საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119003236671
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1279აპ.-22 23 მარტი, 2023 წელი
გ–ი ნ.,№1279აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. გ–ის, ასევე, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯ. მ–სა და კ. კ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. გ–ი (დაბადებული .... წლის 6 თებერვალს) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა ან შენიღბვა, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ე. მ–მა, ე. მ–მა და ნ. გ–მა განიზრახეს ფარულად დაუფლებოდნენ სხვის დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო შემდგომში მათთვის კანონიერი სახის მიცემის, წარმოშობის წყაროს, განთავსების, რეალური მესაკუთრის თუ მისი ნამდვილი ბუნების შენიღბვის მიზნით გადაწყვიტეს თანხების დანაწევრება და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, მათ მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა შექმნეს „.........ს ბანკისა“ და „...... ბანკის“ ყალბი სარეკლამო აპლიკაცია, რომელიც პერიოდულად რეკლამის სახით ჩნდებოდა სოციალურ ქსელ „ფ–ში“ და ავტორიზაციის შემთხვევაში მომხმარებელს სთავაზობდა სხვადასხვა სახის ჯილდოსა და მოგებას. აპლიკაციას მითითებული ჰქონდა შემდეგი ტექსტი „შედით თქვენ ანგარიშზე და მოიგეთ საჩუქრები, პირველი 20 კაცი მოიგებს „iPhone XS Max-ს“. აღნიშნული ტექსტის ქვემოთ მითითებული იყო უკანონოდ დამზადებული ე.წ. „ფიშერული“ ბმული, http://bank..........online.com/Login/. მომხმარებლები ბანკის ყალბ აპლიკაციაზე განხორციელებული ავტორიზაციით ავტომატურად გადამისამართდებოდნენ სპეციალურად შექმნილ „ფიშერულ“ პროგრამაზე, რომელიც იყო „.........ს ბანკისა“ და „.......ი ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის მსგავსი გვერდის იდენტური. მომხმარებლები მიჰყვებოდნენ ინსტრუქციას. სპეციალურად გამოყოფილ გრაფაში წერდნენ მათი ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელსა და პაროლს, რის შემდეგაც მონაცემები ავტომატურად იგზავნებოდა იმ პირთან, ვინც ავრცელებდა ფიშერულ პროგრამას და დაზარალებულების საბანკო ანგარიშებთან წვდომის შესაძლებლობა ჰქონდათ ნ. გ–ს, ე. მ–სა და ე. მ–ს. საბანკო ანგარიშებზე წვდომის შედეგად ე. მ–ი, ე. მ–ი და ნ. გ–ი ფარულად ახდენდნენ ფულადი თანხების გადარიცხვას პირველ ეტაპზე ნ. გ–ის ანგარიშზე, ხოლო შემდეგ მათი წარმომავლობის, რეალური მესაკუთრის, ნამდვილი ბუნების შენიღბვის მიზნით, დანაწევრებას და მათ მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე გადარიცხვას, რის შედეგადაც საბოლოოდ ნაღდი ანგარიშსწორებით გამოჰქონდათ ანგარიშებიდან.
2019 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 03:45 საათზე, „........ოს ბანკის“ კლიენტს მ. მ–ს სოციალურ ქსელ „facebook-ზე“ გამოუჩნდა სს “....... ბანკის“ სარეკლამო აპლიკაცია, რომელიც მასზე ავტორიზაციის შემთხვევაში სთავაზობდა გარკვეულ მოგებას. მ. მ–მ აპლიკაცია აღიქვა რეალურად და მასზე განხორციელებული წვდომის შედეგად კუთვნილ მობილურ ტელეფონზე 03:46 საათზე მიუვიდა შეტყობინება .......ოს ბანკის ნომრიდან - „......“, ოთხციფრიანი კოდით, ინტერნეტ ბანკში შესვლისთვის აუცილებელი ციფრების კომბინაცია. მობილურ ტელეფონზე მიღებული ციფრების კომბინაცია მ. მ–მ ჩაწერა სოციალური ქსელის ვებ.ბრაუზერის მეშვეობით გახსნილ ინტერნეტ ბანკის შესაბამის ველში, რის შემდეგაც მიუვიდა ახალი შეტყობინება, სადაც მითითებული იყო “....... ბანკის“ ანგარიშიდან 5000.00 ლარის გადარიცხვის შესახებ. ამის შემდეგ მ. მ–მ კვლავ მოახდინა ინტერნეტ ბანკში ავტორიზაცია და აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშიდან 5000 ლარი გადარიცხული იყო ვინმე ნ. გ–სთვის (N. G–V) შემდეგ საბანკო ანგარიშზე ...............
ანალოგიური სქემის გამოყენებით 2019 წლის 22 აპრილს “....... ბანკის“ კლიენტს ი. ჩ–ს „FACEBOOK-ზე“ გამოუჩნდა სს “....... ბანკის“ აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც გაიარა ავტორიზაცია, რის შემდეგაც მიიღო შეტყობინება, რომ მისი ანგარიშიდან ფიზიკური პირის - ნ. გ–სის ანალოგიურ ............... საბანკო ანგარიშზე გადარიცხული იყო 900 ლარი.
აგრძელებდნენ, რა დანაშაულებრივ საქმიანობას ე. მ–ს, ე. მ–სა და ნ. გ–ს მიერ ანალოგიური სქემის გამოყენებით, ასევე ნ. გ–ის საბანკო ანგარიშის გამოყენებით 2019 წლის 16-17 აპრილს დაუფლებულ იქნა სს „....... ბანკის“ კლიენტების: ვ. ქ–ს 3000 ლარი, მ. ხ–ს 6000 ლარი, გ. მ–ს 11800 ლარი და თ. ბ–ს 15870 ლარი.
ჯამურად ე. მ–მი, ე. მ–მი და ნ. გ–სი ფარულად დაეუფლნენ 42570 ლარს.
დაეუფლნენ რა ფარულად მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ე. მ–მა, ე. მ–მმა და ნ. გ–სმა განიზრახეს ერთის მხრივ კანონიერი სახე მიეცათ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ შეენიღბათ მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, განთავსება და რეალური მესაკუთრე. ამ მიზნით მ. მ–ის და ი. ჩ–სის კუთვნილი 5900 ლარიდან, 5250 ლარი სს „........ს ბანკში“ არსებული ა–ს მოქალაქის - ნ. გ–სის საბანკო ანგარიშიდან, ოთხ ტრანზაქციად გადარიცხეს სს „......ი ბანკში“ არსებულ ე. მ–მის მეუღლის, ს–ს მოქალაქე ქ. დ–ს საბანკო ანგარიშზე. ქ. დ–ას საბანკო ანგარიშიდან მათი ჩარიცხვისთანავე სრულად გადარიცხეს სს „........ ბანკის“ კლიენტის, მათივე მეგობრის - ე. ბ–ის საბანკო ანგარიშზე. ნ. გ–სის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხებიდან 6205 ლარი გადარიცხეს „............ის“ მომხმარებლის N......... ე. მ–მის ანგარიშზე, 19510 ლარი გადარიცხეს სს „...... ბანკის“ კლიენტის, მათივე მეგობრის - ო. ა–ს საბანკო ანგარიშზე იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი თანხას ნაღდი ანგარიშსწორებით გამოიტანდა ანგარიშიდან და დაუბრუნებდა ზემოაღნიშნულ პირებს. ანგარიშზე დარჩენილი 11247 ლარი დანაწევრებით გადარიცხეს ე. მ–ის ძმის - ე. მ–ის საბანკო ანგარიშზე. გადარიცხვები განხორციელდა „....... ფეის“ ინტერნეტ გვერდზე საბანკო ბარათის ნომრის გამოყენებით. აღნიშნული ქმედებით ე. მ–მმა, ე. მ–მმა და ნ. გ–მა მოახდინეს 41212 ლარის ლეგალიზება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განაჩენით ნ. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. გ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. კ–მა, რომლებმაც სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. გ–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.3. 2022 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. გ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. მ–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.4. 2022 წლის 1 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. კ–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, მსჯავრდებულ ნ. გ–ის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები.
4.2. კასატორის, მსჯავრდებულ ნ. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. მ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ნ. გ–ის ბრალეულობას. ამასთან, ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს ნ. გ–ი სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას იხდიდა .......ის ფედერაციაში და იზოლირებული იყო საზოგადოებისგან, რაც უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, შეუძლებელია მას მონაწილეობა მიეღო ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში. გარდა ამისა, დაზარალებულთა ჩვენებები არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. კასატორი ასევე უთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. პირდაპირი ჩვენება, რომელიც კვალიფიკაციისთვის საკვანძო საკითხთან მიმართებით უხვად შეიცავას წინააღმდეგობრივ განმარტებებს დაუშვებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობას ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. ასევე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად არსებობს ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის საჭიროება და მოსალოდნელი რისკების ხარისხი აშკარად გადაწონის თუ არა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებულ, პიროვნების ინდივიდუალური თავისუფლების უფლებას.
4.3. კასატორის, მსჯავრდებულ ნ. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ნ. გ–სი თავად არის მსხვერპლი, რადგან მოატყუეს და შეცდომაში შეიყვანეს. მას მეგობრულად სთხოვეს ბანკში ანგარიშის გახსნა და გამოართვეს როგორც ბანკის პლასტიკური ბარათი, ასევე, ინტერნეტ ბანკისათვის ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია. ამის შემდეგ ნ. გ–სი წავიდა ა–ში, საიდანაც დაბრუნდა ორი წლის შემდეგ. მან არ იცოდა რა მოხდა ს–ში და მისი გულუბრყვილობით როგორ ისარგებლეს ე. და ე. მ–ებმა. საქმეში არ მოიპოვება სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნ. გ–ის ბრალეულობას. წარმოდგენილია მხოლოდ ე. და ე. მ–ების ჩვენებები. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები და ისინი იძულებულნი იყვნენ დანაშაულის ჩადენაში ემხილათ ნ. გ–სი და ეთქვათ, რომ თითქოსდა ყველაფერი მისი თაოსნობით ხდებოდა. გამოძიებამ დღემდე ვერ დაადგინა ვინ დაგეგმა და განახორციელა დანაშაული, ვინაიდან პირები, რომლებმაც კომპიუტერის მოხმარებაც კი არ იციან ვერ ჩაიდენდნენ ამ დანაშაულს. გარდა ამისა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ე. და ე. მ–ები თანხებს ურიცხავდნენ ნ. გ–სს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრების დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. გ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პოზიციას ნ. გ–ის უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, კერძოდ: დაზარალებულებმა - მ. მ–მ, ი. ჩ–მ, ვ. ქ–მ, მ. ხ–მა, გ. მ–მა და თ. ბ–მ დაადასტურეს, რომ 2019 წლის 16-22 აპრილის პერიოდში სოციალურ ქსელ „.......-ზე“ მათ ნაწილს გამოუჩნდა სს “....... ბანკის“, ხოლო ნაწილს - სს „..... ბანკის“ აპლიკაცია, რომლითაც ირკვეოდა, რომ თამაშდებოდა მობილური ტელეფონი და პრიზის მისაღებად საჭირო იყო მითითებულ ბმულზე მხოლოდ ავტორიზაციის გავლა. მათ ბმულზე გაიარეს ავტორიზაცია, რის შემდეგაც მათ საბანკო ანგარიშებიდან დაუყოვნებლივ ჩამოეჭრათ ფულადი თანხები. მოგვიანებით გაარკვიეს, რომ მათი თანხები გადარიცხული იყო ვინმე ნ. გ–ის ანგარიშზე. დაზარალებულების ჩვენებები გამყარებულია სს „.........ს ბანკიდან“ და სს „...... ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციითა და მათი თანამშრომლების ჩვენებებით, რომელბმაც დაადასტურეს, რომ დაზარალებულების კუთვნილი თანხები მათი ანგარიშებიდან ჩამოჭრის შემდეგ ხვდებოდა ნ. გ–ის საბანკო ანგარიშზე, საიდანაც ნაწილ-ნაწილ ირიცხებოდა სხვადასხვა პირების, მათ შორის ქ. დ–ს, ე. ბ–ის, ო. ა–ს, ე. მ–ის საბანკო ანგარიშებსა და ე. მ–მის ,,..........თის“ ანგარიშზე, რის შემდეგაც თანხების გატანა ხდებოდა ნაღდი ფულის სახით. აღსანიშნავია, რომ ე. და ე. მ–ებმა დაადასტურეს, რომ მათ ნ. გ–სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაულები. მათ იცოდნენ, რომ ნ. გ–ის მიერ მიცემულ ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა მოპარულ, ე.წ. „შავ“ ფულს, რომელსაც შემდეგ კანონიერი სახის მიცემის მიზნით რიცხავდნენ სხვადასხვა პირების, მათ შორის საკუთარ ანგარიშებზე, ანაღდებდნენ და საბოლოოდ მათი კუთვნილი პროცენტის გამოკლებით კვლავ უბრუნებდნენ ნ. გ–ს ან მისგან იღებდნენ მითითებას, თუ ვის სახელზე უნდა გაგზავნილიყო ფულადი თანხები. ამასთან, როდის და რა ოდენობის თანხის დარიცხვა და გატანა უნდა მომხდარიყო ანგარიშიდან მათ ეუბნებოდა ნ. გ–ი. აღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს, რომ ნ. გ–ს საკმაოდ აქტიური როლი ჰქონდა დაზარალებულების კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და უკანონო გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის პროცედურებში.
5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ ნ. გ–მა საბანკო ანგარიშები ე. და ე. მ–ების თხოვნით გახსნა, მათ მიაწოდა ანგარიშებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია და შემდეგ დატოვა ს–ს ტერიტორია ისე, რომ მ–ების დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ არაფერი იცოდა და ისინი ნ. გ–სს დანაშაულის ჩადენაში ამხელენ მხოლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რაც გაამყარებდა კასატორთა პოზიციას და ეჭვქვეშ დააყენებდა ე. მ–ისა და ე. მ–ის ჩვენებებს. გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ე. მ–სა და ე. მ–ს ნ. გ–ის მიმართ ჰქონდათ რაიმე ინტერესი. მათ სასამართლოს მისცეს დეტალური და ამომწურავი ჩვენებები, რაც გამყარებულია სხვა არაერთი პირდაპირი მტკიცებულებით. შესაბამისად, არ არსებობს მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი.
5.6. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ნ. გ–ი არ იმყოფებოდა ს–ში და სხვა ქვეყანაში იხდიდა სასჯელს, რის გამოც იგი ამ დანაშაულებს ვერ ჩაიდენდა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ნ. გ–ს ბრალი ედება 2019 წლის აპრილში დანაშაულის ჩადენაში. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოსკოვის ოლქის კლიმოვსკის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის განაჩენით კი ირკვევა, რომ მას მსჯავრი დაედო 2019 წლის ივლისში ჩადენილი დანაშაულისთვის და მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა 2019 წლის 26 ივლისიდან, 2020 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდი. შესაბამისად, აღნიშნული არ გამორიცხავს 2019 წლის აპრილში ნ. გ–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას.
5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ. გ–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5.8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. გ–ის, ასევე, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯ. მ–სა და კ. კ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე