საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №786აპ-22 თბილისი
კ. კ., 786აპ-22 12 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. კ-სა და მისი ადვოკატის - დ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. კ. კ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 მარტის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 13 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით კ. კ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. კ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 3 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 8 თვე - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;
1.4. კ. კ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 19 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო.
2. განაჩენის მიხედვით, კ. კ-ეს მსჯავრი დაედო:
ü ქურდობის მცდელობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;
ü ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის;
ü ქურდობის მცდელობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლებელია, გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ;
ü ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o 2018 წლის 20 მარტს, დაახლოებით 20:40 საათზე, ბ-ში, . ხ-ის გამზირის მე-- ჩიხის №--ში მდებარე ვულკანიზაციის ეზოდან კ. კ-ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად ცდილობდა შპს „დ-ს“ კუთვნილი სატვირთო ავტომობილის 60 ლარად ღირებული სამი დისკის დაუფლებას, რაც მესაკუთრემ შენიშნა და რის გამოც კ. კ-ემ დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა;
o 2021 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 15:15 საათზე, ბ-ში, ფ. ხ-ის გამზირის №--ში მდებარე შპს „ი. მ-დან“, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 185-ე მუხლების პირველი ნაწილებით ნასამართლევი, პირობით მსჯავრდებული კ. კ-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ფარულად დაეუფლა ამავე მარკეტის კუთვნილ, 165 ლარად ღირებულ ალკოჰოლურ სასმელს - კონიაკ „XO-ს“, რითაც დაზარალებულ ორგანიზაციას მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
o 2021 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, ბ-ში, ფ. ხ-ის გამზირის №--ის №--ში მდებარე სახლის მიმდებარედ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 185-ე მუხლების პირველი ნაწილებით ნასამართლევი, პირობით მსჯავრდებული კ. კ-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ცდილობდა თ. კ-ის კუთვნილი „ფორდის“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით - -, ფარულად დაუფლებოდა მისავე კუთვნილ, 200 ლარად ღირებულ დენის წყაროს - აკუმულატორს, რითაც დაზარალებულს შესაძლებელია, მისდგომოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
o 2021 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათიდან 23:30 საათამდე პერიოდში, ბ-ში, ფ. ხ-ის გამზირის №--ში, „ო-ს დ-ის“ მიმდებარედ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 185-ე მუხლების პირველი ნაწილებით ნასამართლევი, პირობით მსჯავრდებული კ. კ-ე, ზ. ს-ის „ფორდის“ მარკის სატვირთო ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით - -, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ფარულად დაეუფლა მისავე კუთვნილ, 400 ლარად ღირებულ დენის წყაროს - აკუმულატორს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და კ. კ-ისათვის შეფარდებული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის (სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა) გამოყენების გარეშე.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
5.1. კ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 მარტის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 13 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით კ. კ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელი (პირობითი მსჯავრი) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. კ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 19 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. კ-ემ და მისმა ადვოკატმა - დ. კ-ემ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და კ. კ-ისათვის სასჯელის შემცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ ფარგლებში.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ კ. კ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
10. ამავე დროს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომელთა გამო დაუმძიმა სასჯელი კ. კ-ეს და რატომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქება, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ. კ-ისა და მისი ადვოკატის - დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე