დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.12.2021
საქმის ნომერი
29აგ.-2021
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.12.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №29აგ-21 თბილისი

ბ-ე ო-რ,29აგ-21 15 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ბ-ის ადვოკატების - პ. გ-ისა და ქ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენით ო. ბ-ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით - 0.03599 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენასა და შენახვაში) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით - 0.03599 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანაში) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. ბ-ეს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 7 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 24 ივნისიდან იმავე წლის 18 აგვისტოს ჩათვლით. ო. ბ-ეს ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ო. ბ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ო. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე წინა - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენით შეფარდებულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო. ბ-ეს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 4 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - დაკავებიდან ბოლო განაჩენის გამოტანამდე - 2017 წლის 4 ოქტომბრამდე, ასევე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინა განაჩენით სასჯელის ვადაში ჩათვლილი დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 24 ივნისიდან იმავე წლის 18 აგვისტოს ჩათვლით.

3. 2020 წლის 18 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულ ო. ბ-ის ადვოკატებმა - ი. ნ-მა და პ. გ-ემ, რომლებმაც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე მოითხოვეს: ო. ბ-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებიდან ამავე კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების პირველ ნაწილებზე გადაკვალიფიცირება, ვინაიდან ცვლილების შემდეგ 0.03599 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ (რომლის უკანონო შეძენა, შენახვისა და თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის არის მსჯავრდებული ო. ბ-ე) აღარ წარმოადგენს დიდ ოდენობას. ადვოკატებმა ასევე მოითხოვეს, რომ სასამართლომ, შესაძლებლობის ფარგლებში, იმსჯელოს ო. ბ-ისათვის განსაზღვრულ სასჯელზეც.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ო. ბ-ის ადვოკატების - ი. ნ-ისა და პ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაშვებულ იქნა განსახილველად ზეპირი მოსმენის გარეშე.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ო. ბ-ის ადვოკატების - ი. ნ-ისა და პ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენები შეიცვალა, კერძოდ:

· მსჯავრდებულ ო. ბ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან - 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

· მსჯავრდებული ო. ბ-ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან;

· ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენები დანარჩენ ნაწილში, მათ შორის - განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ო. ბ-ის ადვოკატებმა - პ. გ-ემ და ქ. ჭ-ემ, რომლებიც ითხოვენ ო. ბ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისათვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. ამასთან, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 5 მარტის კანონის შესაბამისად, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 189-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად განისაზღვრა - 0.005 გრამზე მეტი - 0.2 გრამის ჩათვლით, დიდ ოდენობად - 0.2 გრამზე მეტი - 1 გრამის ჩათვლით. ამავე დროს, ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით - ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ითვლებოდა - 0.2 გრამის ჩათვლით ნებისმიერი ოდენობა, დიდ ოდენობად - 0.2 გრამზე მეტი - 1 გრამის ჩათვლით.

4. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, ო. ბ-ეს მსჯავრი დაედო 0.03599 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენა, შენახვასა და თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანაში. აღნიშნული ოდენობა ო. ბ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის რედაქციითაც და ამ კანონში 2021 წლის 5 მარტს შესული ცვლილების შემდეგაც წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას.

5. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ო. ბ-ის ადვოკატების - ი. ნ-ისა და პ. გ-ის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოება ამ საქმესთან მიმართებით არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მაგრამ, ვინაიდან დასაშვებობის ეტაპი უკვე გადალახულია, კერძოდ: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით დასაშვებად ცნო შუამდგომლობა და 2021 წლის 19 თებერვალს გამოიტანა განაჩენი, საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვალდებულია, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განიხილოს დასაშვებობის შემოწმების გარეშე.

6. ამასთან, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ო. ბ-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებიდან 260-ე მუხლის პირველ ნაწილებზე გადაკვალიფიცირება და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან მისი გათავისუფლება, დარჩეს უცვლელად, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს იხილავს საჩივრის ფარგლებში, ასევე, ამავე კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს, მიიღოს მსჯავრდებულისათვის არასასიკეთო გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის საჩივრის საფუძველზე. ამავე დროს, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა მსჯავრდებულის სასიკეთოდ, ასევე მის მიმართ გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიღებულია ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე.

7. რაც შეეხება კასატორთა მოთხოვნას, მსჯავრდებულ ო. ბ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში სასჯელის შემცირების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

8. ამასთან, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

9. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მსჯავრდებულ ო. ბ-ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - სანქციის ფარგლებშია, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ო. ბ-ის ადვოკატების - პ. გ-ისა და ქ. ჭ-ის საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ო. ბ-ის ადვოკატების - პ. გ-ისა და ქ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. ვასაძე