ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141222005784195
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№291-22 31 მაისი, 2022 წელი
ქ. ტ. 291-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - გოჩა ქორაიას
ადვოკატ - რ. მ–ს
დაზარალებულ - ლ. ც–ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ტ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. მ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენით ტ. ქ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3500 ლარი.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ტ. ქ–ეს უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენში:
2.1. ძებნილ მსჯავრდებულ ტ. ქ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით;
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ ტ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. მ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. ადვოკატი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინების გაუქმებას, ძებნილი მსჯავრდებულის - ტ. ქ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელებასა და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას. საჩივარს ერთვის დაზარალებულ ლ. ც–ს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, დაზარალებულ ლ. ც–ს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს და თანახმაა ტ. ქ–ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
4. ადვოკატმა რ. მ–მ მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. ამასთან, დამატებით განმარტა, რომ მას გასაჩივრებული განჩინება ჩაბარდა 2022 წლის 3 მაისს. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოს დეპარტამენტის საერთო სასამართლოების არქივის უფროსის - ნ. კ–ს მიმართვა, რომლის თანახმად, 2022 წლის 3 მაისის განცხადების პასუხად, ადვოკატს გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის N494 „ამნისტიის შესახებ“ სასამართლო წარმოების საქმიდან დოკუმენტების ასლი.
5. 2022 წლის 23 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა დაზარალებულმა ლ. ც–მ. განცხადების თანახმად ლ. ც–მ უარს აცხადებდა ტ. ქ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელებაზე მის მიმართ პრეტენზიის არსებობის გამო. 2022 წლის 24 მაისს კი წარმოდგენილი იქნა დაზარალებულის წარმომადგენლის - ხ. პ–ს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (ლ. ც–ს მიერ 2022 წლის 23 მაისს სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულების საფუძველზე) ტ. ქ–ს მიმართ შეწყალების გამოყენებაზე თანხმობის შესახებ.
6. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გოჩა ქორაიამ მხარი არ დაუჭირა საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება, ვინაიდან წარმოდგენილია დაზარალებულის წარმომადგენლის (ხ. პ–ს) სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება და არა თავად დაზარალებულის თანხმობა; ამასთან განცხადება არ ეხება ტ. ქ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებას.
7. 2022 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ. ც–მ განმარტა, რომ მას ზიანი აუნაზღაურდა და თანახმაა ტ. ქ–ს მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. დაცულია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, შეუძლია გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში.
3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, ხოლო მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, ჯარიმის და ქონების ჩამორთმევის გარდა.
4. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ. ც–მ დაადასტურა რომ მას, როგორც აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილ პირს, არ გააჩნია პრეტენზიები ტ. ქ–ს მიმართ, თანახმაა ტ. ქ–ს მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონი და გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
5. დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, ტ. ქ–ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლი და ის უნდა გათავისუფლდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის N111-22 განჩინება).
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარე საჩივრით ითხოვს ტ. ქ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელებას. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს“ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება II-20); „შეჯიბრებითობის პრინციპი ...არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე (იხ.: იქვე, II-21).
7. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება ტ. ქ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილებიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკიდან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის N624აპ-21 განაჩენი) გამომდინარე, ტ. ქ–ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის - 3500 ლარის - მოხდისაგან შემდეგ გარემოებათა გამო:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენით ტ. ქ–ეს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3500 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება აღნიშნულ ჯარიმაზე არ გავრცელდა, ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის შეფარდების თაობაზე სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყება დაუშვებელია, ხოლო დაწყებული სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში.
10. მოცემულ შემთხვევაში, ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, კერძოდ, 2012 წლის 31 მაისს, ამასთან, განსახილველი №291-22 საქმის წარმოების მასალებიდან და საერთო სასამართლოების არქივიდან გამოთხოვილი N1/1179-12 სისხლის სამართლის საქმით არ იკვეთება ჯარიმის აღსრულების ფაქტი. შესაბამისად, ჯარიმის ნაწილში ტ. ქ–ს მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი და იგი უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული სასჯელისაგან (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის N4111-21 განჩინება, ასევე 2021 წლის 16 მარტის N736აპ-20 და 2021 წლის 25 თებერვლის N752აპ-20 განაჩენები).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ტ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. მ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული ტ. ქ–ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;
4. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული ტ. ქ–ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის - 3500 ლარისგან;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე