საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.03.2022
საქმის ნომერი
2კ-821აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №821აპ-21 ქ. თბილისი

ძ-ა კ-ა, 821აპ-21 1 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ძ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განაჩენით კ. ძ-ა, – - ნასამართლობის არმქონე, და გ. ვ-ა, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯათ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდათ და განესაზღვრათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოთ 2021 წლის 28 იანვრიდან; მათვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალათ პატიმრობაში ყოფნის დრო – 2020 წლის 25 აპრილიდან იმავე წლის 1 მაისის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ვ-ამ და კ. ძ-ამ ჩაიდინეს პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა და შენახვა. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· კ. ძ-ამ პირთა ჯგუფთან – გ. ვ-ასთან ერთად 2020 წლის 25 აპრილს მდინარე ე-ზე არსებული, გ-ის რაიონთან დამაკავშირებელი ხიდიდან წ-ის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით (სახ. №-), რომელსაც გ. ვ-ა მართავდა, შეინახა და გადაზიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 23669,3 ლარად ღირებული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი – აქციზური მარკის გარეშე, 5773 კოლოფი უაქციზო სიგარეტი „STIX“.

4. მსჯავრდებული კ. ძ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მისთვის 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ხოლო 2 წლით – პირობითი მსჯავრის შეფარდებას იმ მოტივით, რომ არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ჰყავს მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალი თვითონაა; ოჯახს აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რადგან ამჟამად დევნილის დახმარების თანხაზეა დამოკიდებული.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენს მსჯავრდებული კ. ძ-ა ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. ძ-ას საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში (საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, საეჭვო გახადოს მითითებული მუხლით მსჯავრდება).

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ კ. ძ-ას განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რაც გაუნახევრდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ კ. ძ-ასათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენის დროს. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. ძ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე