საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.05.2022
საქმის ნომერი
2კ-94აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119002953453

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №94აპ.-22 13 მაისი, 2022 წელი

ბ-ა რ., №94აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ს–სა და ა. შ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2019 წლის 22 მარტს რ. ბ–ა (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. რ. ბ–ამ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით -26,3519 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰერიონი, რაც 2019 წლის 22 მარტს, შპს ,,.......ს ............... საავადმყოფოში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს მისი სხეულიდან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენით რ. ბ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

2.2. რ. ბ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2.3. მსჯავრდებულ რ. ბ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 მარტიდან.

2.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ს–მ, ა. შ–მა და მ. პ–მ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს რ. ბ–ს წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა, ხოლო ალტერნატივის სახით - მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გადავადება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება.

3.2. რ. ბ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

3.3. მსჯავრდებულ რ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 21 მარტიდან.

3.4. რ. ბ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3.5. 2021 წლის 9 დეკემბერს მსჯავრდებულ რ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ს–მდა ა. შ–მ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს რ. ბ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულების გადავადება.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასახული მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამასთან, გასაჩივრებულ განჩენში მითითებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვალის №01-6/ნ ბრძანება მოცემულ შემთხვევაში არარელევანტურია.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.3. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ბ–ს მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა (გამომძიებელ რ. ქ–ს ინფორმაციული პატაკი, რ. ბ–ს სხეულის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება, მოწმეთა ჩვენებები, ქიმიური ექსპერტიზის №..... დასკვნა) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ რ. ბ–ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

5.4. რაც შეეხება კასატორების მოთხოვნას განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, მათ შორის, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, - მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა კუმულაციურია და იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია ორივე პირობის ერთდროულად არსებობასთან.

5.5. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - შპს „ვ–ს“ 2021 წლის 6 აგვისტოს კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის წარმოების პროცესში ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევის მონაცემებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ რ. ბ–ს დაუდგინდა დიაგნოზი: მიოკარდიტი დაუზუსტებელი რემისის ფაზა (I 51.4), მიოკარდიოდისტროფია (I 51.5), ჰიპიტენზია დაუზუსტებელი (I 95.9), ტახიკარდია დაუზუსტებელი (R 00.0), გულის უკმარისობა II ფუნ.კლ. (NYHA) (I 50.9). საჯდომი ნერვის ტრავმა მენჯ-ბარძაყის სახსრისა და და ბარძაყის დონეზე (S 74.0). ოპერაციის შემდგომი დაზუსტებული მდგომარეობები (Z 98.8). ოსტეოქონდროზი (M 42.9), რადიკულოპათია (M 54.1), თავის ტკივილი (R 51.0), ინსომნია (F 51.0). ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი (G 45.0). სომატოფორმული ავტონომიური (ვეგეტატიური) დისფუნქცია (F 45.3) მარცხენა ქვემო კიდურის კანქვეშა ვენების ვარიკოზი წყლულების და ანთების გარეშე (I 83.9) ქრონიკული ვენური უკმარისობა (I 87.2) C4 CEAP კლასიფიკაციით. მარცხენა ქვემო კიდურის დიდი წვივის წინა არტერიის სტენოზი. ქრონიკული არტერიული უკმარისობა დისტალური ფორმა A I ფონტეინის კლასიფიკაციით (I 77.8). რ. ბ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ფრიად საყურადღებოა. ქრონიკული და პროგნოზულად კარდიოლოგიური და თანდართული ანგიო-ნევროლოგიური პრობლემატიკის მხედველობაში მიღებით, იგი მძიმე ავადმყოფია, სრული განკურნების პერსპექტივის გარეშე. ესაჭიროება მაღალკვალიფიციური მულტიპროფილური (კარდიოლოგი, ნევროლოგი, ანგიოლოგი) საექიმო მეთვალყურეობის ქვეშ ხანგრძლივი, ადეკვატური მკურნალობა. ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის, არსებულ დაავადებათა ხასიათის, ჩასატარებელი სამკურნალო და დიაგნოსტიკური ღონისძიებების გათვალისწინებით, რ. ბ–ს იზოლაციაში ყოფნა (პენიტენციურ დაწესებულებაში) ნეგატიურად მოქმედებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაბამისად, ხელს უშლის სასჯელის მოხდას.

5.6. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული დასკვნისა და სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული, ექსპერტ ა. გ–ს ჩვენების მხედველობაში მიღებით, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია იმ გარემოებებზე, რომლებმაც რ. ბ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულების გადავადებაზე უარის თქმა განაპირობა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ადვოკატების მოთხოვნას გასცა დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. საკასაციო სასამართლო დამატებით მხედველობაში იღებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N.. დაწესებულების მიერ 2021 წლის 28 ივნისს რ. ბ–ს მიმართ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N..........), რომელიც, მათ შორის, საფუძვლად დაედო ექსპერტიზის დასკვნას და რომლის მოკლე ანამნეზითაც ირკვევა, რომ „ნახვის მომენტში ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილებს არ წარმოადგენს“.

5.7. მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო საჩივრით მოთხოვნილია განაჩენის აღსრულების გადავადება, საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს საქართველოს სსსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესებს, რომელთა შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

5.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არც ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველი, რადგან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაავადებები არ განეკუთვნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვალის №01-6/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველია.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ს–სა და ა. შ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე