საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003786248
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1061აპ-21 ქ. თბილისი
მ-ი გ, 1061აპ-21 19 აპრილი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნოდარ სამხარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. მ-ს, - დაბადებულს … წლის … ივლისს, - ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ხოლო მ. დ-ს - ქურდობის მცდელობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
1.3. თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 8 აგვისტოს განაჩენით მ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.4. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განაჩენით მ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
1.5. 2020 წლის 4 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. თ-ი, ქ. წ-ს გამზირის №..-ის მოპირდაპირედ, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. ე-ს კუთვნილი საწყობიდან გ. მ-ი და მ. დ-ი, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ თვრამეტ თავ სულგუნს და შეეცადნენ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებას, თუმცა ვერ შეძლეს დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა - ისინი შეაჩერეს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილების თანამშრომლებმა. გ. მ-ს და მ. დ-ს ქმედებით ე. ე-ს შესაძლოა, მისდგომოდა 180 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენით:
2.1. გ. მ-ი საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. გ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
2.3. გამართლებულ გ. მ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2.4. მ. დ-ი საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.5. მ. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
2.6. გამართლებულ მ. დ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნოდარ სამხარაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა გ. მ-ა და მ. დ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა ხარისხობრივ მოთხოვნასთან ერთად ადგენს მათი საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).
7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გარდა პოლიციის თანამშრომლების - გ. გ-ს, მ. ძ-ს, გ. ჯ-ა და ნ. გ-ს ჩვენებებისა, საქმეზე არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი ან ირიბი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც გ. მ-ა და მ. დ-ს მიერ 18 თავი ყველის ქურდობის მცდელობის ფაქტს დაადასტურებდა; ასევე საქმეში არსებული, ბრალდებულთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები ვერ შეფასდება ცალკე არსებულ დამოუკიდებელ მტკიცებულებებად, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც ინფორმაციის წყაროს წარმოადგენენ პოლიციის მე-11 განყოფილების იგივე თანამშრომლები. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქმეზე ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, თუმცა არაფერი ყოფილა ამოღებული, მათ შორის არც სუნის ნიმუშები და ხელის კვლები, რაზეც მოგვიანებით შესაძლებელი იქნებოდა ჩატარებულიყო შესაბამისი ექსპერტიზები, რომლებიც გაამყარებდნენ მოწმის სახით დაკითხულ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს. რაც შეეხება მ. დ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას - პლასტმასის ყუთსა და 18 თავ ყველს, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვინაიდან ყველი წარმოადგენდა მალფუჭებად საგანს, იგი საქართველოს სსსკ-ის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე დაუბრუნდა მის მესაკუთრეს. ამდენად, ყველის ხარისხთან, ღირებულებასა და სახეობასთან დაკავშირებით მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ე. ე-ს ჩვენება, რომელიც განმარტავს, რომ 18 თავი ყველი წარმოადგენდა რძისგან დამზადებულ, შებოლილ სულგუნს, რომელთაგან თითოეულის ღირებულება შეადგენდა 10 ლარს.
8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ზოგადად, პოლიციელის ჩვენება, როგორც მტკიცებულება, აპრიორი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არასანდო მტკიცებულებად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, გარდა პოლიციელების ჩვენებებისა, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ. მ-ა და მ. დ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განსახილველ საქმეზე არ წარმოდგენილა, კერძოდ:
8.1. საქმეში არსებული მტკიცებულებებით: 2020 წლის 5 ივნისის შემთხვევის ადგილის (საწყობის) დათვალიერების ოქმის მიხედვით დგინდება, რომ ექსპერტის მიერ დამუშავდა ყველა საჭირო ობიექტი, რა დროსაც რაიმე სახის კვალის ნიმუში არ ამოღებულა. პირველი ინსტანციის სასამართლოში შედარებით განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ექსპერტმა ზ. ვ-მ, რომელმაც განაცხადა, რომ როგორც ახსოვს, ხის კარი დამუშავდა, მაგრამ ხელის კვალი არ ამოვიდა. სხვა რომელიმე საჭირო ობიექტი თუ დამუშავდა, ვერ გაიხსენა. ადვოკატის შეკითხვაზე, შემთხვევის ადგილზე აიღეს თუ არა სუნის კვალის ნიმუში, ექსპერტმა მიუთითა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 3.02.21;11:42:30-11:43:30). მოწმე ბ. გ-ა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ ექსპერტები და კვალის ნიმუშები არ აღებულა. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებებიდან აშკარად დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს შესაბამისი ექსპერტიზების ჩასატარებლად გამოძიებას არცკი უცდია ხელის კვალის და სუნის ნიმუშები აეღო, ან ბიოლოგიური მასალის არსებობა შეემოწმებინა.
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს; საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის თანახმად, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. მოცემულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელებს ჰქონდათ ყველა პირობა, რომ მოეპოვებინათ დამატებითი პირდაპირი მტკიცებულებები (სუნის ნიმუშები, ხელის კვლები, ფეხის კვლები, ვინაიდან როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, პატარა საცავის სიგანის გაყოლებით არის მიწის ნაწილობრივ ჩამოშლილი ფერდობი, შუა ნაწილიდან საცალფეხო ბილიკით გასასვლელია მიწაყრილ ტერიტორიაზე), რაზეც მოგვიანებით შესაძლებელი იქნებოდა ჩატარებულიყო შესაბამისი ექსპერტიზები, რომლებიც გაამყარებდნენ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს, მითუმეტეს, როდესაც გ. მ-ი და მ. დ-ი თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ.
10. სასამართლო თვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესს, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივებს გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო მ. დ-ს - სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ მათ ჩაიდინეს მითითებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
13. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნოდარ სამხარაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი