საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.02.2023
საქმის ნომერი
2კ-1074აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.02.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121004940529

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1074აპ-22 ქ. თბილისი

ა-ი დ, 1074აპ-22 14 თებერვალი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძისა და მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ყ-სა და ტ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

1.1. დ. ა-ს ბრალად დაედო ოჯახის წევრის მიმართ წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, აღიარების მიღება, პირის დაშინება ანდა პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის მარტის დასაწყისიდან 2021 წლის 20 მარტამდე, დ. ა-ი მ. ა-ს, რომელთან ერთადაც აღნიშნულ პერიოდში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, მოითხოვდა მორჩილებას, უკრძალავდა მამაკაცი მეგობრების ყოლას, მამაკაცებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციას, მამრობითი სქესის მოსწავლეების აყვანას, უკონტროლებდა კონტაქტებს, სისტემატურად ეჭვიანობდა სხვადასხვა პირზე, რის გამოც მუდმივად ჰქონდათ უთანხმოება, ემუქრებოდა სახის დასახიჩრებით, ვინაიდან, მისი წარმოდგენით, უყვარდა სხვა ბიჭების ყურადღების ცენტრში ყოფნა. მორიგი ეჭვიანობის დროს, 2021 წლის 19 მარტს, დაახლოებით 18:00 საათიდან 23:00 საათამდე, უწყვეტად, ქ. თ-ი, ჭ-ის გამზირის N..-ში მდებარე ბინა N..-ში, დ. ა-ა იმ მიზნით, რომ თანაცხოვრებაში მყოფ მ. ა-უს ეთქვა სიმართლე და მიეღო მისგან აღიარება, ასევე დაეშინებინა და დაესაჯა მისი წარმოდგენით ჩადენილი ქმედებებისათვის, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, უთხრა, რომ არ უნდოდა ისე მოქცეოდა როგორც აპირებდა, მაგრამ რადგან აღიარება არ სურდა, მოუწევდა ჩანაფიქრის განხორციელება, რა დროსაც ჩაკეტა ბინის კარი, მ. ა-ს არ მისცა გასვლის საშუალება, შეიყვანა საძინებელში, ჩამოაფარა ფარდები, სცადა დაზარალებულისათვის ხელების შეკვრა, ჩამოხსნა დაკიდებული ხელკეტი და მისი დემონსტრირებით დაემუქრა სახეში ჩარტყმით. ამასთან, რამდენჯერმე მოახდინა ჩარტყმის იმიტაცია, ბალიშის გამოყენებით სცადა მ. ა-ს გაგუდვა, რის გამოც დაზარალებულს შეეკრა სუნთქვა და გარკვეული პერიოდი დაკარგა გონება. გონზე მოსვლის შემდეგ, მ. ა-მ სცადა ბინიდან გაქცევა და საშველად მეზობლების მოხმობა, თუმცა დ. ა-ა პირზე ააფარა ხელი და კვლავ დაყვირების შემთხვევაში მოკვლით დაემუქრა. იგი დააწვინა საწოლზე, დააჯდა მუცელზე და ხელის ყელზე მოჭერით სცადა მისი გაგუდვა, რა დროსაც კვლავ მოითხოვდა მისგან აღიარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოაკვდებოდა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, კვლავ შეეკრა სუნთქვა და დაკარგა გონება. გონზე მოსვლის შემდეგ, დ. ა-ა მ. ა-უ მუცლით დააწვინა საწოლზე, ზურგზე დააჯდა და თავს ორივე ხელით ძლიერად უტრიალებდა, თან ემუქრებოდა, თუ სიმართლეს არ ეტყოდა კისერს მოტეხდა. აღნიშნულმა ქმედებამაც გამოიწვია ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. ამის შემდეგ, დ. ა-ი მაკრატლის ყელზე მიბჯენით დაემუქრა დაზარალებულს ყელის გამოჭრით. შემდეგ შეიყვანა სააბაზანოში, ხელსაბანი აავსო წყლით და რამდენიმეჯერ სცადა მისი დახრჩობა, რა დროსაც მ. ა-მ თავი მიარტყა ხელსაბანის კიდეებს და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. სააბაზანოში ყოფნისას დ. ა-ა არაერთხელ გაარტყა ხელი დაზარალებულს სახის არეში, რაც დაზარალებულში ძლიერ ფიზიკურ ტკივილს იწვევდა და თან ეუბნებოდა, რომ მან თავადაც იცოდა, რომ ამ ყველაფერს იმსახურებდა. მ. ა-მ დ. ა-ის ამ ქმედებებით, ხანგრძლივობით, ინტენსივობითა და ხასიათით, ასევე მისი უპრეცედენტო აგრესიით, დაუცველობის გრძნობით, ისევე როგორც დ. ა-ის ეჭვებით, იმდენად ძლიერი ფსიქიკური და მორალური ტანჯვა განიცადა, რომ ტანჯვის დასრულების მიზნით, აბაზანაში არსებული საპარსით სცადა ვენების გადაჭრა და თვითმკვლელობა.

1.2. დ. ა-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ პირადად არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ჩადენილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 20 მარტიდან 2021 წლის მაისის დასაწყისამდე, დ. ა-ი მ. ა-ს, რომელთან ერთადაც ამავე წლის მარტში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ მ. ა-ს აღარ სურდა მასთან კომუნიკაცია და ურთიერთობა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას როგორც ტელეფონის, ისე - სოციალური ქსელების მეშვეობით, სთხოვდა შერიგებას, მიუხედავად მ. ა-ს კატეგორიული უარისა, ინტერესდებოდა მისი პირადი ცხოვრებითა და ურთიერთობებით. 2021 წლის 19 მარტს მომხდარი ინტენსიური ძალადობის, დ. ა-ის მიმართ შიშის, მისი აგრესიულობის გათვალისწინებით, ვინაიდან მისი ქმედებები დაზარალებულში იწვევდა ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რის გამოც იყო მუდმივ დაძაბულობასა და სტრესში, მ. ა-უ გადავიდა დედასთან საცხოვრებლად, სურდა ,,ფეისბუკის“ ანგარიშის შეცვლა და მობილური ტელეფონის ნომრის გამოცვლა.

1.3. დ. ა-ა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 19 მარტს, თ-ი, ჭ-ის გამზირის N…-ში მდებარე, ბინა N..-ში, დ. ა-ი ინტენსიური ფიზიკური ძალადობის გამოყენების პარალელურად, მ. ა-ს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არაერთხელ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მისი უპრეცედენტო აგრესიის, დაუცველობის გრძნობის, დ. ა-ის პიროვნების გათვალისწინებით, მ. ა-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. დ. ა-ა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის მარტის დასაწყისიდან 2021 წლის 19 მარტამდე, დ. ა-ი მ. ა-უს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არაერთხელ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და სახის დასახიჩრებით იმის გამო, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრებთან და დ. ა-ის წარმოდგენით, უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, რასაც დაზარალებული ყოველ ჯერზე აღიქვამდა რეალურად და უჩნდებოდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.5. დ. ა-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის მარტის დასაწყისიდან 2021 წლის მაისის დასაწყისამდე, დ. ა-ი მ. ა-ს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, მოითხოვდა მორჩილებას, უკრძალავდა მამაკაცი მეგობრების ყოლას, მამაკაცებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციას, მამრობითი სქესის მოსწავლეების აყვანას, უკონტროლებდა კონტაქტებს, სისტემატურად ეჭვიანობდა სხვადასხვა პირზე, რის გამოც სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თავს აგრძნობინებდა დამცირებულად, ითხოვდა მის მორჩილებას, ემუქრებოდა სახის დასახიჩრებით იმის გამო, რომ, მისი წარმოდგენით, უყვარდა სხვა ბიჭების ყურადღების ცენტრში ყოფნა. აღნიშნული ქმედებების გამო მ. ა-უ იმყოფებოდა მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში, თავს გრძნობდა დამცირებულად, რის გამოც განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

1.6. დ. ა-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით, სასტიკი მოპყრობითა და მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, გენდერის ნიშნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის მარტის დასაწყისიდან 2021 წლის 20 მარტამდე, დ. ა-ი მ. ა-ს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, მოითხოვდა მორჩილებას, უკრძალავდა მამაკაცი მეგობრების ყოლას, მამაკაცებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციას, მამრობითი სქესის მოსწავლეების აყვანას, უკონტროლებდა კონტაქტებს, სისტემატურად ეჭვიანობდა სხვადასხვა პირზე, რის გამოც სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თავს აგრძნობინებდა დამცირებულად, ითხოვდა მის მორჩილებას და ემუქრებოდა სახის დასახიჩრებით იმის გამო, რომ, მისი წარმოდგენით, უყვარდა სხვა ბიჭების ყურადღების ცენტრში ყოფნა. 2021 წლის 19 მარტს, დაახლოებით 18:00 საათიდან 23:00 საათამდე დროის პერიოდში, უწყვეტად, ქ. თ-ი, ჭ-ის გამზირი, N..ში მდებარე, ბინა N..-ში, დ. ა-ა მ. ა-უ დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში გენდერის ნიშნით, დასჯისა და აღიარების მოპოვების მიზნით, უწყვეტად დაამცირა და გამოავლინა მის მიმართ ინტენსიური ფიზიკური ძალადობა.

მ. ა-მ დ. ა-ის უპრეცედენტო აგრესიით, დაუცველობის გრძნობით, ისევე როგორც დ. ა-ის ეჭვებით, იმდენად ძლიერი ფსიქიკური და მორალური ტანჯვა განიცადა, რომ ტანჯვის დასრულების მიზნით, აბაზანაში არსებული საპარსით სცადა ვენების გადაჭრა და თვითმკვლელობა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 იანვრის განაჩენით:

დ. ა-ი, - დაბადებული ... წლის .... აპრილს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 19 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის მარტის თვის დასაწყისიდან 2021 წლის 19 მარტამდე ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის წარდგენილ ბრალდებებში;

დ. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე;

დ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და ჯარიმა - 2 000 ლარი;

დ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

დ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და ჯარიმა - 2 000 ლარი;

დ. ა-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 9 მაისიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განაჩენით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის, მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერსების დამცველი ადვოკატების - გ. ყ-ა და ტ. კ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 იანვრის განაჩენი:

დ. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 19 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის მარტის თვის დასაწყისიდან 2021 წლის 19 მარტამდე ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის წარდგენილ ბრალდებებში.

დ. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

დ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და ჯარიმა - 2 000 ლარი.

დ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

დ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2 000 ლარი.

დ. ა-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 9 მაისიდან.

4. კასატორმა - თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, დ. ა-ის დამნაშავედ ცნობა ყველა ბრალად წარდგენილ ქმედებაში (გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გაზიარებით) და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამისი სასჯელის დანიშვნა.

4.1. კასატორი უთითებს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება დ. ა-ის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება. მ. ა-ს ჩვენებას ამყარებს საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებები, მათ შორის - მოწმე ა. ფ-ის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნები, ფოტო-ვიდეომასალა, სოციალური ქსელის დათვალიერების ოქმი. გენდერული დისკრიმინაციის მოტივი ყველა დანაშაულში იკვეთება. როგორც მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, დ. ა-ი დაზარალებულს მარტო არსად უშვებდა და ყველგან თავად დაჰყვებოდა, ექცეოდა როგორც საკუთრებას. წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით აგრეთვე გამოკვეთილია სიცოცხლის მოსპობის მუქარაც, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად. წამების შემადგენლობა იარსებებდა მუქარის გარეშეც, თუმცა მუქარა ბრალდების მხარის მოსაზრებით, დამატებით კვალიფიკაციას მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული გარემოება საბოლოო სასჯელზე გავლენას არ ახდენს.

5. კასატორებმა - ადვოკატებმა გ. ყ-მ და ტ. კ-ა მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, დ. ა-ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111,115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ნაწილში.

5.1. კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ უკანონოდ არ გაიზიარა სასამართლოში დაკითხული მოწმეების - ი. ც-ის, ნ. მ-ის, კ. ა-ის ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დ. ა-ს ბრალადწარდგენილი ქმედებები არ ჩაუდენია. სინამდვილეში კონფლიქტი გამოიწვია თავად მ. ა-მ; მან პირველმა გაარტყა ხელი დ. ა-ს, რაც ხელისმოწერის ვადის გადაწევით იყო გამოწვეული. მეგობარი ა. გ-ია-ფ-ი მ-ს ურჩევდა, რომ დ. ა-ის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეეტანა, რადგან მის მიმართ თავიდანვე კეთილგანწყობილი არ იყო.

6. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

7. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ - ადვოკატებმა გ. ყ-მ და ტ. კ-ა წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც მოითხოვენ, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

8. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.

10. საქართველოს სსკ-ის 111,1441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111,115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული მსჯავრდების ნაწილი:

საკასაციო სასამართლო მსჯავრდების მოცემულ ნაწილში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და აღნიშნავს, რომ დ. ა-ის მიერ მ. ა-უს წამება, ადევნება და თვითმკვლელობამდე მიყვანა დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით; კერძოდ, დაზარალებული მ. ა-უ დეტალურად აღწერს ზემოხსენებულ ეპიზოდებს და კონკრეტულად ასახელებს ფაქტებს, თუ რაში გამოიხატა მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედებები. ამასთან, დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის რაიმე სახის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია და იგი ბრალდების მხარის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან თანხვდენილია.

დაზარალებულ მ. ა-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2021 წლის 19 მარტს დ. ა-ა მას უთხრა, რომ სიმართლე უნდა ეთქვა, რაზედაც მოწმემ უპასუხა, რომ არაფერი ჰქონდა სათქმელი. აღნიშნულზე დ. ა-ა განუცხადა, სხვანაირად დაელაპარაკებოდა. მ. ა-უ მიხვდა, რომ სიტუაცია დაიძაბა, რადგან არაფერი ჰქონდა სათქმელი და მაღაზიაში ჩასვლა მოიმიზეზა. საპასუხოდ, ბრალდებულმა კარი ჩაკეტა, ფანჯრებს ფარდები ჩამოაფარა, ქამარი აიღო და ხელების დაბმას ცდილობდა. სთხოვა, არ დაება და ისე ესაუბრათ. შემდეგ, ხელკეტი აიღო და იმიტაციას აკეთებდა, რომ სახეში დაარტყამდა, თუმცა არ დაურტყამს. ამის შემდეგ, დაიწყო მისი დახრჩობა - ჯერ ბალიში დაადო სახეზე, შემდეგ - ხელები მოუჭირა. მას თვალებში უბნელდებოდა და რამდენჯერმე გონება დაკარგა. როდესაც ძალიან ცუდად ხდებოდა, დ-ოს ეუბნებოდა, რომ ეტყოდა, რაც აინტერესებდა, ოღონდ თავი დაენებებინა. ეშინოდა სიკვდილის და ცდილობდა მშვიდად დალაპარაკებოდა. ძალა რომ მოიკრიბა, კარისკენ გაიქცა, გააღო და ორჯერ დაიყვირა „მიშველეთო,“ თუმცა არავინ გამოვიდა. ბრალდებულმა დაიჭირა, პირზე ხელი ააფარა, კარი ჩაკეტა და კვლავ ბალიში დაადო სახეზე, რის გამოც იგუდებოდა. დ. ა-ი ეუბნებოდა, თუ სიმართლეს არ ეტყოდა, შემოაკვდებოდა და თუ საუბარი არ უნდოდა, მაშინ სხვანაირად დაელაპარაკებოდა. არ უნდოდა ისე მოქცეოდა, როგორც აპირებდა, მაგრამ თუ სიმართლეს არ ეტყოდა მოუწევდა ჩანაფიქრის განხორციელება. ბრალდებული კონკრეტულ პირს არ ასახელებდა თუ ვისზე ეჭვიანობდა, მას სთხოვდა დასახელებას. სავარძელზე იჯდა, როდესაც დ. ა-ა მაკრატელი აიღო, შემოატრიალა, ზემოდან დააწვა, თავი მოატრიალებინა (მოტეხვის იმიტაციას აკეთებდა), აგინებდა, ზურგზე შეახტა და დაემუქრა: „კისერს მოგტეხავ, ყელს გამოგჭრიო.“ სამჯერ გააკეთა იმიტაცია თითქოს მაკრატელს ყელში არჭობდა, თუმცა ჩერდებოდა და ამბობდა, რომ არ უნდოდა სისხლში ხელების გასვრა. შემდეგ, გაიყვანა აბაზანაში, წყლით აავსო პირსაბანი და ხუთჯერ ჩააყოფინა თავი წყალში, ვერ სუნთქავდა, იგუდებოდა, რაც დიდ ტკივილს აყენებდა. ცდილობდა თავის დაღწევას და თავს აქეთ-იქით აქნევდა, კაფელს ურტყამდა, რის გამოც ერთი კვირის განმავლობაში თავი და კისერი სტკიოდა. ვეღარ უძლებდა ტკივილს და უჟანგბადობას, რადგან პირი უშრებოდა, გონებას კარგავდა და ყველაფერი სტკიოდა. ბრალდებულს უთხრა, რომ შესაძლოა ორსულად ყოფილიყო და შეეწყვიტა მისი წამება, რაზეც დ-მ უპასუხა, რომ მისთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა. სხეულზე ბევრი სილურჯე ჰქონდა, ტკივილს ვეღარ უძლებდა და გადაწყვიტა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება. აიღო ,,ბრიტვა“ და თქვა, რომ ვენებს გადაიჭრიდა. ,,ბრიტვა“ დაისვა ხელზე, თუმცა დ. ა-ა გააჩერა, ,,ამას როგორ უკეთებ საკუთარ თავს, რატომ იკლავო“ და დაახლოებით ათჯერ შემოარტყა სახეში. შემდეგ დასცინოდა, რომ ასეთი დაზიანებით დიდხანს მოუწევდა სიკვდილის ლოდინი. ბრალებულმა სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ გამოხატა მოჩვენებითი სინანული, როდესაც მისი დაზიანებები დაინახა „ეს რა გავაკეთეო,“ წყალი შესთავაზა, ჰკითხა, ხომ არ სტკიოდა და სთხოვა თავიდან დაეწყოთ ყველაფერი, თუმცა შემდეგ დაამატა „ხომ იცი ამ ყველაფერს იმსახურებდიო.“ დ. ა-ს მიერ მისი წამება გაგრძელდა დაახლოებით ხუთ საათს.

ფაქტის შემდეგ დ. ა-ი და მისი ნათესავები უკავშირდებოდნენ ტელეფონზე, ეკითხებოდნენ მომხდარის შესახებ და ბოდიშს უხდიდნენ. ბრალდებულსა და მისი ოჯახის წევრებს უთხრა, რომ ჰპატიობდა ყველაფერს (უბრალოდ მისგან შორს უნდა ყოფილიყო, არანაირი კომუნიკაცია არ უნდა ჰქონოდა). თუმცა დ. ა-ი ერთი კვირის განმავლობაში მაინც ურეკავდა და ამბობდა, ეს რა გავაკეთეო. სთხოვდა, აღარ დაერეკა. დაახლოებით ორ კვირაში ბრალდებულმა გაუტეხა სოციალური ქსელი „ფეისბუკი.“ „მესენჯერში“ კითხულობდა შეტყობინებებს. დ. ა-ა მისწერა, რომ თავად იყო მის „ფეისბუკზე“ შესული, პაროლი შეცვალა და ახალი პაროლი დააყენა. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ბრალდებული თავს არ დაანებებდა და დახმარებისათვის პოლიციას მიმართა. გარეთ გასვლის ეშინოდა, რადგან მიმოწერებიდან გამომდინარე ფიქრობდა, რომ დ-ს ისევ ეჭვი გაუჩნდებოდა, სადმე დახვდებოდა და დაახრჩობდა. დ. ა-ის თავისუფლებაში ყოფნის პირობებში თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს, ვერ გაჩერდება საქართველოში, რადგან უმიზეზოდ იძალადა მასზე და არ არის დაზღვეული, რომ იმავეს არ გააკეთებს. დაზარალებულმა განაცხადა, რომ ბრალდებულს მისთვის თავი რომ დაენებებინა და აღარ ჰქონოდა მისი სოციალური ქსელის გატეხვის მცდელობა, პოლიციას არ მიმართავდა და მომხდარს ნამდვილად აპატიებდა.

დაზარალებულის ჩვენებას შეესაბამება მოწმის სახით დაკითხული ა. ფ-ი-გ-ას ჩვენება, რომლითაც დადგინდა, რომ მოწმეს შემთხვევიდან ორ დღეში, კერძოდ, 2021 წლის 21 მარტს, მ. ა-მ მისწერა და უთხრა, რომ დ. ა-ან იკამათა და სურდა მისი ნახვა. საღამოს მივიდა მ-ან, რომელსაც სახის არეში მცირე დაზიანება აღენიშნებოდა. მოწმემ ისაუბრა დაზარალებულის მიერ მისთვის გაცხადებულ ფაქტებზე, რომლებიც უკავშირდება 2021 წლის 19 მარტის მოვლენებს, მათ შორის - მ. ა-უს ფიზიკურ შეურაცხყოფასა და მის ხერხებს.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის - ინფორმაციის გამოთხოვისა და დათვალიერების ოქმებს, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადგენილია, რომ მ. ა-მ დ. ა-ის ქმედებებით განიცადა მორალური დამცირება და ფსიქოლოგიური ტანჯვა.

სხვა მტკიცებულებები, რომლებიც საეჭვოს გახდიდა ზემოხსენებულ ფაქტებს - საქმის მასლებში არ წარმოდგენილა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების რაიმე სახის საფუძველი.

11. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 19 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის მარტის დასაწყისიდან 2021 წლის 19 მარტამდე ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის წარდგენილი ბრალდებები:

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის მარტის დასაწყისიდან 2021 წლის 19 მარტამდე ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ხსენებულ ეპიზოდებში არ ყოფილა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა. მართალია, სასამართლო იზიარებს დაზარალებულ მ. ა-ს ჩვენებას და მასში ეჭვის შეტანის რაიმე სახის საფუძველი არ გააჩნია, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ მოცემულ ეპიზოდებზე მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს კონკრეტული ხასიათის დეტალებს და არის ზოგადი ხასიათის (2021 წლის 19 მარტამდე); ხოლო დაზარალებულის ჩვენების გარდა, ამ ეპიზოდებში არ ყოფილა წარმოდგენილი სხვა რაიმე სახის მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლივად, უტყუარად დაადასტურებდნენ ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილ ბრალდებებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მყარი, ზუსტი და თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას (2021 წლის 19 მარტის ეპიზოდი), საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში აგრეთვე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას; დ. ა-ს დაზარალებულ მ. ა-ს მიმართ 2021 წლის 19 მარტს ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით, ბრალდება წარედგინა: ოჯახის წევრის მიმართ მუქარითა (სსკ-ის 151-ე მუხლი) და წამებით (სსკ-ის 1441-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში დ. ა-ის მიერ 2021 წლის 19 მარტს ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარა დამატებით კვალიფიკაციას არ საჭიროებს, ვინაიდან აღნიშნულს მოიცავს წამების ეპიზოდი და იგი ხსენებული დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენდა (სხვა ქმედებებთან ერთობლივად).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ მართებულია დ. ა-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 19 მარტის ეპიზოდი), სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის მარტის დასაწყისიდან 2021 წლის 19 მარტამდე ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

12. რაც შეეხება გენდერული დისკრიმინაციის მოტივს, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი და სააპელაციო სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შინაარსის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ იკვეთება, რომ დ. ა-ი სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებების ჩადენის დროს მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენას ცდილობდა და რომ თითოეულ ეპიზოდში იგი აღნიშნული მოტივით ხელმძღვანელობდა.

13. ვინაიდან, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრებით საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი არ იკვეთება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძისა და მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ყ-ა და ტ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი