საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.06.2021
საქმის ნომერი
2კ-38აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100120003574048

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№38აპ-21 ქ. თბილისი

ტ–ი პ., 38აპ-21 23 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ - გიორგი რამიშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა; დაზარალებულმა ი. ტ–მ და მოწმე მ. ტ–მ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება პ. ტ–ს წინააღმდეგ, რითაც შეეცადნენ ოჯახის წევრის პასუხისმგებლობისაგან არიდებას, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა: 2020 წლის 11 მარტის შეტყობინება; დაზარალებულ ი. ტ–ის მიერ გამოძიებაში, გამოკითხვისას, მიცემული განმარტებები; მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი; უდავოდ მიჩნეული მოწმე რ. დ–ს გამოკითხვის ოქმი, რომლითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდებოდა პ. ტ–ს ბრალეულობა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 გადაწყვეტილებას, როდესაც სასამართლომ, ოჯახური დანაშაულის საქმეზე, არ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

2. გამართლებულ პ. ტ–ს ადვოკატი პ. შ–ე საკასაციო შესაგებლით ითხოვს ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, პ. ტ–ს ბრალად დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 11 მარტს, ღამის საათებში ქ. ..............ში, პ. ტ–ი მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელის საშუალებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის დას - ი. ტ–ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2019 წლის მარტში, ქ. ...........ში, ............ის ქუჩა №..., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, პ. ტ–მ თავის დას - ი. ტ–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. პ. ტ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ივნისის განაჩენით პ. ტ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და პ. ტ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა პ. ტ–ს ბრალეულობა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება; დაზარალებულმა ი. ტ–მ და მოწმე მ. ტ–მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; აღსანიშნავია, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 გადაწყვეტილებისაგან განსხვევბული მოცემულობაა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, შეაფასოს დაზარალებულ ი. ტ–ისა და მოწმე მ. ტ–ის ჩვენებების სანდოობა ან/და დამაჯერებლობა, ვინაიდნ დაზარალებულმა და მოწმემ სასამართლოს საერთოდ არ მისცეს ჩვენებები და არც მათი გამოკითხვის ოქმები გამოკვლეულა მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითად განხილვის დროს და, ამდენად, გამოძიებისას გამოკითხვის ოქმებში მოწმეების მიერ მითითებული ინფორმაციის გამოყენებას პირის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისას არ აქვს კანონიერი გამართლება; 2020 წლის 11 მარტს დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული ეს მტკიცებულება დაუშვებლად იქნა ცნობილი წინასასამართლო სხდომაზე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად - დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას; ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებებიდან: მოწმეების - რ. დ–ს, ისევე, როგორც ნ. კ–ს და ა. ვ–ს გამოკითხვის ოქმები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, არის ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო დაზარალებულის შეტყობინება, ცალკე აღებული, ვერაფრით დაადასტურებს პ. ტ–ს ბრალეულობას; ამდენად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ქმნის იმგვარ ერთობლიობას, რომელიც აუცილებელია პ. ტ–ს გონივრულ ეჭვს მიღმა მსჯავრდებისათვის.

11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის -გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი