დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.11.2021
საქმის ნომერი
2კ-440-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.11.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802221005165955

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№440I-21 ქ. თბილისი

ს-ი მ, 440I-21 19 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ს-ს (M. S-h) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ს-ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით მ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად) და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, შევიდა ცვლილება და მ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისთვის შეფარდებული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 25 ივნისიდან.

1.3. 2021 წლის 8 თებერვალს მ. ს-ი პირობით ვადამდე გათავისუფლდა ზემოაღნიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან.

1.4. 2021 წლის 4 აგვისტოს მ. ს-ი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

1.5. 2021 წლის 6 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ს-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

1.6. 2021 წლის 20 და 26 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ. ს-ს ექსტრადიციის თაობაზე ს-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

1.7. ამჟამად მ. ს-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

2. ფაქტობრივი გარემოებები:

2020 წლის 5 ივნისს მ. ს-ა, ბ. ს-ა, ჯ. ს-ა და ჰ. ს-ა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ე-ს მაგისტრალის პარალელურად, უკანონოდ გადაკვეთეს ს-ს სახელმწიფო საზღვარი და გადმოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

3. მ. ს-ს მიმართ ს-ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

3.1. 2020 წლის 16 ოქტომბერს ს-ს რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოიტანა დადგენილება მ. ს-ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, მ. ს-ს ბრალი დაედო ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ს-ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

3.2. იმავე დღეს ს-ს რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით მ. ს-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.

3.3. იმავე დღეს ს-ს რესპუბლიკის ქ. ე-ს საერთო იურისდიქციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. ს-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

3.4. 2021 წლის 27 აპრილს გამოცხადდა მ. ს-ს ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

4. 2021 წლის 1 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ს-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ს-ს რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საგამოძიებო დეპარტამენტის 2020 წლის 16 ოქტომბრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ს-ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ს-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ს-ს რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საგამოძიებო დეპარტამენტის 2020 წლის 16 ოქტომბრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ს-ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინების გაუქმებას.

6.1. კასატორი აღნიშნავს, რომ მ. ს-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადგილი ექნება მის მიმართ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, ვინაიდან, როგორც თავად ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი აღნიშნავს, ს-ს რესპუბლიკაში ყოფნის პერიოდში, სადაც იგი მუშაობდა, არაერთხელ დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში და აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აკნინებდნენ მის ღირსებას.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა მ. ს-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ ,,არ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ს-ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და მოხდება მისი სიცოცხლის ხელყოფა; ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვის, ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობის, ლტოლვილის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ს-ს რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ს-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2021 წლის 4 აგვისტოს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა მ. ს-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

მოცემულ საქმეში მ. ს-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე ს-ს კანონმდებლობით და ამავდროულად, სასჯელის სახით გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:

მ. ს-ს მიერ ჩადენილი ქმედება დასჯადია ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ს-ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე.

მ. ს-ს მიერ ჩადენილი ქმედება, საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ხუთ წლამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნაც, კერძოდ, ის დანაშაული, რომლის ჩადენისათვის მ. ს-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციაა მოთხოვნილი, შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კანონმდებლობით სასჯელის სახით სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.

6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ მ. ს-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პირი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან მ. ს-ი არის ი-ს რესპუბლიკის მოქალაქე.

7. ხანდაზმულობის ვადა:

დანაშაულებრივ ქმედებას, რომლის ჩადენაშიც მ. ს-ი ბრალდებულია ს-ს რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ოთხიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 6 წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.

ს-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ს-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 10 წლით და აითვლება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამასთანავე, ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით ს-ს რესპუბლიკაში მ. ს-ს ბრალი წარედგინა 2020 წლის 16 ოქტომბერს და იმავე დღეს გამოცხადდა მისი ძებნა.

მაშასადამე, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნ (ს-ს რესპუბლიკის), ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

8. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:

8.1. სტატუსი:

,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.

მ. ს-ი არ არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე და იგი ითვლება ი-ს რესპუბლიკის მოქალაქედ.

,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში მინიჭებული საერთაშორისო დაცვა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი ან თავშესაფრის ძიება არ არის ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება განსახილველ საქმეში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 3 მარტს მ. ს-ა აღნიშნულ სამინისტროს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა. ამასთან, ამავე წლის 23 ივლისს მ. ს-ს პირადი განცხადების საფუძველზე მისი საქმის წარმოება შეწყდა და შესაბამისად, იგი აღარ ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად საქართველოში. შესაბამისად, იგი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და მას საქართველოში თავშესაფარი არ გააჩნია. ამდენად, არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს, არ იყოს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებეული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.

8.2. ამნისტია, შეწყალება:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით“, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი“. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული ქმედება არ არის ამნისტირებული და საქართველოს არც იურისდიქცია აქვს ამ დანაშაულთან დაკავშირებით. გარდა ამისა, წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.

9. პრინციპი ,,Non bis in idem“:

დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება მ. ს-ს ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.

რაც შეეხება მ. ს-ს მსჯავრდების ფაქტს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის, აღნიშნული არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას იმისათვის, რომ ს-ს რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა მ. ს-ს დააკისრონ პასუხისმგებლობა ს-ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის, რადგანაც საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ს-ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა წარმოადგენს ერთმანეთისგან გამიჯნულ, დამოუკიდებელ დანაშაულებრივ ქმედებებს და არა - ერთსა და იმავე იდენტურ დანაშაულებრივ აქტს.

10. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:

10.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან.“

10.2. ადვოკატის მტკიცებით, მ. ს-ს ს-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდება არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა.

10.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საექსტრადიციო მასალების შესაბამისად, 2020 წლის 16 ოქტომბერს ს-ს რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოიტანა დადგენილება მ. ს-ს ბრალდების შესახებ. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ს-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ გაცემულ გარანტიას, რომლის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ს-ი არ დაექვემდებარება სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. იგი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით, მათ შორის - ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობით.

10.4. საქართველოს პროკურატურამ მ. ს-ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com, yandex.ru). მ. ს-ს მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს ს-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.

12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატი - ნ. მ-ი მხოლოდ ზოგადად აღნიშნავს, რომ მ. ს-ს მიმართ, მისივე განმარტებით, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საფრთხე არსებობს. სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უთითებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში) ექსტრადიციის შემთხვევაში რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352).

13. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს საჩივარში არ მიუთითებია ს-ს რესპუბლიკაში მ. ს-ს მიმართ ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის კონკრეტული საფრთხის თაობაზე.

14. სამართლიანი სასამართლოს უფლება:

ს-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებიდან გამომდინარე, არ იკვეთება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლების) დარღვევის საფრთხეც. ს-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, მ. ს-ი ექსტრადიციის შემთხვევაში ისარგებლებს ადვოკატის მომსახურებით.

15. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR).

16. მოცემულ შემთხვევაში მ. ს-ნ ჩატარებული გასაუბრების თანახმად, მას საქართველოში ოჯახური კავშირები არ გააჩნია და მეტიც, დაკავებამდე იგი საქართველოში არ არის ნამყოფი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მ. ს-ს ექსტრადიციამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევა.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი