დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802222005577121
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№13I-22 ქ. თბილისი
დ-ი ფ, 13I-22 28 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ფ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფ. დ-ს მიმართ თ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2015 წლის 17 ივნისს სივასის მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №2014/197-2015/117 განაჩენით ფ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ს რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობა), 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში - 2 ეპიზოდი) და 86-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის დაზიანება იარაღის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. იმავე განაჩენით მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ჯამურად - 10 წლის, 10 თვისა და 15 დღის ვადით, საიდანაც 4 წლის, 10 თვისა და 1 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარების შემდგომ შესაძლოა, მოიპოვოს პირობით გათავისუფლების უფლება.
1.2. აღნიშნული განაჩენი 2017 წლის 18 ოქტომბერს თ-ის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩა ძალაში.
1.3. 2020 წლის 22 ოქტომბერს გამოიცა ფ. დ-ის დაკავების ბრძანება.
1.4. 2021 წლის 14 აპრილიდან ფ. დ. იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ფ. დ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2.1. 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. დ.
2.2. 2021 წლის 24 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ფ. დ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2.3. 2021 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ფ. დ-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
2.4. 2022 წლის 18 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ფ. დ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2022 წლის 22 მაისამდე.
2.5. 2022 წლის 23 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ფ. დ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. თ-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ფ. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
3.2. 2009 წლის 16 დეკემბერს ქ. ს-ში დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრი - ფ. დ. და მისი თანამზრახველი, ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელის მითითებით, უთვალთვალებდნენ დაზარალებულებს - ჰ. ი-სა და თ. ი-ს, ხოლო ამ უკანასკნელთა გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს. აღნიშნულის შემდგომ, ფ. დ-ა და მისმა თანამზრახველებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს დაზარალებულებს და მიიყვანეს დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელთან. ადგილზე მისვლის შემდგომ, ფ. დ. და მისი თანამზრახველები ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს, მათ შორის ჰ. ი-ს ფიზიკური ძალადობითა და ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება.
4. 2022 წლის 14 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა ფ. დ-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ს-ის მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის №2014/197-2015/117 განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ფ. დ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თ-ს რესპუბლიკის ს-ის მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის №2014/197-2015/117 განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ფ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ დღეის მდგომარეობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განიხილება ფ. დ-ს მიმართ თავშესაფრის მინიჭების საკითხი, რომელიც არ დასრულებულა; ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განცხადებით, თ-ს რესპუბლიკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღემდე მუშაობენ მის წინააღმდეგ მტრულად განწყობილი პირები.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ფ. დ-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ფ. დ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ:
· ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. ამასთან, ამ სფეროში არსებული საერთაშორისო რეგულაციებისა და პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული გულისხმობს მხოლოდ პირის ფაქტობრივი გადაცემის აკრძალვას და, შესაბამისად, არ გამორიცხავს პარალელური რეჟიმით პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას.
· არ არსებობს ,,საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ფ. დ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. დ. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2021 წლის 22 ნოემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ფ. დ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
5.2. ფ. დ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, სულ მცირე, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 8-დან 12 წლამდე და, სულ მცირე, 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე ვადით.
5.3. ამრიგად, ფ. დ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თ-ს რესპუბლიკის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენით ფ. დ-ს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ვადით.
6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ფ. დ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან ფ. დ. არის თ-ს რესპუბლიკის მოქალაქე.
7. დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი/სამართლიანი სასამართლოს უფლება:
7.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ ხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და, ამასთანავე, იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულისთვის უზრუნველყოფილი არ იყო დაცვის მინიმალური უფლებები.“
7.2. თ-ს რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადყოფს, რომ ფ. დ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა. გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენი გამოტანულია ფ. დ-ა და მისი ადვოკატის მონაწილეობით; აგრეთვე, მან ისარგებლა განაჩენის ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით. ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თ-ს რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით განსაზღვრული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადებიც („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი).
8.2. ამ შემთხვევაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადისა, ,,ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, აუცილებელია, შეფასდეს ექსტრადიციის თხოვნის გამომგზავნი ქვეყნის კანონმდებლობაც.
8.3. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ფ. დ. მსჯავრდებულია თ-ს რესპუბლიკაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, ხოლო 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ფ. დ-ს მიმართ განაჩენი გამოტანილია 2015 წელს, ხოლო 2020 წლიდან იგი იძებნება თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის 6 და 15-წლიანი ვადა გასული არ არის. ამასთან, თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენთან დაკავშირებით განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა იწურება 2037 წლის 18 ოქტომბერს.
8.4. მაშასადამე, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნ (თ-ს რესპუბლიკის), ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
9.1. სტატუსი:
9.2. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს“.
9.3. საკასაციო საჩივარში ადვოკატი ი. ი. აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განიხილება ფ. დ-ს მიმართ თავშესაფრის მინიჭების საკითხი, რომელიც არ დასრულებულა.
9.4. საქმის მასალების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ფ. დ-ს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქმის განხილვა არ დასრულებულა.
9.5. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ექსტრადიციის სფეროში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო ფაზის დასრულება დასაშვებად მიიჩნევა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობისას (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №111-15).
9.6. ამავდროულად, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს: N7I-16, N21I-20, N304I-21 გადაწყვეტილებები). შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება სასამართლო განხილვის ეტაპზე.
9.7. ამნისტია:
9.8. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
9.9. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულთან დაკავშირებით, დაცულია ზემოაღნიშნული პუნქტის მოთხოვნა.
9.10. შეწყალება:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
10. პრინციპი ,,Non bis in idem“:
10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
10.2. დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ფ. დ-ს ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი იყოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფ. დ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.
11. სამართალწარმოება ერთსა და იმავე დანაშაულთან დაკავშირებით და დანაშაულის ჩადენის ადგილი:
11.1. ფ. დ-ს მიერ ჩადენილი ქმედება არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ არის ჩადენილი საქართველოს ტერიტორიაზე და ამავე დანაშაულთან დაკავშირებით, რომლისთვისაც პირის გადაცემა მოითხოვება, საქართველოში სამართალწარმოება არ მიმდინარეობს („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 28-ე მუხლები).
12. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
12.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“
12.2. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
12.3. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, § 66, 23/05/2011).
12.4. ადვოკატის მტკიცებით, ფ. დ-ს ექსტრადიცია არ უნდა იქნეს დაშვებული, ვინაიდან, ამ უკანასკნელის განცხადებით, თ-ს რესპუბლიკაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დღემდე მუშაობენ მის წინააღმდეგ მტრულად განწყობილი პირები. ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ფ. დ-ს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე .
12.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა ფ. დ-სა და მისი ადვოკატის - ი. ი-ს მიერ გაცხადებული ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრებისა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ფ. დ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე.
12.6. ასევე აღსანიშნავია, რომ თ-ს რესპუბლიკაში შესაძლო დევნისა და უფლებების დარღვევის რისკები, საქართველოს გენერალური პროკურატურის პარალელურად, შეისწავლა შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელიც საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ ფ. დ-ს მოთხოვნას განიხილავდა. საქმის მასალების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ფ. დ-ს უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას შეფასდა როგორც უშუალოდ ფ. დ-ს მიმართ დევნისა და უფლებების დარღვევის საფრთხე, ისე - ჰუმანიტარული სტატუსის შესაძლო მინიჭების საკითხის განხილვის პერიოდში წარმოშობის ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა. მითითებულმა სამინისტრომ ვერ დაადგინა რეალური საფრთხის არსებობა ფ. დ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში, მისი რაიმე ნიშნით დევნასთან ან/და უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.
12.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა წარმოადგინეს გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ფ. დ-ს უფლებები სრულად იქნება დაცული.
12.8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები. ამდენად, „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ფ. დ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.
12.9. სასამართლო მიანიშნებს ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობაზე, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას (Trabelsi v Belgium, no.140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
13. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
13.1. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).
13.2. საექსტრადიციო მასალებით ირკვევა, რომ ფ. დ. არის თ-ს რესპუბლიკის მოქალაქე, საქართველო არ წარმოადგენს მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, იგი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის შედეგად და არ გააჩნია საქართველოში მუდმივად ცხოვრების კანონიერი საფუძველი. შესაბამისად, მისი თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ფ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი