განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 24.05.2021
საქმის ნომერი
2კ-355-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.05.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №355I -21 თბილისი

ფ-ი ზ., 355I -21 24 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ფ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - ი-ის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ზ. ფ-ის პირადი საქმე.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ფ-ის, - - - მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.

3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ფ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 მაისის განაჩენით მისთვის დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის - 3000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ზ. ფ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის პირველი მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებასთან მიმართებით და დამატებით მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების (მათ შორის ნასამართლობის არქონა) დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ამნისტიის შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს და სასჯელი გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „ა“ ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, კერძოდ, თუ მან ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) ან - ქურდობა დიდი ოდენობით (177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის პირველი მაისის განაჩენით ზ. ფ-ი მსჯავრდებულია ქურდობის მცდელობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, კერძოდ: მან ქურდობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), ჩაიდინა არაერთგზის (177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება) და ერთიანი სასჯელი აქვს შეფარდებული, უფრო მკაცრი ნორმით. ამავე დროს, ზ. ფ-ი ნასამართლევია წინა განაჩენით.

3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.

4. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ ზ. ფ-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 მაისის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა შეფარდებული აქვს 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, რომელიც, საქმის მასალების მიხედვით, აღსრულებული არ არის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ფ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე იგი უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის - 3000 ლარის (რომელიც დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის პირველი მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებულ ჯარიმას - 2000 ლარს) გადახდისაგან.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ფ-ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ფ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებული ზ. ფ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის - 3000 ლარის (რომელიც დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის პირველი მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებულ ჯარიმას - 2000 ლარს) გადახდისაგან;

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი