დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142221700233426
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №81აგ-21 თბილისი
ყ. ხ., 81აგ-21 23 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ყ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ხ. ყ-მა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე მისი შუამდგომლობის დაშვებას, რადგან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტებები შუამდგომლობის ამ ნაწილში დაუშვებლად ცნობის თაობაზე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებებს.
2. საქმის მასალების მიხედვით: მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის განაჩენით ხ. ყ-ს, - დაბადებულის .. - მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე; ხ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 23,363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი „გ“ ქვეპუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა; დანიშნულ სასჯელთა შეკრებით ხ. ყ-ს საბოლოოდ მიესაჯა - უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2006 წლის 13 აგვისტოდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ხ. ყ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 23,363-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა - უვადო თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ხ. ყ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 23,363-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 23,363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღვეთა დარჩა უცვლელად და ხ. ყ-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა - უვადო თავისუფლების აღვეთა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ხ. ყ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა და შთანთქმის პრინციპით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღვეთა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. 2021 წლის 27 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ხ. ყ-მა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის №2/4/1364 გადაწყვეტილების - ,,ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ხ. ყ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინებაში შევიდა ცვლილება: ხ. ყ-ს მსჯავრდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (არაერთგზის დანაშაულის ჩადენა) და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ხ. ყ-ს მსჯავრდებიდან ამოერიცხა ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (არაერთგზის დანაშაულის ჩადენა) და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ხ. ყ-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა - უვადო თავისუფლების აღკვეთა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორი მხოლოდ ნაწილობრივ ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განაჩენს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილების უდავოდ გამხდარ ასპექტებს დამატებით აღარ მიმოიხილავს.
3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ, ვინაიდან კასატორი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით განაჩენის გადასინჯვის, სადავოდ გამხდარ, საფუძვლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც: უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად; ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას; ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად.
4. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ნოემბრის №29აგ-20 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის №60აგ-17 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 3). შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ხ. ყ-ს მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უდევს საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სასამართლო კანონისმიერადაა მოკლებული შესაძლებლობას, სადავოდ გამხდარი საფუძვლით გადასინჯოს გამამტყუნებელი განაჩენი.
5. მეორე მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე, ხ. ყ-ს მიმართ საპროცესო კანონმდებლობის უკუძალით გამოყენებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას: ,,საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან, ძირითადად, საფუძველშივე გამოირიცხება, რადგან ის არეგულირებს პროცედურებს, რომლებიც, დამოუკიდებლად იმისგან, როდის მოხდა დანაშაულის ჩადენა, მიმდინარეობს დროში, განგრძობადია, დინამიკურია. ამ პროცედურების მიზანია, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, არსებობდეს საკმარისი და ეფექტური მექანიზმები, ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დანაშაულის ფაქტის დადასტურებას ან გამორიცხვას. [...] მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია, გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი. [...] საპროცესო-სამართლებრივ ნორმებს უკუძალით გამოყენებასთან კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ კონკრეტული საპროცესო ნორმები, თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან“ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/01//2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73-74; 77), რაც განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რაიმე წინაპირობა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ხ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი