დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.10.2021
საქმის ნომერი
2კ-428-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.10.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

N428I-21 ქ. თბილისი

გ-ი ბ, 428I-21 22 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. გ-ს (B. G-k) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ. გ-ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

1.1. 2021 წლის 23 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ბ. გ-ის ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

1.2. 2021 წლის 31 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ს-ს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ. გ-ი.

1.3. 2021 წლის 1 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ბ. გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2. ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის 5 დეკემბერს, თ-ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ბ. გ-ა, რომელსაც მეგობარმა შ.ჯ.-მ ზედამხედველობაში დაუტოვა 2007 წლის 29 სექტემბერს დაბადებული (2 წლის) ვაჟიშვილი, ჩაიდინა მის სხეულში ორგანოს შეყვანა გაუკუღმართებული გზით.

3. ბ. გ-ს მიმართ თ-ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

3.1. 2013 წლის 13 ნოემბერს თ-ის რესპუბლიკის ს-ს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს N2010/159-2013/260 განაჩენით ბ. გ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თ-ის რესპუბლიკის N5237 კანონის 103/1-ა, 103/2 და 103/3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის (სექსუალური ძალადობა ბავშვზე, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) ჩადენაში. იმავე განაჩენით ბ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 წლითა და 6 თვით. ამასთან, 12 წლისა და 363 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარების შემდგომ, იგი მოიპოვებს პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებას.

3.2. 2019 წლის 25 დეკემბერს აღნიშნული განაჩენი თ-ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩა ძალაში;

3.3. 2020 წლის 6 თებერვალს გამოიცა ბ. გ-ის დაკავების ბრძანება;

3.4. 2021 წლის 3 ივნისიდან ბ. გ-ი იძებნებოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

4. 2021 წლის 5 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი ბ. გ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ს-ს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის N2010/159-2013/260 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. გ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თ-ის რესპუბლიკის ს-ს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის N2010/159-2013/260 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატი ნ. ტ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინება.

6.1. კასატორი აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოპოვებული მტკიცებულებებით ბ. გ-ი 2012 წლიდან ხალხთა დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრია და 2014 წლიდან 2019 წლამდე სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. უფლებადამცველი ორგანიზაციები საკუთარ ანგარიშებში გამოთქვამენ შეშფოთებას თ-ის ოპოზიციური პარტიის წევრების უფლებების დარღვევის, დევნისა და შევიწროების კუთხით. თ-ის რესპუბლიკაში არსებული მდგომარებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ არასათანადო მოპყრობის, წამების ფაქტების ზრდაზე. სკეპტიციზმს აჩენს პრაქტიკაში არსებული ის მაგალითებიც, რომლებითაც დასტურდება, რომ დიპლომატიურმა გარანტიებმა ვერ უზრუნველყო პირთა წამებისგან დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ გარანტიები გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება მისაღები იყოს, შეუძლებელია, მისი გამოყენება გამართლდეს იმ ქვეყნებში გაძევების შემთხვევაში, სადაც წამების სისტემატური ან რუტინული პრაქტიკა არსებობს.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანუკა ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ბ. გ-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნასა და არასათანადო მოპყრობას. ბ. გ-ის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დევნისა და ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლების დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. დაცვის მხარეს პროკურატურისათვის აგრეთვე არ მიუწვდია რაიმე დამაჯერებელი ინფორმაცია, რომელიც თ-ის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვის, ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობის, ლტოლვილის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა მოთხოვნა.

3. თ-ს რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ. გ-ი ს-ს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 31 აგვისტოს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო პალატა თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ბ. გ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

მოცემულ საქმეში ბ. გ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია, როგორც ს-ოს, ისე თ-ის კანონმდებლობით და ამავდროულად, სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული დანაშაულის ს-ოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში, მოცემული ქმედება დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დამნაშავის მეთვალყურეობის ქვეს მყოფი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ); აღნიშნული ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ.

ამასთან, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენით ბ. გ-ს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ხნით, კერძოდ, 19 წლითა და 6 თვით (დამამძიმებელ გარემოებებში, ბავშვზე სექსუალურად ძალადობისათვის).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნაც, კერძოდ, ის დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ბ. გ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციაა მოთხოვნილი, შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კანონმდებლობით სასჯელის სახით სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.

6. პოლიტიკური და სამხედრო დანაშაული:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლების თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაულს, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველო მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად ან არის სამხედრო დანაშაული.

დაცვის მხარე საჩივარში აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალების თანახმად, ბ. გ-ი ხალხთა დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრია და, შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ მისი თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში იარსებებს მისი უფლებებისა და ღირსების შელახვის საფრთხე.

წარმოდგენილი საქმის მასალებით პოლიტიკური შეხედულებების გამო, ბ. გ-ის მიმართ დევნა არ იკვეთება, ვინაიდან ქმედება, რომლის ჩადენის გამოც მოითხოვება პირის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, ჩადენილია 2009 წელს (ამავე წელს დაიწყო გამოძიება), ხოლო 2010 წელს იგი საბრალდებო დასკვნას გაეცნო. დაცვის მხარის წარმოდგენილი მასალებით და საჩივრის მოტივაციის თანახმად, ბ. გ-ი ამ პერიოდის შემდეგ, კერძოდ, 2012 წლიდან არის ხალხთა დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი. ამასთან, ბ. გ-ი გარკვეული დროის განმავლობაში (2010 წლის 4 ივნისიდან - 2011 წლის 20 აპრილამდე) იყო დაპატიმრებული, მაგრამ ამ პერიოდში მისი უფლებების რაიმე სახით დარღვევაზე ინფორმაცია არ წარმოდგენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. გ-ს მიმართ უკანონო დაინტერესება, როგორც ოპოზიციური პარტიის აქტიური წევრის მიმართ, საქმის მასალებით არ იკვეთება.

ამასთან, თ-ს რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიის შესაბამისად, დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება ბ. გ-ს გადაცემა, არ განეკუთვნება პოლიტიკურ ან სამხედრო დანაშაულს.

დაცვის მხარე აპელირებს ხსენებულ გარანტიაზეც და აღნიშნავს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის წამებისგან დაცვას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ხსენებული გარანტია გაცემულია კომპეტენტური ორგანოს, კერძოდ, ს-ს რესპუბლიკური პროკურორის მიერ; ამასთან, მისი შინაარსი არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „კლეინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Klein v. Russia), N24268/08, §55 და ,,ჩაჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ,“ (Chahal v. The United Kingdom), N22414/93, §105).

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.

7. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, ბ. გ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ.

8. დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი/სამართლიანი სასამართლოს უფლება:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ ხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და, ამასთანავე, იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულისთვის უზრუნველყოფილი არ იყო დაცვის მინიმალური უფლებები.“

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, გადაწყვეტილება გამოცხადდა მსჯავრდებული პირის დაუსწრებლად, მისი ადვოკატის დასწრებით. მნიშვნელოვანია, რომ 2010 წლის 4 ივნისის სასამართლო სხდომაზე ბ. გ-ი გაეცნო საბრალდებო დასკვნას და ადვოკატის დასწრებით წარადგინა საკუთარი პოზიცია; დაცვის მხარემ ისარგებლა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით.

ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ მიუწოდებია რაიმე სახის დამაჯერებლი ინფორმაცია, რომელიც თ-ის რესპუბლიკაში არსებულ სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევაზე მიუთითებდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, პროკურატურამ აგრეთვე ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

9. ხანდაზმულობის ვადა:

რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილით განსაზღვრული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადებიც („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი).

ამ შემთხვევაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადისა, ,,ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, აუცილებელია, შეფასდეს ექსტრადიციის თხოვნის გამომგზავნი, ქვეყნის კანონმდებლობაც.

მოცემულ საქმეში, თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ამავე ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით, განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა 20 წელია, რომელიც იწურება 2039 წლის 25 დეკემბერს.

მაშასადამე, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნ (თ-ს რესპუბლიკის), ისე მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

10. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:

10.1. სტატუსი:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“

მიგრაციის დეპარტამენტის პასუხის თანახმად, ბ. გ-ს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო გადაწყვეტილება მას ხელზე 2021 წლის 4 ოქტომბერს ჩაჰბარდა. ამავე პასუხის თანახმად, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლით დადგენილი წესიდან გამომდინარე, ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 1 თვეში. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თავშესაფრის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით განსაზღვრული უფლებებითა და გარანტიებით. მაშასადამე, ამ ეტაპზე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა გასული არ არის; საკასაციო პალატა უთითებს, რომ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშომლობის შესახებ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ფაქტი, რომ პირი თავშესაფრის მაძიებელია, სასამართლოსათვის არ წარმოადგენს ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას. თუმცა, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს, „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს: N7I-16, N21I-20, N304I-21 გადაწყვეტილებები).

10.2. ამნისტია:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულთან დაკავშირებით, დაცულია ზემოაღნიშნული პუნქტის მოთხოვნა.

10.3. შეწყალება:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“

წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.

11. პრინციპი ,,Non bis in idem“:

,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში ბ. გ-ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არც მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში.

12. სამართალწარმოება ერთსა და იმავე დანაშაულთან დაკავშირებით და დანაშაულის ჩადენის ადგილი:

მოცემულ შემთხვევაში ბ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედება არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ არის ჩადენილი საქართველოს ტერიტორიაზე და ამავე დანაშაულთან დაკავშირებით, რომლისთვისაც პირის გადაცემა მოითხოვება, საქართველოში სამართალწარმოება არ მიმდინარეობს („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 28-ე მუხლები).

13. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან.“

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში ადვოკატი მხოლოდ ზოგად კვლევებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ბ. გ-ს მიმართ წამების საფრთხე არსებობს. პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უთითებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში) ექსტრადიციის შემთხვევაში რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352).

განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს საჩივარში არ მიუთითებია თ-ის რესპუბლიკაში ბ. გ-ის მიმართ ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის კონკრეტული საფრთხის თაობაზე.

14. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:

რაც შეეხება პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვას, საკასაციო პალატა ამ ნაწილში აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში გახდეს; ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (,,King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29). მოცემულ შემთხვევაში საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევა არ გამოკვეთილა, ვინაიდან, როგორც წარმოდგენილი მასალებით დგინდება, საქართველოში ცხოვრობს ბ. გ-ს მეუღლე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.

15. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. გ-ის (B. G-k) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე