დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.03.2022
საქმის ნომერი
2კ-9-I-22
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802222005471245

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№9I-22 ქ. თბილისი

დ. ა., 9I-22 4 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. დ-ს (A. D.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. დ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2017 წლის 23 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-9 სასამართლოს განაჩენით ა. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოგების მიღების მიზნით დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა), 150-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად - 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „c“ და „d“ ქვეპუნქტებით (მუქარა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 206-ე მუხლით (ოფიციალური დოკუმენტის შემდგენი უფლებამოსილი პირისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება ოფიციალური დოკუმენტის შედგენასთან დაკავშირებით), 37-ე მუხლთან ერთობლივად - 257-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დახმარება (2 ეპიზოდი)), 252-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის მიცემა (8 ეპიზოდი)), 252-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ქრთამის აღებაში შუამავლობა), 228-ე მუხლის პირველი ნაწილით (არალეგალური თამაშისთვის პირობების შექმნა და ადგილის გამოყოფა (2 ეპიზოდი)), 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება), 257-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში თანამონაწილეობა), 297-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შეტანა) და N6136 კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

2018 წლის 20 ივნისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

2018 წლის 25 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ა. დ-ს დაკავების ბრძანება.

2018 წლის 27 დეკემბერს 2017 წლის 23 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ა. დ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 50 წლით, 47 თვითა და 65 დღით.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:

ა. დ-მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ჯგუფის არაერთი წევრი. ამასთან, ჯგუფის წევრებს შორის არსებობდა გამოკვეთილი სუბორდინაციული ურთიერთობა და ყველა მათგანი ექვემდებარებოდა ა. დ-ს. 2011 წლის 19 აგვისტოს ა. დ-მა მოაწყო შეკრება, რომელსაც ესწრებოდნენ დანაშაულებრივ სამყაროში ცნობილი პირები, მათ შორის, ერთ-ერთი მსხვილი დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი - ს. შ. აღნიშნულ შეხვედრაზე, ა. დ. დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა და მოათავსეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი ახერხებდა დანაშაულებრივი ორგანიზაციის მართვას და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის შესახებ ჯგუფის წევრებისთვის მითითებების მიცემას.

ამასთან, 2012 წლიდან 2013 წლის 20 აპრილამდე პერიოდში ა. დ. და მისი თანამზრახველები, როგორც კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი და წევრები, ახორციელებდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებას, კერძოდ: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა ა. დ-მა მითითება მისცა ჯგუფის წევრებს, რათა ქრთამი გადაეხადათ სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი პირებისთვის და სხვა რიგითი თანამშრომლებისთვის, რომ მათ მიეღოთ ზომები ა. დ-სათვის პრივილეგიური მდგომარეობის შექმნის მიზნით. ასევე, ა. დ-მა და მისმა თანამზრახველებმა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს მისცეს პროსტიტუციით დაკავებული ქალბატონების მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა და ზემოაღნიშნულ ქალბატონებს გადასცეს ადგილი პროსტიტუციისთვის. გარდა აღნიშნულისა, ა. დ. სასჯელაღსრულების დაწესებულების კორუმპირებულ თანამშრომლებს გადასცემდა ფულად თანხასა და სხვა ღირებულ ნივთებს, დაწესებულების სხვა თანამშრომლების მოსყიდვის მიზნით, ხოლო აღნიშნული სარგებლის მიღების შემდეგ დაწესებულების სხვა თანამშრომლებიც მოქმედებედნენ ა. დ-ს სასარგებლოდ.

ქრთამის მიცემის შედეგად ა. დ. გადაიყვანეს უკეთესი პირობების მქონე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც, მიუხედავად არსებული აკრძალვისა, თავისუფლად შეიტანა მობილური ტელეფონი, რომლითაც სარგებლობდა.

ამასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებთან დაახლოების შემდეგ, ა. დ. ეწეოდა შუამავლობას სხვა პატიმრებსა და დაწესებულების თანამშრომლებს შორის, კერძოდ: დაწესებულების თანამშრომლებს აძლევდა სხვა პატიმრების მიერ გადახდილ ქრთამს, რათა ქრთამის გადამხდელები ყოფილიყვნენ პრივილეგიურ მდგომარეობაში.

ერთ შემთხვევაში, იმ დროს, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულების წესის მიხედვით, ა. დ. უნდა ყოფილიყო მიწის რეესტრის სამსახურში, მან თვითნებურად დატოვა ტერიტორია. ამასთან, იმ მიზნით, რომ პოლიციის მიერ შეჩერების შემთხვევაში არ შექმნოდა რაიმე პრობლემა, დაამზადებინა ყალბი ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ და ყალბი პირადობის მოწმობა, ასევე, სამედიცინო დაწესებულებიდან აიღო ყალბი ცნობა იმის თაობაზე, რომ თითქოს, ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება და მოთავსებული იყო სამედიცინო დაწესებულებაში. გარდა აღნიშნულისა, ჯგუფის წევრებმა საშიში ფორმით განახორციელეს მუქარა დაზარალებულ ჰ. ო-ს მიმართ.

ამასთან, 2012 წლის 2 ოქტომბერს ა. დ-მა მიმართა რეესტრის სამსახურს განცხადებით, რომ თითქოს, დაკარგა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. განცხადების განხილვის ფარგლებში ა. დ-მა და ქ. ი-მა რეესტრს მიაწოდეს განზრახ არასწორი ინფორმაცია ა. დ-ს პირადი მონაცემებისა და საცხოვრებელი მისამართის თაობაზე, რითაც უზრუნველყვეს ყალბი დოკუმენტის დამზადება.

ასევე, 2012 წლის 29 დეკემბერს და 2013 წლის 22 თებერვალს ა. დ-მა ს. ა-სა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების მეშვეობით ორგანიზება გაუწია და ადგილი გამოყო არალეგალური აზარტული თამაშებისთვის. ამასთან, დანაშაულებრივი ორგანიზაციის ფარგლებში, აზარტული თამაშების შედეგად მიღებულ შემოსავალს განკარგავდა ს. ა. და აღნიშნული ფულადი თანხები, ძირითადად, ხმარდებოდა დანაშაულებრივ ორგანიზაციას.

გარდა აღნიშნულისა, პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად დანაშაულებრივი ორგანიზაციის რამდენიმე წევრისგან, მათ შორის - ი. ს-საგან, ამოიღეს დანაშაულებრივი ჯგუფის ფარგლებში გამოყენებისთვის გამიზნული ცეცხლსასროლი იარაღები.

3. ა. დ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2020 წლის 28 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა. დ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალა.

2021 წლის 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. დ.

2021 წლის 9 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. დ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2021 წლის 15 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ა. დ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო - 2021 წლის 16 აგვისტოსა და 17 სექტემბერს.

2021 წლის 30 სექტემბერსა და 2021 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. დ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა, შესაბამისად - 6 თვემდე და 9 თვემდე.

ამჟამად ა. დ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2022 წლის 8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა, რომელმაც მოითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. დ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-9 სასამართლოს მიერ 2017 წლის 23 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ა. დ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოგების მიღების მიზნით დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა), 150-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის „c” და „d” ქვეპუნქტებით (მუქარა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), 206-ე მუხლით (ოფიციალური დოკუმენტის შემდგენი უფლებამოსილი პირისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება ოფიციალური დოკუმენტის შედგენასთან დაკავშირებით), 37-ე მუხლთან ერთობლივად 257-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დახმარება (2 ეპიზოდი)), 252-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის მიცემა (8 ეპიზოდი)), 252-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ქრთამის აღებაში შუამავლობა), 228-ე მუხლის პირველი ნაწილით (არალეგალური თამაშისთვის პირობების შექმნა და ადგილის გამოყოფა (2 ეპიზოდი)), 204-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება), 257-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში თანამონაწილეობა), 297-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შეტანა) და N6136 კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-9 სასამართლოს მიერ 2017 წლის 23 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. დ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. კ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინების გაუქმებას, შემდეგი საფუძვლებით: ა. დ-ს სიცოცხლეს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე, რასაც ადასტურებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მისი პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მასზე მოხდა თავდასხმები, რაც ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას; ა. დ-ს საქართველოში მიმართული აქვს შესაბამისი ორგანოებისათვის თავშესაფრის მიღების მოთხოვნით; გარდა ამისა, ა. დ-ს საქართველოში ჰყავს ქართველი მეუღლე და მასთან საერთო შვილი, რომელთანაც ქორწინების რეგისტრაცია ა. დ-მა, ბუნებრივია, ვერ შეძლო, რადგან იგი საქართველოში იმყოფება არალეგალურად; ა. დ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა გამოყენებულიყო პატიმრობა.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. პროკურორმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარემ - განცხადება, რომლითაც მოითხოვა: საკასაციო განხილვის გონივრული ვადით გადადება საქმეში არსებული მასალების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის მიზნით; საქმის განხილვა ზეპირი მოსმენითა და მოწმის სახით ა. დ-ს მეუღლის - მ. ყ-ს დისტანციური წესით დაკითხვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. დ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 7 ივლისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას. უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia) ECtHR, №36378/02, 12/04/2005, §352); („მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) ECtHR, №46827/99, 46951/99, 04/02/2005, §70).

5. კასატორი განმარტავს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ა. დ-ს სიცოცხლის მოსპობის საფრთხე მესამე პირების მხრიდან, ვინაიდან მას იქ ჰყავს მტრები, რომლის აღკვეთასაც თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ ახერხებენ, რასაც ადასტურებს მასზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტები. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან დაცვის მხარისავე წარმოდგენილი დოკუმენტებით, რომელთა ნაწილის ნამდვილობა არ დგინდება (პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანამშრომელის მიერ ა. დ-ზე ცივი იარაღით თავდასხმის ფაქტი) და მათი ნამდვილობის შემთხვევაშიც კი ცალსახად დასტურდება, რომ თურქეთის რესპუბლიკის პასუხისმგებელმა ორგანოებმა მოახდინეს შესაბამისი სწრაფი და ეფექტური რეაგირება ინციდენტებზე, მიიღეს ყველა საჭირო ზომა მისი უსაფრთხოების დასაცავად, ჩაატარეს გამოძიება, გამოავლინეს პასუხისმგებელი პირი და გაატარეს რელევანტური ღონისძიებები ამ უკანასკნელის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად. ამასთან, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რაც მიუთითებდა, რომ წარსულში თურქეთის რესპუბლიკაში, ა. დ-ს მიმართ, მათ შორის - მესამე პირების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე მიმართა თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, ხოლო მათ არაეფექტური რეაგირება მოახდინეს ან გამოავლინეს ფაქტისადმი აშკარა გულგრილი დამოკიდებულება, თუ უმოქმედობა. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალები ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკა ჯეროვნად ასრულებს საკუთარ ვალდებულებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის კონტექსტში ა. დ-ს უსაფრთხოების დაცვის კუთხით და მომავალშიც, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს ყველა შესაბამის ზომას ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დასაცავად.

6. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანომ წარმოადგინა გარანტია, რომ თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები მიმართავენ ყველა შესაძლო ძალისხმევას, რომ დაცულ იქნეს ა. დ-ს სიცოცხლე და ჯანმრთელობა მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმისწარმოების ყველა ეტაპზე, შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი მოთავსების ეტაპის ჩათვლით. ამასთან, ხსენებული პირის სიცოცხლის მიმართ მუქარის შესახებ ნებისმიერი განცხადება გამოძიებული იქნება დაუყოვნებლივ, სიღრმისეულად და მიუკერძოებლად და საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნა. გარდა აღნიშნულისა, მიღებული იქნება ყველა ხელმისაწვდომი ზომა, რათა ძებნილი პირი დაცულ იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობისგან.

8. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე - Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010) . აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.

9. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის კიდევ ერთი პრეტენზია, რომ ა. დ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ქსტრადიცია დაუშვებელია იმ ფაქტის გამო, რომ მას საქართველოში ჰყავს ქართველი მეუღლე და მისგან შვილი, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების მიხედვით, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისათვის სახელმწიფოთა შორის არსებული თანამშრომლობა ექსტრადიციის საკითხებზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირადი ან ოჯახური ცხოვრება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის კანონიერ მიზანს, რომელსაც პირის ექსტრადიცია ემსახურება. ანალოგიურ შემთხვევებში უფლებაში ჩარევის პროპორციულობის შესაფასებლად სასამართლო მხედველობაში იღებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული ბრალდებების სიმძიმესა და უფლებაში ჩარევის ინტენსივობას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - (King v. The United Kingdom), no. 9742/07). მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ოფიციალური დოკუმენტებით არ დგინდება ა. დ-ს საქართველოს რესპუბლიკაში ქორწინებისა და შვილის ყოლის ფაქტები, მაგრამ ასეც რომ იყოს, ა. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულების გარემოებების, რაოდენობისა და სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ვერ გადაწონის ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმურ მიზნებს და, შესაბამისად, მისი ექსტრადიცია არ გამოიწვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას.

11. ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას ასევე არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ა. დ-ს საქართველოში მიმართული აქვს შესაბამისი ორგანოებისათვის თავშესაფრის მიღების მოთხოვნით, ვინაიდან დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მიმდინარე საერთაშორისო დაცვის პროცესი არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე. თუმცა, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იუსტიციის მინისტრი ექსტრადიციაზე ვერ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ვიდრე საერთაშორისო დაცვის პროცესი სრულად არ დასრულდება.

12. რაც შეეხება დაცვის მხარის კიდევ ერთ პრეტენზიას, რომ ა. დ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა გამოყენებულიყო პატიმრობა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას იგი არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა თუ შეცვლის შესახებ, ვინაიდან „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში იმპერატიულადაა მითითებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა და გასაჩივრების პროცედურები, რისით სარგებლობის შესაძლებლობაც დაცვის მხარეს სრულად გააჩნდა.

13. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოთხოვნას საკასაციო განხილვის გადადებისა და ზეპირი მოსმენით ჩატარების თაობაზე, რომელიც მან დამატებით წარმოადგინა განცხადების სახით, ვინაიდან მითითებული განცხადება დაუსაბუთებელია, კერძოდ: მასში აღნიშნული არ არის საქმის რომელ მასალებზე, რა საფუძვლითა და რა გარემოებების დასადგენად დანიშნა დაცვის მხარემ ტექნიკური ექსპერტიზა, ასევე არ არის მითითებული მოწმის სახით ა. დ-ს მეუღლის დაკითხვის საფუძვლებისა და მიზნის შესახებ. ამასთან, ა. დ-ს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვის საკითხზე საკასაციო სასამართლომ ზემოთ უკვე იმსჯელა, რის გამოც არ არსებობს მითითებული პირის მოწმის სახით დაკითხვის რაიმე სამართლებრივი საფუძველი.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი