საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100121004356218
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №135აპ.-22 10 მაისი, 2022 წელი
გ–ი ნ., 135აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენით ნ. გ–ი (პირადი ნომერი: ......) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნ. გ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილია პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დადგენილი აქვს 2 (ორი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. გ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ–მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: ნ. ა–მ და ნ. გ–მ წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს ქ.თ–ში, ......ის ქუჩა N..-ში მდებარე სს ,,.......ის“ კუთვნილ სავაჭრო ობიექტებიდან სარეალიზაციო პროდუქციის ფარული დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2020 წლის 3 აგვისტოს 23:49 საათიდან - 23:57 საათამდე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დახლიდან ფარულად დაეუფლნენ: 164,99 ლარად ღირებულ ,,ჰენესის“ კონიაკს, 152,35 ლარად ღირებულ ,,ჯეკ დენიელსის“ ვისკის, 81,45 ლარად ღირებულ ,,სან რემი აუტენტიკოს“ სასმელსა და 87,85 ლარად ღირებულ ,,ჯეკ დენიელსის“ ვისკის. დანაშაულებრივი ქმედებით სს ,,......ს“ მიადგა 486,64 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. 2021 წლის 29 დეკემბერს მსჯავრდებულ ნ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ–ი, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით, მოთავსებულია შპს ,,......... ცენტრში“, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ. გ–ი დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური დაავადებით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.
3.2. კასატორის პოზიციით, ნ. გ–სთვის შეფარდებული სასჯელი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასჯელის მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის ჯანმრთელობაზე მოქმედებს უარყოფითად.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუ პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, რაც დადასტურებულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით.
4.2. განსახილველ შემთხვევაში შპს ,,...........ის ცენტრის“ მიერ გაცემული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ნ. გ–ს აღენიშნება ფსიქოზური რეგისტრის ქრონიკული ფსიქიკური დაავადება - თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით, აგრეთვე სხვა ფიზიკური დაავადებით გამოწვეული სხვა სპეციფიკური აშლილობანი /F 06.9/ - (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა), რაც დასკვნის გაცემის მომენტისთვის ნ. გ–ს ხელს უშლის სასჯელის მოხდაში, რის გამოც საჭიროებს არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონარულ მკურნალობას შპს „.............. ცენტრში“, აღნიშნული მდგომარეობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგ მსჯავრდებულს შეუძლია გააგრძელოს სასჯელის მოხდა.
4.3. ზემოაღნიშნული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის ბრძანებით მსჯავრდებული ნ. გ–ი, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით, მოთავსდა სტაციონარში - შპს „............ ცენტრში“ (..........), არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე.
4.4. ამდენად, საქმის მასალებით წარმოდგენილი არ არის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ნ. გ–ი დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხი, რაც გამორიცხავს საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის გამოყენებით ნ. გ–ს მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
4.5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. გ–სთვის დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრეს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე