საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100119003275491
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №146აპ-22 ქ. თბილისი
თ–ე კ., 146აპ-22 14 აპრილი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: კ. თ–ეს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. კ. თ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2019 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 00:20 საათზე, ყ–ს რაიონის სოფელ გ–ში, ვ. ხ–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანნაქონი „მაკაროვის“ კონსტრუქციის "...." ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, კ. თ–მ, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ვ. ხ–ს, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს ჯერ დაბა ს–ში მდებარე რეგიონული ჯანდაცვის სამედიცინო ცენტრში, ხოლო შემდგომ - ქ. თ–ში, .........-ში მდებარე, ........ საავადმყოფოში. საბოლოოდ, ინტენსიური და დროული მკურნალობის შედეგად, ვ. ხ–ს შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
2.2. 2019 წლის 22 აგვისტოს საღამოს საათებიდან 2019 წლის 23 აგვისტოს 00:30 საათამდე პერიოდში, ყ–ს რაიონის სოფელ გ–ში მდებარე გ. თ–ს საცხოვრებელ სახლში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, კ. თ–ე ფარულად დაეუფლა გ. თ–ს სახელზე, იმავე მისამართზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ „მაკაროვის“ კონსტრუქციის "....." ცეცხლსასროლ იარაღს და ამავე იარაღისათვის განკუთვნილ, ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრიან საბრძოლო მასალას - 6 ცალ ვაზნას. 2019 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 00:20 საათზე, ზემოაღნიშნულ „მაკაროვის“ კონსტრუქციის "....." ცეცხლსასროლ იარაღს და ამავე იარაღისათვის განკუთვნილ 6 ცალ ვაზნას კ. თ–ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ყ–ს რაიონის სოფელ გ–ში მდებარე გ. თ–ს საცხოვრებელ სახლსა და ეზოში, რა დროსაც ექვსჯერ ესროლა ვ. ხ–ს, რის შემდგომაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და თან წაიღო მის ხელთ არსებული „მაკაროვის“ კონსტრუქციის "...." ცეცხლსასროლი იარაღი.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით:
3.1. კ. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. კ. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.3. კ. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ კ. თ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.5. კ. თ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 6 ივნისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ კ. თ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ზ. რ–მ და თ. კ–მ, რომლებმაც ითხოვეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ კ. თ–ს გამართლება.
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას მსჯავრდებულ კ. თ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ა–მ განმარტა, რომ მსჯავრდებული წარდგენილ ბრალდებებში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ, არ არის ნასამართლევი, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, მართალია, არ არსებობს სანოტარო წესით შედგენილი ხელწერილი, თუმცა დაზარალებული და მსჯავრდებული შერიგდნენ და დაზარალებულს სასჯელთან მიმართებით დადებითი პოზიცია აქვს. საბოლოოდ დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა, რომ მსჯავრდებულ კ. თ–ს დაენიშნოს სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენით:
5.1. მსჯავრდებულ კ. თ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ა–ს სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
5.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენში შევიდა
ცვლილება:
5.3. კ. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.4. კ. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.5. კ. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. თ–ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.7. კ. თ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 6 ივნისიდან.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. თ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ა–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას, ხოლო თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. თ–ს ქმედება სწორად დაკვალიფიცირდა მისთვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრას.
7. 2022 წლის 22 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ კ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ა–ს განცხადება, რომელმაც საკასაციო საჩივარზე დასართავად წარმოადგინა ვ. ხ–ს ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი მსჯავრდებულ კ. თ–ს მიმართ პრეტენზიის არქონის შესახებ, კ. თ–ს სამსახურებრივი დახასიათება და დეკანოზ ა. გ–ს წერილები.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, მართალია, დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, თუმცა კასატორის არგუმენტაცია მიემართება კ. თ–ს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილს, საჩივარში არაფერია ნათქვამი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებაზე.
9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ვინაიდან საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. თ–ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის მსჯავრდების შესახებ, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.
10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას კ. თ–ს მკვლელობის მცდელობაში გამართლების/ ქმედების არასწორი კვალიფიკაციის შესახებ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულ ვ. ხ–ს, მოწმეების: ხ. ხ–ს, ე. ხ–ს, ბ. ა–ს, ფ. ხ–ს, მ. ჯ–ს, მ. ო–ს, დ. ნ–ს, დ. ქ–ს, ნ. მ–ს, ი.ხ–ს, ნ. ხ–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 23 აგვისტოს ოქმით, 2019 წლის 23 აგვისტოს ამოღების ოქმით, 2019 წლის 23 აგვისტოს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, კ. თ–ს მობილური ტელეფონის ნომერზე ........ გამოთხოვილი დეტალური ინფორმაციით, საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 27 აგვისტოს წერილით, საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 29 აგვისტოს წერილით, 2019 წლის 26 აგვისტოს დათვალიერების ოქმით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N..... დასკვნით, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N...... დასკვნით, 2019 წლის 22 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის N.... დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის N.... დასკვნით, სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ კ. თ–ს აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ. თ–ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობა.
11. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობის არსებობის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის მიერ საჩივარში მითითებულ მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები (მათ შორის: გამოძიების ეტაპზე ისინი სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ სროლის დროს სახლის აივანზე თუ კონკრეტულად სად იდგნენ; ხ. ხ–ი გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში განსხვავებულად განმარტავს თუ სად და რა მდგომარეობაში იყო კ. თ–ე ვ. ხ–ს მიმართულებით სროლისას - ხან ამბობს, რომ გადმოძვრა კედელზე, ხან გადმოწვა; ხ. და ე. ხ–ს 112-ში შეტყობინების დროს არ უთქვამთ, რომ ვ. ხ–ი დაჭრა კ. თ–მ) არ წარმოადგენს არსებითი სახის წინააღმდეგობას.
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ გულისხმობს მათ იდენტურობას; ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ უნდა შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. „შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში აუცილებლად მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, განსაკუთრებით კი პირდაპირ ჩვენებებს, ასეთი მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე....... მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (მაგ.იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17; 264აპ-20 განჩინება).
13. დაზარალებულმა ვ. ხ–მ და მოწმეებმა: ხ. ხ–მ და ე. ხ–მ დაადასტურეს, რომ პირი, რომელმაც 2019 წლის 23 აგვისტოს ვ. ხ–ს 6-ჯერ ესროლა იყო კ. თ–ე, ისინი დეტალურად ჰყვებიან, თუ რა ვითარებაში აღიქვეს და დაიმახსოვრეს დაზარალებულის მიმართ ჩადენილი ქმედებები. მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ვ. ხ–ს დამიზნებით ექვსჯერ ესროლა კ. თ–მ, რომელმაც თავის მხრივ ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარა და მოინანია თბილისის სააპელაციო სასამართლოში(იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის სხდომის ოქმი). ხ. ხ–სა და ე. ხ–ს შემთხვევის ადგილზე ყოფნა დასტურდება გასროლიდან რამდენიმე წუთში(2-3 წუთში) შემთხვევის ადგილზე მისული მოწმის - ბ. ა–ს (საქართველოს შსს სამინისტროს ......... პოლიციის დეპარტამენტის ყ–ს რაიონული სამმართველოს უფროსი) ჩვენებით. მომხდარი შემთხვევის დროს არაფერი გაუგია, რადგან წამალი დალია და დაიძინა, თუმცა რომელი საათი იყო, არ ახსოვს(იხ.: მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის სხდომის ოქმი 19:03:30 – 19:04:35). მომხდარი შემთხვევიდან მალევე, გამოკითხვისას, ხ. და ე. ხ–ებმა (როდესაც დაზარალებულს უკეთდებოდა ოპერაცია და შემდგომ 8 დღე იყო უგონოდ) მიუთითეს კ. თ–ს მიერ ვ. ხ–ს მიმართ ჩადენილი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები და დეტალური აღწერა, რომელიც, დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე ყოფნის გარეშე, მათთვის ცნობილი ვერ იქნებოდა. მოწმეთა ჩვენებების ანალიზი ცხადყოფს, რომ არსებითად განსხვავებული პოზიცია ძირითად საკითხთან დაკავშირებით მათ არ დაუფიქსირებიათ. მათ ჩვენებებში არ იკვეთება ისეთი წინააღმდეგობრივი გარემოება, რაც საფუძველი გახდებოდა ეჭვისათვის, რომ ისინი იტყუებიან.
14. სასამართლო ითვალისწინებს საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 22 სექტემბრის ოქმებს(ხ. ხ–სთან და ე. ხ–სთან ჩატარებული), რომლითაც ასევე დასტურდება, რომ მოწმეთა მიერ მითითებული ადგილებიდან კარგად ჩანს სოფლის ცენტრალური გზიდან მათი სახლისკენ გამავალი გრუნტიანი გზა და მიმდებარე ტერიტორია, ჭიშკრის გარე პერიმეტრი და მიმდებარე ტერიტორია და ადგილი, საიდანაც მათი მტკიცებით, კ. თ–მ ესროლა ვ. ხ–ს (აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების სისწორე დადასტურებულია გამომძიებელ ნ. ლ–ს, ექსპერტების: ვ. ტ–სა და თ. გ–ს მიერ, ასევე შესაბამისად - ხ. ხ–სა და ე. ხ–ს მიერ).
15. 2019 წლის 23 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ვ. ხ–ს ჭიშკრის წინ, ქუჩაში, მიწის ზედაპირზე, ხუთ ადგილას, აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებთანაც აღმოაჩინეს ერთი ცალი ტყვიის გულა, რომელიც კ. თ–ს სახლის ეზოში, ბალახიანი ნიადაგის ზედაპირზე(საიდანაც პირდაპირ მოჩანს ვ. ხ–ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკარი) ნაპოვნ 6 ცალ მასრასთან ერთად ამოიღეს. მოწმე ნ. რ–ს ჩვენებითა და 2019 წლის 23 აგვისტოს ამოღების ოქმით დგინდება, რომ ნ. რ–საგან ამოიღეს ერთი ცალი ტყვიის გულა, რომელიც ვ. ხ–ს ფეხიდან, ბარძაყის ლატერალურ ღრუსა და წვივის ლატერალურ ღრუს შორის ადგილიდან ამოიღო და იყო 9 მილიმეტრიანი მეტალის უცხო სხეული; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ ტყვიებსა და მასრებზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნისა და საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 27 და 29 აგვისტოს წერილების თანახმად, კ. თ–ს სახლის ეზოდან ამოღებული 6 ცალი მასრა განკუთვნილია „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (ПМ), „სტეჩკინის“ კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის. აღნიშნული მასრები იდენტური აღმოჩნდა კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტყვიამასროთეკაში მოთავსებული, „მაკაროვის“ კონსტრუქციის „....“ პისტოლეტში ექსპერიმენტული გასროლის შედეგად მიღებული მასრების და ტყვიების. პისტოლეტი, საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, რეგისტრირებულია კ. თ–ს ძმის, გ. ბ–ს ძე თ–ს სახელზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N...... დასკვნის თანახმად, გ. თ–სა და ბ. თ–ს მარჯვენა ხელიდან აღებულ ანაწმენდზე, მარცხენა ხელიდან აღებულ ანაწმენდზე და სახის არედან აღებულ ანაწმენდზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნებოდა; კ. თ–ს მიმართ 2019 წლის 21 ოქტომბერს გამოცხადდა ძებნა, ვინაიდან კ. თ–ე თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში და სასამართლოში გამოცხადებას(იხ. ტ. 2, ს.ფ. 297-298).
16. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს კ. თ–მ ვ. ხ–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანნაქონი „მაკაროვის“ კონსტრუქციის (.......) ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ვ. ხ–ს.
17. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ კ. თ–ეს არ ჰქონდა დაზარალებულ ვ. ხ–ს მოკვლის განზრახვა.
18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. განზრახვის დასადგენად კი, შესწავლილ უნდა იქნეს მათ შორის: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი, ლოკალიზაცია, მიყენების ვითარება, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის N680აპ-17 გადაწყვეტილება).
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კ. თ–ს მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ საშუალებას და დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანების რაოდენობას, განლაგებას და ლოკალიზაციას, სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნას (ვ. ხ–ს სხეულზე არსებული დაზიანებები: მუცლისა და მარცხენა მხრის მიდამოებში მიყენებული ჭრილობები მიეკუთვნება (ცალ-ცალკე და ერთობლივად) სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს - როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო სხვა დანარჩენი ჭრილობები მიეკუთვნება (ცალ-ცალკე და ერთობლივად) სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს - ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით), მოწმეთა (ვ. ხ–ს, ხ. ხ–ს და ე. ხ–ს) ჩვენებებს, რომ კ. თ–ე ისროდა დამიზნებით და სროლა მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იარაღში ტყვიები გამოილია, კ. თ–ს აღიარებას.
20. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას კ. თ–ს ბრალეულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებისა და მინიმალური სასჯელის შეფარდების შესახებ.
22. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7).
23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა კ. თ–ს მიერ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოში ბრალის აღიარება, დანაშაულების მოტივი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, შემამსუბუქებელი გარემოებები (ჩადენილი დანაშაულის სრულად აღიარება, ნასამართლობის არქონა, კმაყოფაზე მყოფი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები, დაზარალებულის პოზიცია მკაცრად არდასჯის თაობაზე) და შეუმსუბუქა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი.
24. იმავდროულად, გასაჩივრებული განაჩენით დადგენილია, რომ კ. თ–მ დანაშაული ჩაიდინა იარაღის („მაკაროვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი ...... გამოყენებით.
25. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას კი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ განსაზღვრულია მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კ. თ–სათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით(საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი) გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, ვინაიდან კ. თ–ეს სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის შემდგომი შემსუბუქების შესაძლებლობას.
26. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და კ. თ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
29. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ კ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ა–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე