საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003421882
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №411აპ-21 ქ. თბილისი
ა. ვ. 411აპ-21 18 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ–ს და მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით: ვ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ვ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ვ. ა–ი, ვ. ა–ი და კ. მ–ი წინასწარ შეუთანხმდნენ ერთმანეთს და 2019 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათისათვის, ვ. ა–ს კუთვნილი „ნისანის“ ფირმის მინივენის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით ....., მივიდნენ ქ. თ–ში, ქ–ს შესახვევი, კორპუსი №..-ის მიმდებარედ და დაიწყეს ცდა. რ. დ–ს გამოჩენისთანავე ვ. ა–ი გადავიდა ავტომანქანიდან, ხოლო ვ. ა–მ დაზარალებულს მანქანა წინ გაუჩერა. ამ დროს ვ. ა–მ და მანქანაში მყოფმა კ. მ–მ რ. დ–ა „ნისანის“ ფირმის მინივენის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით ......, ძალით ჩასვეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. საჭესთან მჯდომმა ვ. ა–მ მანქანით მოძრაობა დაიწყო, ხოლო ვ. ა–მ და კ. მ–მ რ. დ–ა ძირს დააწვინეს და მოძრაობის საშუალება შეუზღუდეს. თავისუფლებააღკვეთილი რ. დ–ა ვ. ა–მ, ვ. ა–მ და კ. მ–მ დაახლოებით ნახევარ საათს ატარეს ავტომანქანით და ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგებთან, მხოლოდ მას შემდეგ ჩამოსვეს და გაათავისუფლეს, რაც ოქროს ნივთები და ხელჩანთა წაართვეს.
ვ. ა–ი, ვ. ა–ი და კ. მ–ი, რომლებიც მოქმედებდნენ რა წინასწარი შეთანხმებით, 2019 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათისათვის ვ. ა–ს კუთვნილი „ნისანის“ ფირმის მინივენის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით ......, მივიდნენ ქ. თ–ში ქ–ს შესახვევი კორპუსი №..-ის მიმდებარედ, სადაც ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩასვეს რ. დ–ა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლნენ რ. დ–ს სხვადასხვა დასახელების ოქროს ნივთებს და ხელჩანთას, მასში არსებული ფულადი თანხითა და პირადი ნივთებით. ვ. ა–მ, ვ. ა–მ და კ. მ–მ თავიანთი ქმედებით დაზარალებულ რ. დ–ს მიაყენეს 5460 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 აგვისტოს განაჩენით:
2.1. ვ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და მე-2
ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ვ. ა–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2019 წლის 5 დეკემბრიდან.
2.2. ვ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ , ,,დ“ ქვეპუნქტებითა და მე-2
ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ვ. ა–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2019 წლის 4 დეკემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. თ–მ და მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. გ–მ და ი. ჯ–მ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. თ–მ და მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ჩ–მ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველ ადვოკატს, ნ. თ–ს საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5 - დღიანი ვადა.
7. 2021 წლის 29 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ–ს დაზუსტებული საკასაციო საჩივარი. ადვოკატი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას და ვ. ა–ს ბრალდების ფორმულირებიდან ვ. ა–ს ამორიცხვას. კასატორის მტკიცებით ვ. ა–ს ბრალად წარდგენილი დანაშაულები არ განუხორციელებია ვ. ა–სთან ერთად.
8. მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შეფასებით, განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, მოსაზრებებს, ან/და კანონის უხეში დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, რომ სწორედ ვ. ა–ი ცდილობდა მის დამშვიდებას და დაწყნარებას, ეუბნებოდა, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა. დაზარალებულის ჩვენებაში არ არის საუბარი ვ. ა–ს მხრიდან მის მიმართ ჩადენილი რაიმე სახის მუქარასა და ძალადობაზე.
9. ვ. ა–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ჩ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენის გაუქმებას.
10. ვინაიდან ორივე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველების მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებში კასატორები გასაჩივრებულ განაჩენს სადავოდ ხდიან ვ. ა–ს მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულების ჩადენის ნაწილში, სასამართლო ერთობლივად შეაფასებს კასატორთა პოზიციებს.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ. ა–ს მიერ როგორც საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ); ასევე საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე - მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, ვ. ა–ს გაცნობიერებული ჰქონდა რ. დ–ს მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და აქტიურად მონაწილეობდა მათ ჩადენაში.
12. სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის გარემოებებს, დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობას (დაზარალებულმა დეტალურად აღწერა ვ. ა–ს და ნ. ა–ს მიერ განხორციელბული ქმედებები, მისი ჩვენება არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან წინაააღმდეგობრივ ინფორმაციას, შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არ დგინდება დაზარალებულის დაინტერესება ან მიკერძოებული დამოკიდებულება ვ. ა–ს ან ნ. ა–ს მიმართ), ოდოროლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნას, ვ. ა–ს ქმედებებს - მანქანაში დაზარალებულის ძალით ჩასმის შემდეგ დაახლოვებით ნახევარი საათის განმავლობაში ქალაქში უწყვეტად გადაადგილება, თვალებახვეული დაზარალებულის მანქანიდან გადმოგდების შემდეგ უმოქმედობა.
13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის ჩვენების თანახმად 2019 წლის 3 დეკემბერს დაახლოებით 9 საათის შემდეგ სახლში მიმავალმა ჩაბნელებულ ადგილას დაინახა ორი პიროვნება, რომელიც ჩავიდა მანქანიდან და ავტომანქანა მინივენი, რომელიც უცებ მოწყდა ადგილიდან, აღნიშნულზე შენიშვნაც კი გამოხატა. მარცხნივ დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც უყურებდა და იღიმოდა, როგორც კი ამ მამაკაცს მიუახლოვდა მან სტაცა ხელი, პირზე ააფარა ხელი და დაუძახა სხვებს, მივიდა ერთი პიროვნება რომელმაც მოჰკიდა ფეხებში ხელი და გვერდულად, თავით წინ მოათავსეს ავტომანქანაში, დააწვინეს ძირს და მანქანა დაიძრა. მძღოლი მანქანიდან არ გადასულა. დაზარალებულის ჩვენებით, სამივე საუბრობდა, ეკითხებდნენ რამდენი ოქრო და ფული ჰქონდა სახლში, ემუქრებოდნენ არავისთვის ეთქვა თორემ მოკლავდნენ, ოჯახის წევრებს დაუხოცავდნენ (იხ. 2020 წლის 21 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი 10:48:22).
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თავად ვ. ა–ს განმარტებითაც მან დაინახა, რომ დაზარალებული იწვა ძირს ავტომანქანის კართან (42:15-42:53) და ითხოვდა შველას. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებულს თავისუფლება ჰქონდა უკანონოდ აღკვეთილი რადგან არ აძლევდნენ განძრევის და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას. აღნიშნული დასტურდება დაზარალებულის ჩვენებითაც, რომელიც მიუთითებს, რომ მძღოლი შემობრუნდა და მისკენ გამოიხედა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის სხდომის ოქმი11:05:00 – 11:05:20; 11:24:57 – 11:25:52). შესაბამისად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის პოზიცია, რომ ვ. ა–სათვის უცნობი იყო მანქანაში განვითარებული მოვლენები. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლით განსაზღვრული ჯგუფური დანაშაულის სახეებს და ზემოთ აღნიშნული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორთა პოზიცია ვ. ა–ს უდანაშაულობა მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენაში.
15. იმავდროულად, ვ. ა–ს და ნ. ა–ს მითითება, რომ მათ ოქრო და ფული არ აუღიათ და აღნიშნული წაიღო კ. მ–მ, არ გამორიცხავს მათი მხრიდან ძარცვის ჩადენის ფაქტს. ქმედების ჯგუფის მიერ ჩადენის დროს მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ოდენობის ქონება შეხვდა თითოეულს ან შეხვდა თუ არა, როდესაც დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური მხარის განხორციელებაში მონაწილეობდა ყველა თანაამსრულებელი.
16. კასატორი ასევე უთითებს, რომ სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ვიტალი ადამიანზე ძალადობას სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ როდესაც პირი წარადგენს საფუძვლიან პრეტენზიას, რომ პოლიციის ან სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო და კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო, სერიოზულ არასათანადო მოპყრობას, აღნიშნული დებულება, კონვენციის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოთა ზოგად ვალდებულებასთან ერთად მოითხოვს, რომ გამოძიებას შედეგად მოჰყვეს პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ლეგალური აკრძალვა, მისი ფუნდამენტური მნიშვნელობის მიუხედავად, პრაქტიკაში არაეფექტიანი იქნებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან, მათ კონტროლქვეშ მყოფ პირთა უფლებების დარღვევას, თითქმის სრული დაუსჯელობის პირობებში (იხ. Mikiashvili v. Georgia, no. 18996/06, §72, ECtHR, 09/10/2012).
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ ბ. შ–ს წერილი, სადაც მითითებულია, რომ 2020 წლის 17 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ............ს სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N.......... საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ ვ. ა–ს მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(იხ. ტ. 2, ს.ფ. 58).
18. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ–ს და მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე