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენთან მიმართებითაც ვერ გავრცელდება.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ა-ე გ-ის ადვოკატ ე. მ-ის საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა-ე გ-ის ადვოკატ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე