საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.05.2021
საქმის ნომერი
2კ-233აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.05.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№233აპ-19 ქ. თბილისი

ჟ-ი მ-ი, 233აპ-19 24 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის – მაია სილაგაძის, მსჯავრდებულ მ. ჟ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ის, ასევე – მსჯავრდებულების – მ. გ-სა და გ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. პ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ჟ-ს ბრალად დაედო თაღლითობაში დახმარება, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით); მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (დანაშაული, გათვალისწინებული 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო გ. დ-ესა და მ. გ-ეს – თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· მ. ჟ-ი იყო ბ-ის საკრებულოს წევრი. იმავე საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 29 მარტის განკარგულებით იგი დაინიშნა თვითმმართველი ქალაქ ბ-ის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარედ და ითვლებოდა საჯარო მოხელედ.

· 2013 წლის ივნისში გ. დ-ემ და მისმა შვილმა მ. გ-ემ შემოღობეს სახელმწიფოს კუთვნილი 863 მ2 მიწა (ბ-ი, ალ. ჩ-ის ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორია) და განცხადებით მიმართეს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას, რომ თითქოსდა, გ. დ-ე 20 წლის განმავლობაში ფლობდა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთს და ითხოვეს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება.

· მ. ჟ-მა, რომელიც მოქმედებდა გ. დ-ისა და მ. გ-ს დახმარების განზრახვით, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და შეცდომაში შეიყვანა კომისიის წევრები: ი. ზ-ე, გ. თ-ე, ბ. ჭ-ე და დაარწმუნა ისინი, რომ გ. დ-ისათვის მიწის გადაცემა აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს.

· კომისიის წევრები ენდნენ მ. ჟ-ს და 2013 წლის 11 ივლისს დადებითად გადაწყვიტეს გ. დ-ის მიწის საკუთრებაში გადაცემის საკითხი. აღნიშნული გზით გ. დ-ე და მ. გ-ე, მ. ჟ-ის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლნენ 863 მ2 მიწას, რითიც სახელმწიფოს მიადგა 149149 ლარის მატერიალური ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით: მ. ჟ-ი,– გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; მის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი; მ. გ-ე, – და გ. დ-ე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრათ: მ. გ-ეს – ჯარიმა 10000 ლარი, ხოლო გ. დ-ეს – ჯარიმა 5000 ლარი.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი – პროკურორი მაია სილაგაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ მ. ჟ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო გ. დ-ისა და მ. გ-სათვის – უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.

6. მსჯავრდებულების – გ. დ-ისა და მ. გ-ეს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. პ-ე, ასევე – მსჯავრდებულ მ. ჟ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. ბ-ე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნენ დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე („ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001;), „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009)). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ („ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017); იხ. ასევე, „მარინი ალბანეთის წინააღმდეგ“ (Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც მ. ჟ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების, ხოლო გ. დ-ისა და მ. გ-ს მიერ – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას ადასტურებს, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლების – მ. ს-სა და მ. ჭ-ას, ასევე მოწმეების – გ. კ-ის, რ. ტ-ის, თ. კ-ის, მ. ჭ-ას, დ. ა-ას, ე. ლ-ის, ლ. ჭ-ის, ბ. ბ-ის, ბ. ჭ-ის, გ. თ-ის, ა. თ-ისა და სხვათა ჩვენებებით, 2013 წლის 3 ივნისის სანოტარო აქტით, 2013 წლის 11 ივლისის №- ოქმით, 2013 წლის 15 ივლისის საკუთრების უფლების №- მოწმობით, საჯარო რეესტრის 2013 წლის 16 ივლისისა და 24 ივლისის ამონაწერებით, ადგილმდებარეობის დათვალიერების 2014 წლის 20 იანვრის ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის 2014 წლის 18 მარტის დასკვნით, ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული კრებსებითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ. ჟ-ის, გ. დ-ისა და მ. გ-ს ბრალეულობა ზემოთ მითითებულ დანაშაულთა ჩადენაში, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივარს მ. ჟ-ის ბრალდების სრული მოცულობითა და კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას როგორც ქმედების გადაკვალიფიცირების, ისე – გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება. მტკიცებულებათა შესწავლის შედეგად არსებითი დარღვევა, რომელიც გავლენას მოახდენდა გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივ შეფასებაზე, არ გამოვლენილა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №824აპ-19) და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

12. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი, ისე – შემამსუბუქებელი გარემოებები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, დამდგარი შედეგი და მათ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები, რომელთა დამძიმების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.

13. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

14. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, თუმცა ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა და, ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება გ. დ-ისა და მ. გ-სათვის შეფარდებულ ჯარიმებზე.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის – მაია სილაგაძის, მსჯავრდებულ მ. ჟ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ის, ასევე – მსჯავრდებულების – მ. გ-სა და გ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. პ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი