საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№797აპ-21 ქ. თბილისი
გ-ა პ-ა, 797აპ-21 1 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ იმედა გუგუშვილისა და მსჯავრდებულ პ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 დეკემბრის განაჩენით პ. გ-ა, - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით – 2 წლით, ხოლო 276-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ. გ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 16 აგვისტოდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით შეიცვალა: პ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით – 2 წლით, ხოლო 276-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ. გ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. გ-ამ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ან მეტი ადამიანის სოცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ; განსაცდელში მიტოვება, ე.ი. დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 22:50 საათზე, თ-ში, ქ. ფ-ის დასახლებაში, რ-ის ქ. №--ის მიმდებარედ, პ. გ-ამ, რომელიც ნასვამი მართავდა ავტომობილ „კია ოპტიმას“ (სახ. №-), ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელის შემშლელი პირობების გარეშე დაეჯახა გაჩერებულ ავტომობილ „ნისან ტიდას“ (სახ. №-) და მის უკან მდგარ ქვეითებს: მ. მ-ას, ე. ა-ს, რ. ა-ს, ა. მ-ას, ა. მ-ს, ე. ა-სა და ე. მ-ას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ე. ა-ი და ე. მ-ა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ა. მ-ი და მ. მ-ა – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, ხოლო რ. ა-მა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის (სიცოცხლისათვის სახიფათო) დაზიანება.
· პ. გ-ამ, რომელსაც ევალებოდა დაჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულებზე ზრუნვა და შეეძლო მათი დახმარება, დატოვა შემთხვევის ადგილი და განსაცდელში მიატოვა დაზარალებულები, რომელთაც შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მიეღოთ ზომები თავის დასაცავად.
· საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ე. ა-ი და ე. მ-ა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ა. მ-ი და მ. მ-ა – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, ხოლო რ. ა-მა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის (სიცოცხლისათვის სახიფათო) დაზიანება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
5.წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას პ. გ-ასათვის სასჯელის დამძიმების კუთხით.
6. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და პ. გ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის მითითებას გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია პ. გ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5, მე-9 ნაწილებითა და 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:
10.1. ბიოლოგიური ექსპერტიზის № და ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის № დასკვნებით დასტურდება მეუღლეების – პ. გ-ასა და კ. ა-ის მიერ ავტომანქანა „კია ოპტიმით“ სარგებლობა. ავტომანქანის წინა, მარცხენა კარის შიგნითა, კარის გამღების სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში ადასტურებს, რომ მანქანის საჭესთან იჯდა პ. გ-ა, ხოლო ავტომანქანის მართვის საშუალებებზე კ. ა-ის გენეტიკური პროფილის არსებობა უკავშირდება მის მიერ შემთხვევის წინა დღეებში აღნიშნული ავტომანქანის მართვას (როგორც თავად კ. ა-მა განმარტა გამოკითხვის ოქმში). ავტომანქანა „კია ოპტიმას“ სალონში, მარჯვენა მხარეს, დამცავი ბალიშის ქსოვილის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის კ. ა-ს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ იგი იჯდა მძღოლის გვერდით, მარჯვენა მხარეს.
10.2. გარდა ამისა, მოწმეების – რ. მ-ის, ა. მ-ასა და ნ. მ-ას, ასევე – თავად კ. ა-ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ „დამჯახებელი“, თეთრი ფერის ავტომანქანის წინა, მარცხენა სავარძელზე, საჭესთან იჯდა ქალი, რომელიც თავისით გადავიდა წინა, მარცხენა კარიდან. ამასთან, მოწმე ა. მ-ამ ამოცნობისას ამოიცნო პ. გ-ა.
10.3. სასამართლო მხედველობაში იღებს იმას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პ. გ-ამ მიატოვა შემთხვევის ადგილი და სამართალდამცავ ორგანოებს წარედგინა შემთხვევის მეორე დღეს, საღამოს საათებში, რის გამოც იგი ალკოტესტით არ შემოწმებულა. თუმცა საყურადღებოა, რომ 2020 წლის 15 აგვისტოს ადსეი გასანოვის ნიშნობის სუფრასთან მყოფმა პირებმა გამოკითხვისას აჩვენეს, რომ სუფრასთან მყოფი პ. გ-ა აქტიურად სვამდა სასმელს არყის ბოთლიდან. კ. ა-ის გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ პ. გ-ამ ნიშნობის სუფრაზე დალია ალკოჰოლური სასმელი და იყო ნასვამი; მიუხედავად მისი მოწოდებისა, არ დამჯდარიყო საჭესთან, მან დაქოქა ავტომანქანა და დაძრა ადგილიდან; პ. გ-ამ მოუმატა სიჩქარეს (120 კმ/სთ), რის გამოც მოსახვევში ვეღარ შევიდა, შეეჯახა კედელს, შემდეგ კი – გაჩერებულ ავტომანქანასა და იქვე მდგარ რამდენიმე ქვეითს.
10.4. ავტოტექნიკური ექსპერტიზის №- დასკვნით, პ. გ-ამ ვერ უზრუნველყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები, რომლებიც მძღოლს უკრძალავს სატრანსპორტო საშუალების მართვას განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით, ამასთან, ავალდებულებს, რომ მის მიერ შერჩეულმა სიჩქარემ საშუალება მისცეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ მოძრაობის უსაფრთხოება იყოს დაცული. მოცემული დასკვნა სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის – პ. გ-ას გამოკითხვის ოქმს, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ აერია სატერფულები, მუხრუჭის ნაცვლად ფეხი დაადგა ე.წ. „გაზის“ სატერფულს, მომატებული სიჩქარის გამო ვეღარ შეძლო მანქანის დამორჩილება, შეეჯახა კედელს, შემდეგ კი – გაჩერებულ ავტომანქანას. საყურადღებოა ისიც, რომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, გარდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ექსპერტიზების დასკვნებისა, მხარეებმა უდავოდ ცნეს.
11. ამდენად, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს პ. გ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5, მე-9 ნაწილებითა და სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
12. საკასაციო სასამართლო აგრეთვე არ ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ სასჯელის გამკაცრების მოთხოვნას. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი (მსჯავრდებულმა მტკიცებულებები უდავოდ ცნო, მას ჰყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი), ისე – დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, პ. გ-ას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
14. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ იმედა გუგუშვილისა და მსჯავრდებულ პ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე