დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.05.2022
საქმის ნომერი
2კ-15-I-22
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.05.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010140422900144076

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №15I -22 11 მაისი, 2022 წელი

ს–ი მ., 15I -22 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ–ს განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენში, ნივთმტკიცების ნაწილში, ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განაჩენით მ. ს–ი (დაბადებული 19.. წლის 13 ივნისს) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. ამავე განაჩენით სასამართლომ იმსჯელა საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებაზე და გადაწყვიტა, რომ მ. ს–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ოქროს ნივთები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

1.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენით მ. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩა უცვლელად.

1.5. 2022 წლის 29 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ–მა და საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლის ,,დ“ და ,,ვ“ პუნქტების გამოყენებით მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენში, მე-15 გვერდის მე-12 აბზაცის განმარტება, კერძოდ, თუ ვინ იგულისხმება ოქროს ნივთების მფლობელად, დაზარალებული თუ გამართლებული?

1.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა ადვოკატის განცხადება, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არ იკვეთება ბუნდოვანება-უზუსტობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

1.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის ,,დ“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს უფლება აქვს, ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით აღმოფხვრას გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობა, რაც არ გამოიწვევს მის გაუქმებას ან შეცვლას, კერძოდ, გადაწყვიტოს მტკიცებულებათა საკითხი.

1.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ნივთიერი მტკიცებულების საკითხი საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის ,,ე“ პუნქტის გამოყენებით გადაწყვეტილია სწორად, კერძოდ, განაჩენში მითითებულია, რომ მ. ს–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ოქროს ნივთები უნდა დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

1.9. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ,,დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქოსამართალწარმოების წესით“. ამდენად ადვოკატის მიერ მითითებული გარემოება, თუ ვინ მოიაზრება მფლობელში (გამართლებული თუ დაზარალებული), არ წარმოადგენს განაჩენში ბუნდოვანება/უზუსტობის აღმოფხვრის საფუძველს, ვინაიდან ქონებრივი ურთიერთობები სამოქალაქო სამართლის რეგულირების სფეროს განეკუთვნება, შესაბამისად, ნებისმიერი დავა ნივთიერი მტკიცებულების პირისთვის მიკუთვნების შესახებ წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების გზით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

1.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 287-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ადვოკატ ლ. კ–ს შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენში, ნივთმტკიცების ნაწილში, ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სანდოძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე