საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100121004361072
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №73აპ-22 ქ. თბილისი
ე. თ., 73აპ-22 28 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ე-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. კ-მა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ თ. ე-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელის ერთი მესამედის პირობითად ჩათვლას, ამასთან, ამავე მუხლზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას და თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლას, ხოლო სსკ-ის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლას, შემდეგი მოტივებით: თ. ე-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე უნდა გამოიყენოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, ხოლო სსკ-ის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი - ჩაუთვალოს პირობით; ამასთან, დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ წარმოადგინა დაზარალებულის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც დგინდება, რომ მას მსჯავრდებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა, სასამართლომ მის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შეღავათი, მათ შორის - ამნისტია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ თ. ე-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი და მას თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი უნდა შეეცვალოს შინაპატიმრობით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის განაჩენით თ. ე., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით; სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით თ. ე-ს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 1 წლით) და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ე-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
თ. ე-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 22 ივლისიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ე-მა ჩაიდინა: ანგარებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება და შენახვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა, ესე იგი, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა.
თ. ე-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის დეკემბერში თ. ე. დასაქმებული იყო შპს „ “ და მისთვის ცნობილი იყო, რომ ქ. ჭ. ფლობდა ამავე კომპანიის 50%-იან წილს. თ. ე-მა და ე. ნ-მა განიზრახეს ანგარებით, ქ. ჭ-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება და შენახვა, ხოლო შემდეგ მისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვა. ამ მიზნით, 2019 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, .. მიმდებარედ, დაუსახლებელ ადგილას, თ. ე-თან წინასწარი შეთანხმებით, ე. ნ-მა კუთვნილი „აიფონის“ მობილური ტელეფონის გამოყენებით უკანონოდ გადაიღო და 2020 წლის 19 ივლისის ჩათვლით, ამავე მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა ვიდეოს, რომელშიც ასახული იყო შიშველი ქ. ჭ-სა და თ. ე-ს ერთმანეთთან სექსუალური ხასიათის მოქმედებები. ასევე, თ. ე. კუთვნილ მობილურ ტელეფონში 2020 წლის 19 ივლისამდე ინახავდა ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერის „სქრინშოტებს“, რომელიც 2020 წლის 2 ივლისს გაუგზავნა ქ. ჭ-ს სოციალური ქსელის - „ფეისბუკის“ „მესენჯერის“ საშუალებით. იმის მიუხედავად, რომ ვიდეომასალისა და „სქრინშოტების“ გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად, ე. ნ-სა და თ. ე-ს ქ. ჭ-მა გადასცა 53 100 ლარი, მაინც ჰქონდა მოლოდინი, რომ შესაძლოა, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელებულიყო, რითაც შეილახებოდა მისი პატივი და ღირსება. ყოველივე ზემოაღნიშნულმა კი გამოიწვია ქ. ჭ-ს საფუძვლიანი შიში და სტრესი.
- 2019 წლის დეკემბერში თ. ე-მა და ე. ნ-მა განიზრახეს ანგარებით ქ. ჭ-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება და შენახვა, ხოლო შემდგომში - მისთვის დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვა. ამ მიზნით, 2019 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, .. მიმდებარედ, დაუსახლებელ ადგილას, თ. ე-თან წინასწარი შეთანხმებით, ე. ნ-მა კუთვნილი „აიფონის“ მობილური ტელეფონის გამოყენებით უკანონოდ გადაიღო და 2020 წლის 19 ივლისის ჩათვლით, ამავე მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა ვიდეოს, რომელშიც ასახული იყო შიშველი ქ. ჭ-სა და თ. ე-ს ერთმანეთთან სექსუალური ხასიათის მოქმედებები. ასევე, თ. ე. კუთვნილ მობილურ ტელეფონში 2020 წლის 19 ივლისამდე ინახავდა ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერის „სქრინშოტებს“, რომელიც 2020 წლის 2 ივლისს გაუგზავნა ქ. ჭ-ს სოციალური ქსელის - „ფეისბუკის“ „მესენჯერის“ საშუალებით. ამის შემდეგ, 2019 წლის 21 დეკემბრიდან - 2020 წლის 19 ივლისის ჩათვლით დროის პერიოდში, თ. ე. და ე. ნ., წინასწარ განსაზღვრული როლების შესაბამისად, როგორც პირადად, ისე - სატელეფონო და სოციალური ქსელით კომუნიკაციისას, ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერისა და „სქრინშოტების“ გავრცელების მუქარით, ქ. ჭ-ს სთხოვდნენ დიდი ოდენობით ქონების - 30 000 ამერიკული დოლარის (86 700 ლარი) გადაცემას. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე, სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარის შიშით, ქ. ჭ-მა 2019 წლის 21 დეკემბერს .. მდებარე, შპს „ “ ადმინისტრაციულ შენობაში, თ. ე-ს გადასცა 43 000 ლარი, ხოლო 2020 წლის 19 ივლისს .. ე. ნ-სა და თ. ე-ს გადასცა 10 100 ლარი.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა თ. ე-ს მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით, იმ საფუძვლით, რომ მას სასჯელი განსაზღვრული ჰქონდა დანაშაულის რეციდივის გათვალისწინების გარეშე.
- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ თ. ე-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება და პირობით მსჯავრად ჩათვლა; ასევე, თ. ე-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლის გამოყენება და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენით რუსთვის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ თ. ე-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ნ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:
თ. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით; სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით თ. ე-ს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის N1/1058-19 განაჩენით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ე-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
თ. ე-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 22 ივლისიდან.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ. ე-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებისა და, ამასთან, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ ქალს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით უნდა შეეცვალოს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თუ აღნიშნული მსჯავრდებული ქალი, ამ კანონის თანახმად, სრულად არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იმავე პუნქტში აღნიშნულ მსჯავრდებულ ქალს შეეცვლება, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი.
10. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაცვის მხარემ საკასაციო საჩივართან ერთად წარმოადგინა დაზარალებულ ქ. ჭ-ს ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ დაზარალებულს დღეის მდგომარეობით მსჯავრდებულ თ. ე-ს მიმართ არ გააჩნია არანაირი პრეტენზია და თანახმაა, სასამართლომ მის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შეღავათი, მათ შორის - მის მიმართ გავრცელდეს ამნისტიის შესახებ კანონი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, მსჯავრდებულ თ. ე-ს ამნისტიის კანონის ამოქმედების მომენტისათვის ჰყავდა არასრულწლოვანი შვილი და, ამასთან, იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მაგრამ დაზარალებული ქ. ჭ. თავის განცხადებაში არ უთითებს, რომ მსჯავრდებულმა მისთვის მიყენებული ზიანი აანაზღაურა (საქმის მასალებით დგინდება, რომ ზიანი ანაზღაურებულია მხოლოდ ნაწილობრივ), რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამავე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, ურომლისოდაც საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მის მიმართ გაავრცელოს აღნიშნული შეღავათი.
11. რაც შეეხება მსჯავრდებულ თ. ე-ს მიმართ შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების, დანაშაულის რეციდივის, დანაშაულების ხასიათის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის და ასევე - პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, თ. ე-სათვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას, რომლის შემსუბუქებისა და პირობითად ჩათვლის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. კ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი