საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.12.2022
საქმის ნომერი
2კ-776აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.12.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121004716323

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №776აპ-22 ქ. თბილისი

კ–ი გ., 776აპ-22 16 დეკემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დავით ხვედელიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. კ–სის დამნაშავედ ცნობას როგორც საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენისათვის, ასევე - საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სამივე ეპიზოდში მისთვის უფრო მკაცრი სახის სასჯელის განსაზღვრას. ბრალდების მხარის მოსაზრებით, განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ სწორად მხოლოდ ნაწილობრივად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ. კ–სმა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები. მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება ზედმეტად ლმობიერი და არასამართლიანია, რის გამოც არ შეესაბამება სასჯელის დანიშვნის პრინციპებს.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. კ–სს ბრალად ედება: ძალადობა, ესე იგი სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (2021 წლის 10 მარტის ეპიზოდი); ძალადობა, ესე იგი სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (2021 წლის 12 მარტის ეპიზოდი); ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გ. კ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2021 წლის 10 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, თ–ში, გ–ს მე-.. მიკრორაიონში, N.. კორპუსში მდებარე ბინა N..-ში, გ. კ–სმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა მუდმივ კონტროლში, ნ. მ–სის თავის უუფლებო საკუთრებად აღქმასა და მისგან უპირობო მორჩილების მოთხოვნაში, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, სხვაგვარი ძალადობა ჩაიდინა მის მიმართ, კერძოდ: ურთიერთშელაპარაკებისას, ხელი ძლიერად მოუჭირა სახეში, რა დროსაც ნ. მ–სემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ფიზიკური ზიანი.

- 2021 წლის 12 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ–ში, გ–ს .. კორპუსის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ–სმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატებოდა მუდმივ კონტროლში, ნ. მ–სის თავის უუფლებო საკუთრებად აღქმასა და მისგან უპირობო მორჩილების მოთხოვნაში, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, სხვაგვარი ძალადობა ჩაიდინა მის მიმართ, კერძოდ: ურთიერთშელაპარაკებისას, ხელი ძლიერად მოუჭირა სახისა და ყელის არეში, მუხლი მიაჭირა ტანის არეში და მუშტი დაარტყა ცხვირში, რა დროსაც ნ. მ–სემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ფიზიკური ზიანი.

- 2021 წლის 12 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ–ში, გ–ს .. კორპუსის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ–სი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა თავის მიერ ნაჩუქარ, ნ. მ–სის კუთვნილ ,,აიფონის“ ფირმის ,,12 პრო“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რის შედეგადაც ნ. მ–სეს მიადგა 3 800 (სამი ათას რვაასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 თებერვლის განაჩენით გ. კ–სის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

გ. კ–სი, - დაბადებული 1...წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი, რომელიც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2021 წლის 13 მარტიდან - 2021 წლის 16 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით, 500 (ხუთასი) ლარით შეუმცირდა და მოსახდელად დარჩა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 10 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 12 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით მსჯავრდებულ გ. კ–სს სასჯელის სახედ და ზომად დაეკისრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრულმა სასჯელმა - პირობითმა მსჯავრმა, თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლით და ჯარიმამ - 2000 (ორი ათასმა) ლარმა, შთანთქა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. კ–სს განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით მჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი.

გ. კ–სს პირობითი მსჯავრის ათვლა დაეწყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პერიოდიდან.

გ. კ–სის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის საფუძველზე გირაოს პირობის დარღვევის გამო, გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 (ორი ათასი) ლარი უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

მსჯავრდებულ გ. კ–სის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში უნდა განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ–სმა ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი, თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2021 წლის 12 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქალაქ თ–ში, გ–ს ... კორპუსის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. კ–სი და ნ. მ–სე შეხვდნენ სალაპარაკოდ გ. კ–სი მისგან ითხოვდა მობილური ტელეფონის უკან დაბრუნებას, რა დროსაც საუბარი გადაიზარდა ურთიერთშელაპარაკებაში, ვინაიდან ნ. მ–მ მას უარი უთხრა მობილური ტელეფონის დაბრუნებაზე მანამ, სანამ გ. კ–სი არ დაუბრუნებდა მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. ამის შემდგომ გ. კ–მა, ნ. მ–ს ნებართვის გარეშე, „აიფონის“ ფირმის „12 პრო“ მოდელის, 3.800 (სამი ათას რვაას) ლარად ღირებული მობილური ტელეფონი აიღო, ნ. მ–სე კი გადავიდა ავტომანქანიდან და წავიდა. აღნიშნული ქმედებით ნ. მ–სეს მიადგა 3800 (სამი ათას რვაასი) ლარის მნიშნველოვანი მატერიალური ზიანი.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ–მა ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი, სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გარეშე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. კ–ს დამნაშავედ ცნობა როგორც საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენისათვის, ასევე - საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სამივე ეპიზოდში მისთვის უფრო მკაცრი სახის სასჯელის განსაზღვრა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 თებერვლის განაჩენი დარჩა უცლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალად შერაცხული ქმედების სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 თებერვლის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც გამორიცხავს გ. კ–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მსჯავრად შერაცხვას, ვინაიდან მის ქმედებაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ იკვეთება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გ. კ–მა მობილური ტელეფონი, რომელიც საკუთარი ინიციატივითა და სურვილით აჩუქა დაზარალებულ ნ. მ–ს, მას შემდეგ, რაც მათ შორის კონფლიქტური ურთიერთობა განვითარდა, თავისად დაიგულა და მიუხედავად იმისა, რომ ნივთი უკვე იმყოფებოდა ნ. მ–სის საკუთრებაში, ნაჩუქარი ნივთის უკან გამოთხოვისათვის დადგენილი საკანონმდებლო რეგულაციების გვერდის ავლით, თვითნებურად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რის შედეგადაც მას მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

10. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ გ. კ–სის ქმედებაში არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ამ ნაწილში ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულ ნ. მ–სის ჩვენება, რაც საკმარისი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებაში ჩადენაში მისი ბრალეულობის დასადასტურებლად.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ბრალდების მხარე და რასაც სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი გახდებოდა, ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს.

12. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. კ–სისათვის შეფარდებულ სასჯელს, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, გ. კ–სის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. კ–სათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე