საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.09.2021
საქმის ნომერი
2კ-644აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100121004309717

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №644აპ-21 ქ. თბილისი

ი-ი ს, 644აპ-21 9 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილ ბრალდებათა არსი:

1.1. ს. ი-ს ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ; აგრეთვე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.1.1. 2020 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ. გ-ი, დ. ა-ს ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ი-ა ყოფილ მეუღლეს - ა. ი-ს განუცხადა, რომ მოკლავდა, ვინაიდან მიაჩნდა, რომ იყო უწესო ქალი და არცხვენდა მას. აღნიშნული ა. ი-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.1.2. 2020 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ. გ-ი, დ. ა-ს ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ი-ა ყოფილ მეუღლეს - ა. ი-ს მოქაჩა თმა და ცდილობდა, გადმოეთრია სამარშრუტო ტაქსიდან, ვინაიდან მიაჩნდა, რომ იყო უწესო ქალი, რომელიც არცხვენდა მას. აღნიშნული ქმედების შედეგად ა. ი-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 მარტის განაჩენით:

2.1. ს. ი-ი, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში; ს. ი-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით:

3.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი - რუსთავის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილი ითხოვს ს. ი-ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

4.1. საკასაციო საჩივარში პროკურორი ს. ი-ს ბრალეულობის დასადასტურებლად იშველიებს ა. კ-ს ჩვენებას. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ა. ი-ა თავად გამოცხადდა გარდაბნის რაიონულ სამმართველოში და შემთხვევიდან მალევე განაცხადა მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის (მუქარის) შესახებ. ამასთან, სასამართლო-სამედიცინო დასკვნის ობიექტური შემოწმების მონაცემების თანახმად, ა. ი-ა უჩიოდა ტკივილს თავის არეში.

5. ბრალდების მხარის საჩივარზე ს. ი-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. კ-მ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

5.1. ადვოკატი შესაგებელში უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ს. ი-ს მიერ დანაშაულთა ჩადენას და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.2. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).

6.4. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს ს. ი-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც პროკურორს აღნიშნულ ბრალდებათა დამადასტურებლად აქვს საჩივარში მიმოხილული, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს ს. ი-ს მიერ ოჯახში ძალადობისა და მუქარის ჩადენას.

6.5. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ბრალდების ორივე ეპიზოდში კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს მათ შესაბამისობას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტთან.

6.5.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი (ფიზიკური შეურაცხყოფა):

დაზარალებულმა ა. ი-მ გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (ყოფილი მეუღლის) წინააღმდეგ.

მოწმე ა. კ-ს ჩვენების თანახმად, 2021 წლის 21 დეკემბერს იგი იმყოფებოდა ქ. გ-ი, ე.წ. ტაქსების გაჩერებაზე და ელოდებოდა კლიენტს. ამ დროს მასთან მივიდა მისი თანასოფლელი ა. ი-ა, რომელმაც გადასცა ორი პაკეტი და სთხოვა აღნიშნული პაკეტების მის სახლში წაღება. მოწმემ პაკეტები მოათავსა ავტომანქანის საბარგულში და როდესაც უკან გაიხედა, დაინახა, რომ ა. ი-ა, რომელიც იჯდა ზ-ს (გვარს ვერ იხსენებს) მანქანის უკანა სავარძლის მარჯვენა მხარეს, ესაუბრებოდა ერთი მეტრის მოშორებით მდგარ ს. ი-ს. მან მალე შეამჩნია, რომ ა. ი-მ მანქანის ფანჯრიდან ხელი ჰკრა ს. ი-ს, რის შემდეგაც ს. ი-ი გაერიდა ა-ს. იგი არ შესწრებია ს. ი-ს მხრიდან ა. ი-ს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს; ასევე, არ გაუგია ს. ი-ს მხრიდან ა. ი-ს მიმართ მუქარა. პირიქით, ა. ი-ა ესაუბრებოდა ს. ი-ს ხმამაღლა და ხელიც მან ჰკრა ს. ი-ს.

უდავოდ ცნობილი მოწმის - გ. მ-ს გამოკითხვის ოქმი შეეხება მხოლოდ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შინაარსს და იგი არ არის დანაშაულებრივი ქმედების შემსწრე.

მართალია, ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში აგრეთვე მიუთითებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და დანაშაულის შეტყობინების ბარათზე, თუმცა, N.... დასკვნის თანახმად, ა. ი-ს ობიექტური შემოწმებით სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება; ამავე დასკვნის გამოკვლევის ნაწილში აღნიშნულია, რომ იგი უჩივის ტკივილს თავის მიდამოში; რაც შეეხება თავად დაზარალებულის მიერ შესაბამისი სამმართველოსათვის ძალადობის შეტყობინების ფაქტს, აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ა. ი-მ განაცხადა, რომ მას ყოფილი მეუღლე ს. ი-ი ემუქრება სიცოცხლის მოსპობითა და აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და უთითებს, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში წარმოდგენილი მტკიცებულებები: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევის ნაწილი (უჩივის თავის ტკივილს) და ძალადობის ფაქტის შესაბამის სამმართველოში გაცხადება, არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც თავად დაზარალებულმა ა. ი-მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა არც სხვა, რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ს. ი-ს მიერ ა. ი-ს (ყოფილი მეუღლის) 2020 წლის 21 დეკემბერს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. შესაბამისად, როდესაც საქმეში წარმოდგენილ მასალათა ნაწილი ბადებს მნიშვნელოვანი სახის კითხვებს და საეჭვოდ აქცევს პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, კონსტიტუციის ამავე მუხლის თანახმად, აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

6.5.2. სსსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა):

როგორც ზევით აღინიშნა, დაზარალებულმა ა. ი-მ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის, ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ. მოწმე ა. კ-ს ჩვენების თანახმად, მას არ გაუგია ს. ი-ს მხრიდან ა. ი-ს მიმართ მუქარა. რაც შეეხება თავად დაზარალებულის მიერ შესაბამისი სამმართველოსათვის ძალადობის შეტყობინების ფაქტს, აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ა. ი-მ განაცხადა, რომ მას ყოფილი მეუღლე ს. ი-ი ემუქრება სიცოცხლის მოსპობით და აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ბრალდების მხარის მიერ მითითებული სხვა მტკიცებულება, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მუქარის ამ ეპიზოდისათვის არარელევანტურია, ვინაიდან იგი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უკავშირდება.

მაშასადამე, მხოლოდ დანაშაულის შესახებ შეტყობინების დოკუმენტი ვერ დაედება საფუძვლად ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში პირის მსჯავრდებას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ იმპერატიულ მოთხოვნებს. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77). ევროპულმა სასამართლომ საქმეში Capeau v. Belgium (იხ. საქმე ,,კაპო ბელგიის წინააღმდეგ,“ N42914/98, 13/01/2005, §25) აგრეთვე მიუთითა, რომ ყოველი მტკიცებულების მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ფონზე და იგი „inter alia“ გულისხმობს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ბრალმდებელს.

6.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

6.7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი