საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.12.2021
საქმის ნომერი
2კ-609აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.12.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №609აპ-21 ქ. თბილისი

მ-ი ე-ე, 609აპ-21 21 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 აპრილის განაჩენით ე. მ-ი, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2019 წლის 11 ივლისიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. მ-მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, არაერთგზის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· ე. მ-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

· ეკონომიკური დანაშაულისათვის ნასამართლევი ე. მ-ი 2019 წლის 9 ივლისს, დილის საათებში, იმყოფებოდა თ-ში, შ. მ-ის ქ.№--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ხელთ ნაქონი სახრახნისების გამოყენებით რ. ბ-ის კუთვნილი, „ტოიოტა ქამრის“ ფირმის ავტომობილიდან (სახ. №---), მარჯვენა შუშისა და „ბარდაჩოკის“ დაზიანებით ფარულად დაეუფლა მასში მოთავსებულ, დიდი ოდენობით ფულად თანხას – 32 770 აშშ დოლარს, რაც ეროვნული ბანკის კურსით შეადგენს 92 804,64 ლარს.

4. მსჯავრდებულ ე. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ლ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის, როგორც დაუსაბუთებლის და უკანონოს, გაუქმებასა და ე. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ე. მ-ის ბრალეულობა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმის სხვა მასალებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ე. მ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

7. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ხელს აწერს თავად ე. მ-ი და მას რაიმე შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. ასევე მას არ მიუმართავს საჩივრით მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა უკანონო ქმედებებთან მიმართებით. გარდა ამისა, ე. მ-ისა და დაცვის მოწმის – ლ. ბ-ის ჩვენებები სამართალდამცავების მიერ ლ. ბ-ის გათავისუფლების დროსთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა. საყურადღებოა ისიც, რომ ქურდობიდან რამდენიმე საათში ე. მ-მა კ. კ-ეს გადასცა 7000 აშშ დოლარი, აგრეთვე გადაახურდავა საკმაოდ დიდი თანხა და ლომბარდიდან გამოიტანა ბეჭედი.

8. კასატორი საჩივარში ყურადღებას ამახვილებს ე. მ-ის დაკავების კანონიერებაზე. საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ე. მ-ის დაკავებისას არ დარღვეულა საქართველოს სსსკ-ის 170-175-ე მუხლების მოთხოვნები, მას განემარტა უფლებები და გადაეცა დაკავების ოქმის ასლი, რომელზეც არის ე. მ-ის მინაწერი, რომ გაეცნო ოქმს, გადაეცა ასლი და პრეტენზია არ აქვს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაკავების დროს პირის კანონიერი ინტერესები არ შელახულა, მითუფრო, რომ მის უფლებებში ჩარევა სასამართლოს კონტროლქვეშ მოექცა.

9. რაც შეეხება მოწმე გ. ქ-ის დაკითხვას, პროკურორმა 2020 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე ზეპირად წარმოადგინა შუამდგომლობა აღნიშნული მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით ფულის წარმომავლობის საკითხის დაზუსტების მიზნით. მოსამართლემ მხარეთა მონაწილეობით განიხილა შუამდგომლობა და საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასაბუთებულად დააკმაყოფილა (იხ. 21.02.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი). აღსანიშნავია, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე ბრალდებულის ინტერესების დამცველებს უარი არ განუცხადებიათ.

10. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლები ე. მ-ის მიმართ უკანონოდ მოქმედებდნენ. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და „მხოლოდ მომჩივნის მტკიცების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილ ფაქტად მიიჩნიოს სადავო არასათანადო მოპყრობა“ (Davtian v. Georgia, no. 73241/01, §38, ECtHR, 27/07/2006; Danelia v. Georgia, no. 68622/01, §§ 42 and 43,ECtHR, 17/10/2006). სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ დადგინდება სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევა – მათ შორის გამოძიების მწარმოებელი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ კანონით აკრძალული სახის მოპყრობა, რასაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა მისი პასუხისმგებლობის საკითხზე, კასატორს შესაძლებლობა ექნება, მოითხოვოს განაჩენის გადასინჯვა სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე.

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილია უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ განაჩენით დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც ე. მ-ი დამნაშავედ ცნო მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (სუსგ №251აპ-16, №730აპ-06).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე