საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100121004414191
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1128აპ-22 ქ. თბილისი
გ–ე გ., 1128აპ-22 19 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ–მ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს არსებითად დაარღვიეს საპროცესო კანონმდებლობა, რადგან განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის საპირისპიროდ, დაფუძნებულია ვარაუდებზე და არა - უტყუარ მტკიცებულებებზე, კერძოდ: ექსპერტმა ს. ო–მა კანონით დადგენილი წესით ვერ დაადასტურა, არის თუ არა მისი დაწერილი 2020 წლის 15 ივლისის განცხადება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია გამოძიების დროს მისი გამოკითხვის ოქმების შინაარსის მის წინააღმდეგ გამოყენება; 2020 წლის 15 ივლისით დათარიღებული განცხადების ქსეროასლი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დაუშვებელი მტკიცებულებაა, რადგან არ დასტურდება მისი ავთენტიკურობა; შეუძლებელია, იგი დამნაშავედ იყოს ცნობილი მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორის ან მოსამართლის საქმიანობაში უკანონო ჩარევის, ხელის შეშლის ან მუქარის გამო, რადგან, როგორც მხარეს, ჰქონდა უფლება, სხვადასხვა ფორმით გაეპროტესტებინა თავისი უკანონო ბრალდება.
2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო ამავე კოდექსის 303-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, რომლის სხდომაშიც უშუალოდ სურს მონაწილეობა. მისი მსჯავრდების ძალაში დატოვების შემთხვევაში კასატორი ითხოვს, ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - შთანთქას წინა განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელის შეფარდებისას სასამართლოსთვის ცნობილი იყო 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენის არსებობის შესახებ, მას სასჯელი განესაზღვრა დანაშაულთა და არა - განაჩენთა ერთობლიობით, რის გამოც სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან, 2022 წლის 22 მარტიდან, ნაცვლად - დანაშაულის ჩადენის დღისა, 2020 წლის 15 ივლისისა.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქარველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების მიხედვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას - სრულად დაემატა ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და გ. გ–ს საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2022 წლის 22 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2020 წლის 23 ივნისიდან 2022 წლის 22 მარტის ჩათვლით.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ–მ ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით პროკურორის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა; სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა, რაც გამოიხატა შემდეგში:
4.1. გ. გ–ს შსს ბაღდათის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №......... საქმეზე წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), ამავე კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
4.2. 2021 წლის 15 ივლისს გ. გ–სე №.. პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისათვის გაგზავნილ წერილებში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა კ–ების ოჯახს, მათ შორის - მ. ჩ–სა და რ. კ–ს, თუ პროკურორი და მოსამართლე მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაუშვებლად არ ცნობდნენ მტკიცებულებებს და მიესჯებოდა თუნდაც ერთი დღით თავისუფლების აღკვეთა. მ. ჩ–მ და რ. კ–მ იცოდნენ, რომ გ. გ. იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, რის გამოც მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
4.3. 2020 წლის 15 ივლისს ბრალდებული გ. გ–სე საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისათვის ხელის შეშლის მიზნით, №.. პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაგზავნილ წერილში დაემუქრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით სილაგაძეს, რომელიც სისხლის სამართლის №057190620001 საქმეზე ახორციელებდა საპროცესო ხელმძღვანელობას, რომ თუ იგი მხარს არ დაუჭერდა მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობას და მიესჯებოდა თუნდაც ერთი დღით თავისუფლების აღკვეთა, ცოცხალს არ დატოვებდა კოხოძებიის ოჯახს.
4.4. 2022 წლის 15 ივლისს ბრალდებული გ. გ–ე სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, სასმართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევის გზით, №.. პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაგზავნილ წერილში დაემუქრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძეს, რომ თუ იგი დაუშვებლად არ ცნობდა მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებებს, არ შეწყდებოდა გამოძიება და მიესჯებოდა თუნდაც ერთი დღით თავისუფლების აღკვეთა, ცოცხალს არ დატოვებდა კ–ების ოჯახს.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა გ. გ–ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულების - მ. ჩ–სა და რ. კ–ს, მოწმეების - ტ. კ–ს, ბ. კ–ს, მ. კ–ს, ლ. კ–სა და მ. ლ–ს ჩვენებებიდან, ამოღების ოქმებიდან და ამოღებული დოკუმენტებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ კასატორის მოთხოვნა არ არის სათანადოდ არგუმენტირებული, ვინაიდან საჩივარში მითითებული საკითხები არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის საფუძველი არ არის გამოკვეთილი.
10. კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელის ათვლასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო განმარტავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, მას სასჯელი დაენიშნება ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით. ამასთან საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის. ასეთ შემთხვევაში სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირის დაკავების დღიდან, რისი მხედველობაში მიღებითაც, კასატორის მტკიცება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შემთხვევაში მას სასჯელი აეთვლებოდა დანაშაულის ჩადენის დღიდან, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.
11. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. გ–მ დანაშაული ჩაიდინა 2021 წლის 15 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენების გამოტანის შემდეგ და ამდენად, მას საბოლოო სასჯელი უნდა შეფარდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა განსაზღვრის წესით, მაგრამ იმის მხედველობაში მიღებით, რომ გ. გ–ს საბოლოო სასჯელი დანიშნული აქვს სასჯელთა მთლიანი შეკრების წესის გამოყენებით, როდესაც ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ხოლო სასჯელის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან, წინა განაჩენით მოხდილი სასჯელის ჩათვლის გარეშე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის განსაზღვრის ნაწილში, მსჯავრდებულის საუარესოდ ვერ შეაბრუნებს, საამისოდ აუცილებელი საპროცესო საფუძვლის - ბრალდების მხარის მოთხოვნის არარსებობის გამო.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი
საქმე N 080100121004414191
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ
№1128აპ-22 ქ. თბილისი
გ. გ., 1128აპ-22 10 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 19 დეკემბერს მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებაში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:
2. განჩინების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის მე-4.2; მე-4.4 და მე-11 პუნქტებში დანაშაულის ჩადენის თარიღად მითითებული უნდა იყოს - 2020 წლის 15 ივლისი.
3. აღნიშნული წარმოადგენს უზუტობას, რომელიც უნდა აღმოიფხვრას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
2. განჩინების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის მე-4.2 და მე-4.4 პუნქტებში დანაშაულის ჩადენის თარიღად მიეთითოს - 2020 წლის 15 ივლისი, ხოლო მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. გ-მ დანაშაული ჩაიდინა 2020 წლის 15 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენების გამოტანამდე და ამდენად, მას საბოლოო სასჯელი უნდა შეფარდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.“
3. აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინების განუყოფელ ნაწილს;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი