დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.06.2021
საქმის ნომერი
2კ-316-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140141121004277787

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№3161-21 1 ივნისი, 2021 წელი

ხ. ა., 3161-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ს საკასაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ა. ხ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა. ხ-ს სასაჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

მსჯავრდებულ ა. ხ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 სექტემბრიდან.

2. 2021 წლის 18 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ა. ხ-ის პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განჩინებით ა. ხ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება არ გავრცელდა.

4. მსჯავრდებულ ა. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. დ საჩივარში აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკუთარი ინიციატივით არასრულყოფილად გამოიკვლია დაზარალებულთა პოზიცია ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით, რის გამოც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და დაზარალებულთა წერილობითი თანხმობების შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ,,ამნისტიის შესახებ” 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ერთ-ერთმა საფინანსო კომპანიამ, კერძოდ, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „...“ წერილით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, საიდანაც ირკვევა, რომ ა. ხ-ს ქმედებით გამოწვეული ზიანი კომპანიისათვის ანაზღაურებული არ არის, რისი გათვალისწინებითაც, მსჯავრდებულის მიმართ კანონიერად არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი