საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.03.2022
საქმის ნომერი
2კ-907აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№907აპ-21 ქ. თბილისი

თ-ა მ-რ,907აპ-21 4 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. თ-ას ბრალი დაედო: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ; სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – სხვისი ნივთის დაზიანებაში გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 31 მარტს, დაახლოებით 14:48 საათზე, ზ-ში, ს-სა და ბ-ას ქუჩების გადაკვეთაზე, ძველი ა-ის უკანა, მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. თ-ა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცოლისძმას – ნ. ქ-ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „დაკლავდა ღორივით“ და ესროლა „კარაბინის“ მოდელის იარაღიდან, რის შედეგადაც დაზიანდა ნ. ქ-ას კუთვნილი „ნისანის“ მარკის ავტომანქანა. მუქარა ნ. ქ-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2021 წლის 31 მარტს ზუგდიდში მ. თ-ამ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებებიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – ვ. ქ-აზე ეჭვიანობდა, რომ იგი დიდ დროს უთმობდა სამსახურს და არა – ოჯახს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაემუქრა მას ძმის – ნ. ქ-ას სიცოცხლის მოსპობით და უთხრა, რომ ნ. ქ-ასათვის „წინასწარ გაეთხარათ საფლავი“, ვ. ქ-ას კი დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, რომ „ფეხებს მოამტვრევდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2021 წლის 31 მარტს, დაახლოებით 14:48 საათზე, ზ-ში, ს-სა და ბ-ს ქუჩების გადაკვეთაზე, ძველი ა-ის უკანა, მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. თ-ა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცოლისძმის – ნ. ქ-ას კუთვნილი „ნისანის“ მარკის ავტომანქანა (სახ. №-) გაუფრთხილებლობით დააზიანა კუთვნილი, თვითდამმუხტავი კარაბინიდან გასროლით, რითიც დაზარალებულ ნ. ქ-ას მიადგა მნიშვნელოვანი – 262,5 ლარის ზიანი.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით მ. თ-ა, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; მ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 5000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 7 აპრილიდან.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენი შეიცვალა ნივთმტკიცებათა განკარგვის ნაწილში; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მაია ჯაბუა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას, მ. თ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდების სამივე ეპიზოდში მ. თ-ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს (მაგ. სუსგ №140აპ-21, №65აპ-20).

9. განსახილველ საქმეში დაზარალებულმა ვ. ქ-ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და მეუღლის წინააღმდეგ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.

10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ. თ-ას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ბრალდების ამ ნაწილში ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და მ. თ-ა გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

11. სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. თ-ას, მისი პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სანქციათა ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

12. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებსაც ასევე დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე