დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№22I-22 ქ. თბილისი
ბ-ი ნ., 22I-22 29 აპრილი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ. ბ-ის (N. B.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:
2022 წლის 10 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ა-ის რაიონულმა პროკურატურამ გამოსცა დადგენილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 120.1 მუხლით (განზრახ მკვლელობა) სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე.
2. ნ. ბ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2022 წლის 17 იანვარს გამოცემული დადგენილების თანახმად, მას ბრალი დაედო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 120.2.1 და 120.2.4 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებული სისასტიკით) შესაძლო ჩადენისათვის. იმავე დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ა-ის რაიონულმა პროკურატურამ გამოსცა დადგენილება ნ. ბ-ის ქმედების კვალიფიკაციის შესახებ, რომლის თანახმად, ნ. ბ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 120.2.1 და 120.2.4 მუხლებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებული სისასტიკით).
3. იმავე დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ხ-ის ა-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ნ. ბ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა.
4. იმავე დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ა-ის რაიონულმა პროკურატურამ გამოსცა დადგენილება ნ. ბ-ის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ.
5. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ნ. ბ-ისათვის ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 10 იანვარს ა–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ს. მ–ნ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ნ. ბ-მა, ამ უკანასკნელთან ერთად, ავტომობილით, რომელსაც თვითონვე მართავდა, გამოიყვანა ე. რ-ა სამუშაო ადგილიდან და მიიყვანა თავისი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულის შემდეგ, ს. მ–ნ შეთანხმებული ერთობლივი ქმედებებით, დაუდგენელი მჩხვლეტავ-მკვეთი იარაღის გამოყენებითა და განსაკუთრებული სისასტიკით ნ. ბ-მა ე. რ-ას მიაყენა ჯამურად – 34 ჭრილობა თავის, მკერდის, ზურგისა და ფეხების არეში, მათგან 6 ჭრილობა იყო შემავალი, გამოიწვია შინაგანი და გარეგანი სისხლდენა და საბოლოოდ – სიკვდილი.
მითითებული ქმედებების ჩადენის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ნ. ბ-მა და ს. მ–მ ე. რ-ას გვამი მიიტანეს და დატოვეს ნაკლებად დასახლებული ადგილის გზისპირა ტერიტორიაზე.
6. აღწერილი ქმედებები დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 120.2.1 და 120.2.4 მუხლებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებული სისასტიკით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
7. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
8. 2022 წლის 3 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ნ. ბ-ის ექსტრადიციის თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები.
9. ამჟამად ნ. ბ-ი სასჯელს იხდის ს–ს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის და მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში.
10. 2022 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ნ. ბ-ის ა–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ა-ის რაიონული პროკურატურის 2022 წლის 17 იანვრის დადგენილებაში ნ. ბ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 120.2.1 და 120.2.4 მუხლებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებული სისასტიკით).
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2022 წლის 19 აპრილის განჩინებით დასაშვებად ცნო ნ. ბ-ის ა–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ა-ის რაიონული პროკურატურის 2022 წლის 17 იანვრის დადგენილებაში ნ. ბ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 120.2.1 და 120.2.4 მუხლებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებული სისასტიკით).
12. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. რ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ ა–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ნ. ბ-ი გახდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი; ა–ს ციხეებში არის მრავალი გადაცდომა; მას ბრალს სდებენ ქმედებისათვის, რომელიც არ ჩაუდენია, შესაბამისად, არის უსამართლო დევნისა და ბრალდების მსხვერპლი; აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს მხრიდან წარმოდგენილი გარანტია კი არასაკმარისი და არასანდოა; საქართველოს პროკურატურას არ ჩაუტარებია კომპლექსური ღონისძიებები საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურ კვლევასთან მიმართებით.
13. პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა ნ. ბ-ის ა–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ა–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ნ. ბ-ი გახდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ნ. ბ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ან ცალკეული უფლებების დარღვევის ეჭვს წარმოშობდა. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ა–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან წამების საფრთხის არსებობის შესახებ.
4. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).
5. მხედველობაშია მისაღები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
6. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო.
7. საექსტრადიციო მასალების შესწავლით ასევე ირკვევა, რომ ნ. ბ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ ა–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა მისი უფლებები, მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული ნ. ბ-ის უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმეშია აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ნ. ბ-ი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას, იგი ისარგებლებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა ა–ს რესპუბლიკა, კერძოდ, დაცვის ყველა უფლებით, მათ შორის – ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობით.
8. აღსანიშნავია, რომ, მართალია, ნ. ბ-ისათვის ბრალად შერაცხული დანაშაული ითვალისწინებს ასევე უვადო თავისუფლების აღკვეთას, თუმცა ასეთი სასჯელის გამოყენების შემთხვევაში იგი არ იქნება შეუქცევადი, რადგან აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, სულ მცირე – 25 წლის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვალოს ვადიანით. უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვის მითითებული სტანდარტი და ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელი, ამ დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, თავსებადია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან.
9. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ნ. ბ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის ა–ს რესპუბლიკის მოქალაქე.
10. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. როგორც საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის ცნობიდან ირკვევა, ნ. ბ-ს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის განხილვაზე, კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევის გამო და შესაბამისად, იგი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად საქართველოში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.
11. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ნ. ბ-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულთან დაკავშირებით. შესაბამისად, ნ. ბ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.
12. გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურამ ნ. ბ-ის შესახებ მოიძია ინფორმაცია ინტერნეტის ყველაზე პოპულარულ და მოხმარებად საძიებო სისტემებში, რომლებშიც მის მიმართ დევნის ან/და მისი უფლებების დარღვევის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ინტერნეტის ღია წყაროებში ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად. საქართველოს პროკურატურას აღნიშნული მეთოდით ძიებისას სხვა შემთხვევებში წარმატებით მოუპოვებია ინფორმაცია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის შესახებ.
13. აღსანიშნავია, რომ დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც ნ. ბ-ი ბრალდებულია ა–ს რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ნ. ბ-ისათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა 2022 წელს, ხოლო ნ. ბ-ს ამ ქმედებასთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა იმავე წელს. შესაბამისად, მოცემულ დანაშაულთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული საექსტრადიციო მასალებისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 და 75-ე მუხლების შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის არც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით.
14. საყურადღებოა ისიც, რომ საქართველო არ წარმოადგენს ნ. ბ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, იგი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის შედეგად და არ გააჩნია საქართველოში მუდმივად ცხოვრების კანონიერი საფუძველი. რაც შეეხება განცხადებას პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ნ. ბ–სა და გ.ა.–ს ქორწინების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, აღნიშნული არ ადასტურებს მათ თანაცხოვრებას საქართველოს ტერიტორიაზე და არც იმ ფაქტს, რომ საქართველო წარმოადგენს მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. მეტიც, თუ ნ. ბ-ს საქართველოში დადასტურებულად ეყოლებოდა მუდმივად მცხოვრები პარტნიორი/მეუღლე, დანაშაულთა სიმძიმისა და უფლების პოტენციური შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით, მისი ექსტრადიცია მაინც სრულ შესაბამისობაში იქნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან (სუსგ №91-20, №3541-21). ამდენად, ასეთ ვითარებაში ნ. ბ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.
15. კასატორის მითითებაზე ნ. ბ-ისათვის წარდგენილი ბრალდებების არასათანადო დასაბუთებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ექსტრადიციის დასაშვეობის საკითხის განხილვისას, სასამართლო არ აფასებს პირის ბრალეულობის საკითხს და ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე: №402I-21; №453I-21; №141-22). სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია (მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ექსტრადიციის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს) არ ადგენს ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოსთვის პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი იმ შემთხვევაში ადგენს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილებას, თუ უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამდენად, დამატებით შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც აქვს ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს და რომელიც აუცილებელია ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა არ ხდება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ექვემდებარება შეფასებას საექსტრადიციო პროცედურის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორმა სახელმწიფომ სრულად მოაწოდა ს–ს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ ვერც კასატორი უთითებს და არც საქმის მასალებით დგინდება ნ. ბ-ის ა–ს რესპუბლიკაში რაიმე სხვა მიზნით შესაძლო ექსტრადიცია, რისი მხედველობაში მიღებითაც, კასატორის მტკიცება ამ ნაწილშიც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ნ. ბ-ის ა–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ა-ის რაიონული პროკურატურის 2022 წლის 17 იანვრის დადგენილებაში ნ. ბ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 120.2.1 და 120.2.4 მუხლებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებული სისასტიკით), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ნ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ.რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე