დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.03.2022
საქმის ნომერი
2კ-8-I-22
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802221005306139

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№8I-22 1 მარტი, 2022 წელი

ჰ. ა. რ–ი, 8I-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების - ჰ. ა. რ–ისა (H. A. R–n) და მ. ი–ის (M. Y–e) ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. ს–სა და ა. გ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჰ. ბ. რ–სა და მ. ი–ს მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2020 წლის 29 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის აღმოსავლეთის რაიონულმა სასამართლომ დაამტკიცა საბრალდებო აქტი, რომლის თანახმად, ჰ. ა. რ–სა და მ. ი–ს ბრალი დაედოთ ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის მე-18 თავის 1956 (h) ნაწილით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეთქმულება), მე-18 თავის 1956 (a)(3)(B) ნაწილით, ამავე თავის 1956 (a)(3)(A) და მე-2 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია).

იმავე დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის აღმოსავლეთის რაიონულმა სასამართლომ, ზემოაღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, გასცა ჰ. ბ. რ–სა და მ. ი–ს დაკავების ბრძანებები.

2. ჰ. ბ. რ–სა და მ. ი–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2021 წლის 20 სექტემბერს გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჰ. ბ. რ–სა და მ. ი–ს ექსტრადიციის თაობაზე.

2021 წლის 25 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ა. რ–ი და მ. ი–ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ჰ. ა. რ–სა და მ. ი–ს შეეფარდათ საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2021 წლის 2 ნოემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიიღეს ჰ. ბ. რ–სა და მ. ი–ს ექსტრადიციის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.

ამჟამად ჰ. ა. რ–ი და მ. ი–ი მოთავსებული არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

2017 წლის ივნისიდან 2018 წლის მარტამდე მ. ი–ი იყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის განმახორციელებელი ლიბანური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხოლო ჰ. ა. რ–ი - ამავე ორგანიზაციის წევრი. აღნიშნული ორგანიზაციის ფარგლებში, მ. ი–ი და ჰ. ა. რ–ი, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ახდენდნენ უკანონო, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ნარკოტიკული საშუალებების ვაჭრობით მიღებული შემოსავლების შეგროვებას, ლეგალიზაციასა და სამოქალაქო ბრუნვაში ინტეგრაციას, ხოლო გაწეული მომსახურებისთვის იღებდნენ ლეგალიზებული ქონების დაახლოებით 13-17% შემოსავალს.

ზემოაღნიშნული განზრახვის ფარგლებში, 2018 წლის 16 თებერვალს მ. ი–ი შეხვდა ორ პარტნიორს, რომლებთანაც განიხილა ნარკოტიკული საშუალებების ვაჭრობის შედეგად მიღებული 9 000 000 აშშ დოლარის ლეგალიზაციის თაობაზე შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები. 2018 წლის 20 თებერვალს ერთ-ერთმა პარტნიორმა მ. ი–ს განუცხადა, რომ მათ ლეგალიზაციისთვის მზად ჰქონდათ 100 000 ავსტრალიური დოლარი. 2018 წლის 27 თებერვალს აღნიშნული თანხა პარტნიორებმა, მ. ი–ის მითითებით, გადასცეს ჰ. ა. რ–ს, რის შემდეგაც, ფულადი თანხა ლეგალიზაციის მიზნით, მ. ი–ისა და ჰ. ა. რ–ის 17%-იანი საკომისიოს გამოკლებით, გადაირიცხა ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ერთ-ერთ ბანკში.

გარდა ამისა, 2018 წლის 10 და 11 მარტს ჰ. ა. რ–ი და მ. ი–ი შეხვდნენ პარტნიორებს და განიხილეს ნარკოტიკული საშუალებების ვაჭრობის შედეგად მიღებული 14 000 000 აშშ დოლარის ლეგალიზაციის თაობაზე შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის დროს პარტნიორებმა განმარტეს, რომ სურდათ თვეში 1 000 000 აშშ დოლარის ლეგალიზაცია, რაზეც მ. ი–ი და ჰ. ა. რ–ი დასთანხმდნენ. ამასთან, პარტნიორებმა მათ განუცხადეს, რომ კვლავ სურდათ ფულადი თანხის .........დან ნ–ში ლეგალიზაციის მიზნით გადარიცხვა, რაზეც მიიღეს თანხმობა. შეთანხმების შესაბამისად, 90 000 ავსტრალიური დოლარი 2018 წლის 22 მარტს გადაეცა ორგანიზაციის წარმომადგენელს, რის შემდეგაც, 2018 წლის 29 მარტს, ფულადი თანხა ლეგალიზაციის მიზნით, მ. ი–ისა და ჰ. ა. რ–ის 15%-იანი საკომისიოს გამოკლებით, გადაირიცხა ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ერთ-ერთ ბანკში.

4. 2021 წლის 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა ჰ. ბ. რ–სა და მ. ი–ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ჰ. ბ. რ–სა და მ. ი–ს ექსტრადიციის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის მე-18 თავის 1956 (h) ნაწილით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეთქმულება), მე-18 თავის 1956 (a)(3)(B) ნაწილით, ამავე თავის 1956 (a)(3)(A) და მე-2 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია).

5. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ ცინდელიანმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირები - ჰ. ა. რ–ი, მ. ი–ი და მათი ადვოკატები - ა. გ–ი და ლ. ს–ი არ დაეთანხმნენ პროკურორის მოთხოვნას და მოითხოვეს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი:

ჰ. ა. რ–ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ჰ. ბ. რ–სა და მ. ი–ს ექსტრადიციის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის მე-18 თავის 1956 (h) ნაწილით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეთქმულება), მე-18 თავის 1956 (a)(3)(B) ნაწილით, ამავე თავის 1956 (a)(3)(A) და მე-2 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია).

მ. ი–ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ჰ. ბ. რ–სა და მ. ი–ს ექსტრადიციის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის მე-18 თავის 1956 (h) ნაწილით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეთქმულება), მე-18 თავის 1956 (a)(3)(B) ნაწილით, ამავე თავის 1956 (a)(3)(A) და მე-2 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია).

8. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების - ჰ. ბ. რ–სა და მ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ლ. ს–მ და ა. გ–მ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმება.

9. კასატორების განმარტებით, საექსტრადიციო საქმის მასალებში არ მოიპოვება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება; ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს მათთვის გასაგებ ენაზე (..... ენაზე) სრულად არ გადაეცათ ექსტრადიციის საქმის მასალები; მათ მიმართ განხორციელდა დანაშაულის პროვოკაცია და ჩატარებული გამოძიების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან შესაბამისობის შესაფასებლად სასამართლოს უნდა გამოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია; ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს უფლებების დარღვევის, მათ შორის, ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის საფრთხე; ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

10. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ჰ. ბ. რ–სა და მ. ი–ს მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ა. რ–ი და მ. ი–ი 2021 წლის 25 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ჰ. ბ. რ–სა და მ. ი–ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

5. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და საქართველოს სსკ-ის 18,194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მომზადება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით). აღნიშნული ქმედებებისათვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 9-დან 12 წლამდე.

7. ამასთან, შუამდგომლობაში მითითებული ქმედებები დასჯადია ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის მე-18 თავის 1956 (h) ნაწილით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეთქმულება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. აღნიშნული ქმედებები ასევე დასჯადია იმავე კოდექსის მე-18 თავის 1956 (a)(3)(B) ნაწილით, ამავე თავის 1956 (a)(3)(A) და მე-2 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

8. ამდენად, მოცემულ საქმეში ჰ. ბ. რ–სა და მ. ი–ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომლებიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულებისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, დაცულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის და აღნიშნულზე არც თავად დაცვის მხარე აპელირებს. აგრეთვე დაცულია ხსენებული კანონის 22-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნაც, კერძოდ, ის დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ექსტრადიციაა მოთხოვნილი, შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კანონმდებლობით სასჯელის სახით სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.

9. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

10. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ჰ. ბ. რ–სა და მ. ი–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის 18,194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებია. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ გავიდა ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.

11. ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების ჩადენის თარიღების (2017 -2018 წლები) მხედველობაში მიღებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის.

12. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან მიმართებით არც ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები.

13. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

14. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

15. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და Non bis in idem პრინციპები.

16. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, „დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“

17. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, ჰ. ა. რ–ი და მ. ი–ი არ ითვლებიან საქართველოს მოქალაქეებად. ამასთან, ისინი არ ითვლებიან არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებად, რადგან არიან .....ის რესპუბლიკის მოქალაქეები.

18. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“

19. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჰ. ა. რ–მ და მ. ი–მ დეპარტამენტს მიმართეს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით. 2021 წლის 8 ნოემბერს მათ უარი ეთქვათ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, რაც გაასაჩივრეს სასამართლოში.

20. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობა არ აფერხებს ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტას, მაგრამ „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, დაუშვებელია ექსტრადიციაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განჩინება, საქმე №304I-21, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინება, საქმე №444I-21, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინება, საქმე №402I-21).

21. ამასთან, ჰ. ა. რ–ი და მ. ი–ი არ არიან ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქეები და ითვლებიან ......ის რესპუბლიკის მოქალაქეებად, რაც საქართველოში თავშესაფრის ძიებისა და საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემთხვევაშიც კი, არ აბრკოლებს ექსტრადიციას მესამე უსაფრთხო სახელმწიფოში.

22. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და ამავე კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.

23. კასატორების არგუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების უდანაშაულობის მტკიცებას შეეხება, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვეობის საკითხის განხილვისას, სასამართლო არ აფასებს პირის ბრალეულობის საკითხს და ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინება, საქმე №402I-21, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინება, საქმე №453I-21). სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია (მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ექსტრადიციის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს) არ ადგენს ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოსთვის პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებას. აღსანიშნავია, რომ ამ ვალდებულებას არ ითვალისწინებს არც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2021 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული ერთობლივი დეკლარაცია, რომლის მე-5 პუნქტი დეტალურად განსაზღვრავს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ექსტრადიციის შუამდგომლობასთან ერთად წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სრულად არის წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი იმ შემთხვევაში ადგენს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილებას, თუ უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამდენად, დამატებით შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც აქვს ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს და რომელიც აუცილებელია ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა არ ხდება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ექვემდებარება შეფასებას საექსტრადიციო პროცედურის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორმა უცხო სახელმწიფომ სრულად მოაწოდა საქართველოს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია. ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების მიმართ წარმოებული გამოძიების სისწორისა და მათი ბრალეულობის შეფასების მიზნით დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ვალდებულების შესახებ, მოკლებულია საფუძველს.

24. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს იმის შესახებ, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს მათთვის გასაგებ ენაზე (.... ენაზე) სრულად არ გადაეცათ ექსტრადიციის საქმის მასალები. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ საამისოდ უფლებამოსილი პროკურორი შესაბამის დოკუმენტაციას აცნობს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს, ამასთანავე, განუმარტავს მას საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს.“ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს მათთვის გასაგებ ..... ენაზე გადაეცათ საექსტრადიციო მასალები, მათი უფლებების ჩამონათვალი და საექსტრადიციო პროცედურების აღწერილობა.

25. რაც შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. „მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ კი გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა, რომ შეიძლება გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no.8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლებების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება, საქმე №5I-21, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მაისის განჩინება, საქმე №26I-20).

26. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის დამაჯერებლი ინფორმაცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევაზე ან ამგვარ საფრთხეზე მიუთითებდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფორმაცია არც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო დოკუმენტებით დასტურდება.

27. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (J.K. and others v. Sweden, no.59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016, Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008).

28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no.46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no.69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).

29. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს ჰ. ბ. რ–სა და მ. ი–ს მიმართ წამების, არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობის საფრთხეზე, მაგრამ არ უთითებს აღნიშნული საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელ კონკრეტულ მტკიცებულებაზე. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დადებული დეკლარაციის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გაცემულ გარანტიას სპეციალობის წესის დაცვისა და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების, საქართველოს თანხმობის გარეშე, მესამე სახელმწიფოსთვის გადაცემის დაუშვებლობის შესახებ.

30. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ა. რ–ი და მ. ი–ი დაექვემდებარებიან წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ან არსებობს მათი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.

31. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.

32. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამოკითხვის ოქმების თანახმად, ჰ. ა. რ–სა და მ. ი–ს საქართველოში არ ჰყავთ ოჯახის წევრები. შესაბამისად, მათი ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლში ჩარევა არ მოხდება.

33. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, §11, EctHR, 04/09/2014; Soering v. UK, no.14038/88, §86, ECtHR, 07/07/1989).

34. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ბ. რ–სა და მ. ი–ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია, მათ მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების - ჰ. ა. რ–ისა (H–n A. R–n) და მ. ი–ის (M. Y–e) ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. ს–სა და ა. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე